განათლება და დეცენტრალიზაცია ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ განათლების სისტემის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე, მაგრამ რეალურ ნაბიჯებს იშვიათად ვდგამთ. გვახსოვს არაერთი ექსპერიმენტი, თუმცა ზოგმა არ გაამართლა, ზოგი არასაკმარისი აღმოჩნდა და ზოგიც საერთოდ თაროზე შემოიდო გაურკვეველი ვადით. როგორც წესი ფუნდამენტური რეფორმების დაწყების დროში მუდმივ გადადებას, ახლავს ერთი მუდმივი თავის გასამართლებელი მიზეზი - ძვირია.
რა თქმა უნდა განათლება ძვირია და არც დეცენტრალიზაციაა იაფი სიამოვნება, საერთოდ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ამაში არც გამონაკლისები ვართ, არც პირველები და არც უკანასკნელები. ისიც გასაგებია, რომ ეკონომიკა არ გვიწყობს ხელს, თუმცა ეს დაახლოებით ისეთივე წრეა, როგორც ქათამი თუ კვერცხი? ჯერ რომელი? ძალიან რთულია, როგორ გინდა ააშენო გამართული, კონკურენტუნარიანი და ძლიერი განათლების სისტემა, მიიღო რეალური თვითმმართველობები ქალაქებსა თუ სოფლებში, როცა ხელს არ გიწყობს ეკონომიკა და მეორეს მხრივ, როგორ გინდა შექმნა ძლიერი და მყარი ეკონომიკა, გაუნათლებელი და მუდმივად საიდანღაც შველის მომლოდინე ადამიანებით? აბა სად არის გამოსავალი? როგორც მინიმუმ გამოსავალი იმ რესურსების სწორ გამოყენებასა და გადანაწილებაშია, რომლებიც ამ წუთას გაქვს. აქვე რაკი გაჩნდებოდა კითხვა რა შუაშია ერთმანეთთან განათლება და დეცენტრალიზაცია, უფრო ცხადად დავაკავშირებ.
რეალურად თუ დააკვირდებით საქართველოში რეგიონებიდან თბილისისკენ მიგრაციის მთავარი წყარო არის არა სამუშაო ადგილების ძიება, არამედ განათლება და კულტურა. მე თელაველი ვარ და შემიძლია სრული პასუხისგებლობით გითხრათ რომ განათლებაზე ორიენტირებულ, ყველაზე აქტიურ ახალგაზრდებს, ყოველ წელს თელავი თბილისისკენ ისტუმრებს და იქიდან ძალიან ცოტა ბრუნდება უკან.
იგივე ხდება თითქმის ყველა სხვა რეგიონიდანაც. რატომ? იმიტომ რომ ჯერ თბილისში უნივერსიტეტებშიც არ არის საჭირო დონის განათლება, მით უმეტეს რეგიონულ უნივერსიტეტებში. ეს ბავშვები ამთავრებენ თბილისში და აღარ ბრუნდებიან უკან, რადგან როგორც წესი სამსახურს იქ იწყებ, სადაც შენი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება, ამ ურთიერთობების დიდი ნაწილი კი სწორედ სტუდენტობის პერიოდში ფორმირდება, შესაბამისად იმ სივრცესთან ინტეგრირდები და უკან დაბრუნებაც აღარ გინდა.
ეს ბუნებრივია. შესაბამისად სულ უფრო იფიტება რეგიონები ყველაზე აქტიური, ენერგიული და განათლებაზე ორიენტირებული კადრებისგან და დროთა განმავლობაში სულ უფრო რთული ხდება რეალური თვითმმართველობების ფორმირება ადგილებზე. მეორეს მხრივ რეგიონებს შორის არ არსებობს კულტურული მიმოცვლა, პრაქტიკულად მეგრელი კახეთში, კახელი იმერეთში, იმერელი აჭარაში, აჭარელი სვანეთში და ა.შ. მხოლოდ რამდენიმე დღიანი ექსკურსიით თუ ჩავა. ეს კლავს კულტურას, რადგან კულტურა ვერასოდეს განვითარდება ერთფეროვან ჩაკეტილობაში და რეგიონებში ცხოვრება სულ უფრო მდორე და მკვდარი ხდება, საკუთარ თავში იხარშება. შესაბამისად ამ ყველაფერს კულტურული განუვითარებლობაც ემატება, რაც კიდევ უფრო აუცხოებს სხვადასხვა კუთხის ქართველებს და ნელ-ნელა ქვეყანაში მდგომარეობა კულტურული მრავალფეროვნებიდან, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარ საუნჯედ შეიძლება მივიჩნიოთ, დაძაბულობისა და კულტურული გაუგებრობების კერებად ყალიბდება.
დღეს ეს პროცესი თვალნათლივ არ ჩანს, მაგრამ სულ უფრო ხშირად შეხვდებით ურბანული ფაშიზმის გამოვლინებებს რეგიონებში, რომ არაფერი ვთქვათ ქსენოფობიის მომძლავრებას, რელიგიურ შეუწყნარებლობასა და სხვა საშიშ ფობიებზე.
რა შეიძლება რომ გაკეთდეს? დღეს უნივერსიტეტების დიდი ნაწილი აბიტურიენტს სთავაზობს პროფესიათა საკმაოდ დიდ სპექტრს, მაგრამ რეალურად თითქმის ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს საქართველოში ადეკვატური ხარისხის, კონკურენტუნარიანი განათლების მიცემას სტუდენტისთვის. ბუნებრივია უნივერსიტეტი უპირველეს ყოვლისა პედაგოგები და სტუდენტებია და არა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა და ვერაფრით მოახერხებს, რომ ყველა უნივერსიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა პროფესია თანაბარი ხარისხით ასწავლოს, უცხო ქვეყნებიდან კარგი კადრების მოწვევა კი უბრალოდ არ შეგვიძლია, რადგან ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი კიდევ მრავალი წლის მანძილზე არ გვექნება.
ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა უნივერსიტეტების სეგმენტიზაცია, თითო უნივერსიტეტის თითო ფაკულტეტზე კონცენტრაცია, რაც მიგრაციულ ნაკადებს ბუნებრივ ცვლაში გაუშვებდა არა უკვე ერთ კონკრეტულ წერტილში, თბილისში, არამედ სტუდენტის ინტერესიდან გამომდინარე. შესაბამისად, რეგიონები სწრაფად დაიწყებდნენ საკადრო დეფიციტების შევსებას, თითოეული რეგიონი მიიღებდა ახალ კულტურულ იმპულსს. ეს ყველაფერი არ საჭიროებს დიდ ფინანსურ დანახარჯებს, რადგან რეგიონებში ყველა უნივერსიტეტს აქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება და სტიმულის მიცემა ამ მოძრაობისთვის. ეს არამარტო ცოდნის დონეს აწევდა ქვეყანაში, არამედ ქვეყნის თანაბარ განვითარებას შეუწყობდა ხელს. უამრავი რესურსი, რომლებსაც უნივერსიტეტები ხარჯავენ იმაში, რომ ნამდვილი განათლების ნაცვლად შექმნან ასობით მიმართულებით განათლების იმიტაცია, დაიზოგებოდა და მოხმარდებოდა იმ მიმართულებას, რომელშიც მართლა აქვს ამის ადამიანური რესურსი. ეს ყველაფერი კი გააცოცხლებდა რეგიონებში ჩამკვდარ სიცოცხლეს, აამოძრავებდა ადამიანებს და გაცილებით სწრაფად განვითარდებოდა ქვეყანაც.