ცხოვრების ისრები
“ყველასთვის ბრუნავს ცხოვრების ისარი - ზოგი გრძელი, ზოგიც მოკლე. მაგრამ არავინ იცის მას რა ბედი ატრიალებს. ამის გაგება მხოლოდ ბოლოს შეიძლება...” - მაგარი სიბრძნე ვთქვი, არა? თუმცა შეიძლება არის კიდეც. მე კი ვიცი ჩემთვის რა ცხოვრების ისარი ტრიალებს, მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობის 95% აზრზე არ იქნება. თქვენ? თქვენ თუ იცით, რა ცხოვრების ისარი გიტრიალებთ? პირადად ჩემთვის ცხოვრება დიდი პანღურია, რომელიც დღიდან ღამეში, ღამიდან დღეში დაგახტუნებს და შენც იძულებული ხარ ღამე იძინო, ხოლო დილით გაიღვიძო. პრიმიტიულია. სიტყვა “სიცოცხლე” ჭეშმარიტი განმარტების მიხედვით ჭამა, სმას და ძილს ნიშნავს. დანარჩენი წვრილმანები, მაგალითად სწავლა და მუშაობა, მხოლოდ ცხოვრების აქსესუარებია.
ერთხელ ღამის კლუბში, ელექტრო მუსიკაზე, მეწყვილეს ქართული ხალხური ცეკვა ვეცეკვე; შარშან კალათბურთის თამაშს თავი ვანებე, რადგან საბოლოოდ დავრწმუნდი, სპორტში არ ვარგივარ; ბავშვობაში ცეკვაზე შემიყვანეს მშობლებმა - ყველაზე საშინელი მოგონება: ჩასიებულ ბარძაყებზე მოტმასნილი შავი რეიტუზი, სიმწრით ამოცმული სამუხლეები და მასწავლებლის მწარე ჯოხი... კარატეზე მხოლოდ ერთი გაკვეთილი ვიარე. როცა მივხვდი “ია-უას” ძახილი და მუშტებზე აზიდვების კეთება ჩემი საქმე არ იყო, ამ სპორტზეც ჩავიქნიე ხელი. მეექვსე კლასიდან მეათე კლასამდე ცურვაზე დავდიოდი. ისე გავსუქდი, ისე გავსუქდი, მაშინ აკრეფილი წონა დღემდე თან მსდევს (რა თქმა უნდა, ჩემს ჩაპუტკუნებაში ჩემს უტკბეს ბებიასაც ედება ბრალი თავისი მრავალნაოჭიანი ხინკლებითა და ფუმფულა, დაბრაწული ხაჭაპურებით). ერთი ფეხბურთზე არ მივლია.
ამის შემდეგ რაღა გასაკვირი უნდა იყოს ჩემი უარი მშობლის ვედრებაზე, შვილო, რამე სპორტზე იარე, თორემ შემოგახმა სახლის კედლებიო?! არ ვარგივარ სპორტში! სკოლა ჩემი მტკივნეული წერტილია. ჯობია ამაზე არ ვილაპარაკო, თორემ ხასიათი გამოუსწორებლად მიფუჭდება ხოლმე. ათოსანი არ ვარ. ათოსანი ვიყავი. არც ოროსანი ვარ. სამაგიეროდ, ხშირად ვიღებ სამებს, ხუთებს, ექვსებს და რვებს. სიზარმაცემ დამატყვევა, ჩემზე ჯვარი დაიწერა. გაყრა ვცადე, მაგრამ არ მცილდება. ამ ბოლო დროს ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი, ოცნებაც კი დავიწყე. ნაჭრის დივანზე წამოგორებული ხშირად ვოცნებობ სამ სართულიან სახლებზე და ძვირფას ავტომობილებზე. ზოგჯერ მშობლებსაც ვუზიარებ ჩემს სამომავლო “გეგმებს”. მამა სიცილით მეუბნება ხოლმე, ტყავის დივანზე გადაწექი და ასეთ ღირშესანიშნაობებზე იქ იოცნებე, რადგან ნაჭერი იაფი მატერიააო. უკვე ასეც ვიქცევი: ნაჭრის დივანზე შედარებით იაფფასიან საგნებზე ვოცნებობ, ხოლო ოცნება, რომელიც მილიონზე მეტი ღირს - ძვირფას ტყავის სავარძელში.
კარგ ტიპად ჩავითვლებოდი სიგარეტს რომ ვეწეოდე, არყის პლასტმასა ჭიქებიდან ძმაკაცებს დედმამიშვილებს ვულოცავდე და ყოველ კვირას ქალებში დავდიოდე... კაი ტიპობა მერე იყოს, მშობლები მარტო რომ გამიშვებენ ზღვაზე დასასვენებლად.
დღეს შაბათია. უამრავი დრო მაქვს. დამიჯერეთ, ჩემზე მეტი თავისუფალი დრო დედამიწის ზურგზე არავის აქვს. გინდათ გასესხოთ?.. ამ საღამოს მეტისმეტად ბევრ სიბრძნეს ვაფრქვევ. მეშინია, ნაადრევად არ დამწამონ ფილოსოფოსობა.