მე / შენ ქრისტე ხარ
პირველი მიძღვნა
ადრე მითხარი: „ზღაპარი ჰგავს სიზმარს, არალოგიკურს, არარსებული საგნებით, არსებებითა და მოვლენებით სავსეს, მაგრამ მხოლოდ გიჟი თუ ჩათვლიდა მათ არარსებულად“. მაშინ მოხუცი იყავი, თეთრი წვერი გშვენოდა და რატომღაც ცხოვრების გარშემო დაგროვილ კითხვებზე პასუხების გასაცემად მოგმართე, მაგრამ ეს ადრე იყო. დღეს ასაკით შენზე დიდი ვარ, თანაც შენ სქესი შეგიცვლია, ჰოდა, როლებიც გაიცვალა. შენ მოხვედი ჩემთან კითხვებზე პასუხის მისაღებად. დღეს მე იმავეს გეუბნები, რაც შენ მითხარი ადრე და იმავეს განიცდი, რასაც მე განვიცდიდი მაშინ, როცა შენ მპასუხობდი.
დღემდე მეგონა, რომ ჩვენ მხოლოდ მეორედ შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ნელ-ნელა უფრო მეტის გახსენება მოვახერხე და მას ზღაპრის ფორმას მივცემ. ისიც იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება, მე და შენ. მოკლედ, უხსოვარ დროს, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნიდა და გადაწყვიტა, მზისთვის მიეცა დედამიწის განაყოფიერების საშუალება, განიზრახა შეექმნა დრო, რომელიც ამ პლანეტისთვის და მასზე მყოფი ცოცხალი არსებებისთვის სამკაული უნდა ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ღმერთმა ადამი სამოთხიდან გაუშვა და მიანიჭა თავისუფლება, დრო თან გამოაყოლა, ის დაყო თორმეტ ნაწილად, ხოლო 12, თავის მხრივ, ოთხ რიგად გადააჯგუფა. ამის შემდეგ დრომ ადამიანის ტვინში მიიღო დენადი სახე და ადამიანს გაუჭირდა აღექვა ის, როგორც სამკაული. შეხედა რა ღმერთმა ადამიანს, აღმოაჩინა, რომ გათავისუფლებული და საკუთარი თავის განმკარგავი ადამი ტვირთად იღებდა იმას, რაც მხოლოდ სიამოვნების მიმნიჭებელი უნდა ყოფილიყო. მაშინ ღმერთმა გადაწყვიტა, თორმეტად დაყოფილი დროისთვის თორმეტი სხვადასხვა სხეული მიეცა და ისინი პერიოდულად გაეგზავნა დედამიწაზე თავის მოციქულებად და ადამიანებისთვის ოდენ ღვთიური სიტყვების მისატანად. დროის ერთ-ერთი ასეთი ცნობილი განსხეულება I საუკუნეში მოხდა, როდესაც ღმერთი თავად განსხეულდა და კაცად განხორციელდა, მან დროის თორმეტი მოციქული შემოიკრიბა, რომელთაგან ერთ-ერთმა შემდგომ გასცა. ეს იქცა დროის მორიგი ტრანსფორმაციის საფუძვლად. მას შემდეგ პერიოდულად ის თორმეტივეს აგზავნის დედამიწის სხვადასხვა წერტილში საჭიროებისამებრ. მე და შენ წასვლა-მოსვლის გრაფიკში უკვე სამჯერ შევხვდით ერთმანეთს. ერთხელ ვიყავით და-ძმა, მეორედ დედა-შვილი, მესამედ მოსწავლე-მასწავლებელი. ახლა მეოთხედ გვიწევს შეხვედრა. ამჯერად ჩვენ შორის კავშირი გაურკვეველია, თუმცა ეს მოხდა და არის არა ბედნიერი შემთხვევითობა, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილება. მე და შენ დროის პირველი სამეულიდან ვართ. ალბათ, მიხვდი ყველაფერს, რისი თქმაც მსურდა, მაგრამ თუ მაინც გაგიჩნდა კითხვები, იცი, სადაც მომძებნო. ჰოდა, მკითხე. სისულელე იქნებოდა, დრო არ გვაქვსო-მეთქვა. ჩვენ თვითონ ვართ ისინი, ვინც დროის სხეულს წარმოადგენენ.
ჰო, მართლა, ასე იყო ეს ამბავი. ხანდახან სიტყვები მიჟანგდება და ისინი ისე გადმოდიან, როგორც ათეულობით წელგამოვლილი, უძრავად კიდებული დაჟანგული ჭანჭიკები. რა შეგვიძლია ვთქვათ? არც არაფერი. ადამიანები მიისწრაფვიან ცოდნისკენ და არ იციან, რომ შემდეგ ყველაფერი უნდა დაივიწყონ. ჩვენი სხეული ბევრად დიდია, ვიდრე მოცემული არსებობით შემოფარგლული ხორცის ეს ნაჭრები, საკუთარ თავებს რომ ვეძახით. ჩვენი სხეული გაწოლილია ადამიდან უკანასკნელ ადამიანებამდე. სივრცე კი დაპყრობილიცაა და გადალახულიც. საათი გაჩერებულია და მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რომ დღეში 24 საათზე ბევრად მეტია. და ეს ჩვენი საათია, რომელშიც დავრჩებით მარადიულად... სხეულებს კი გამოვიცვლით როგორც ტანსაცმელს, მაგრამ ყოველთვის დავიბადებით იმ დღის 25-ე საათზე, როდესაც მზე ხელახალ ციკლში დააორსულებს დედამიწას.
მე
ტბის პირას... მე და მე
ყველაფერი მაშინ დაიწყო, იმ ტბის პირას, მე და მე რომ ვთევზაობდით. ანკესები წყალში გვქონდა ჩაყრილი და ვისხედით. წყლიდან მონაბერი სიგრილე გვსიამოვნებდა და მაშინ ორივე დარწმუნებული ვიყავით, რომ სამყარო მშვენიერია. ამის დღესაც ღრმად მწამს, მაგრამ მაშინ ეს უკანასკნელ უჯრედამდე დასული სიამოვნება იყო. სწორედ იმ ღამეს მოხდა ის უცნაურობა, მეს რომ დაემართა - მთვარეულივით ადგა და ტირილი დაიწყო... მოულოდნელად ატირდა მე, 22 წლის ასაკში ასეთი რამ კი სენტიმენტალურ ტიპებსაც არ ემართებათ, თუმცა მეს ეს სრულებით არ უშლიდა ხელს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ეტირა. ეტირა და მორჩა. უბრალოდ სიამოვნებდა ტირილი.
მეს ეგონა, რომ მე ვერ შევამჩნიე ეს, მეც არ შემიშლია ხელი, დაე, ეტირა გულამოსკვნილს. მეორე დღესაც არ მითქვამს, რომ ყველაფერი დავინახე. წარუმატებელი თევზაობის შემდეგ ქალაქში დავბრუნდით და ჩვენს ამოჩემებულ ბარს მივაშურეთ. თითო ყავაც დავლიეთ და სახლებში წავედით. სახლში მისულს ოთხი წერილი დამხვდა „ინბოქსში“, ერთი გამოეგზავნა უცნობ გოგონას, რომელიც რატომღაც თავს მახსენებდა რომელიღაც კონფერენციაზე მონაწილეობით, თუმცა მაინც ვერ გავიხსენე. კომპიუტერი გამოვრთე და ისევ ყავას მივუბრუნდი, თან ერთი ღერი სიგარეტი გამოვაძრე კოლოფიდან, რომელიც ნორმალურად არ გაიხსნა და თავი მოეხა, არადა მძაგს