ლინდა -რაზე ფიქრობ?
-აზრი რომ ქონდეს გეტყოდი, მაგრამ.. _ლინდამ ფეხი სავარძლიდან ქვევით ჩამოაცურა, ფანჯარას ოდნავ ჩაუწია და სიგარეტს მოუკიდა.
-აზრი ყველაფერს აქვს. მხოლოდ შედეგი შეიძლება არ მოყვეს ზოგიერთ რამეს.
-როგორ ფიქრობ, კარგად მიცნობ? _ ღიმილით შემომხედა.
-კი. პირველივე დღეს, როდესაც ხელი ჩამოგართვი და თვალებში ჩაგხედე უკვე საკმარისად გიცნობდი.
-შეიძლება როდესმე შეგიყვარდე?
-უკვე რა ხანია მიყვარხარ.
-როგორც ქალი?
-ძნელი სათქმელია, რაც უფრო მეტი დრო გადის ვრწმუნდები, რომ ალბათ აღარავინ შემიყვარდება ისე, როგორც შენ მკითხე.
-როდესმე დაწერ ჩემზე?
-წინასწარ არასოდეს ვიცი რაზე, ან ვისზე დავწერ.. რაღაც გამახსენდა წერაზე, გინდა მოგიყვე?
-საინტერესოა? _ლინდამ სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო, ფეხები მოკეცა და ჩემკენ შემობრუნდა.
-ერთი გოგო ცხოვრობდა ჩემს მეზობლად, ძალიან ლამაზი იყო, უბანში, ყველა ბიჭს მოსწონდა, მათ შორის მეც. ყურადღებას არ მაქცევდა,მგონი ვეზიზღებოდი კიდეც. ცოტა ხნის წინ შემთხვევით ვნახე ბარში, ისე გადამეხვია გავოცდი, წასვლის წინ ტელეფონის ნომერიც გამომართვა.
-რა ერქვა?
-ნატა.
-არ არის საინტერესო, პირდაპირ ფინალზე გადადი.
-კარგი, იმ საღამოს, წასვლის წინ, თვალები დახუჭა, მაკოცა, ჯერ ფრთხილად, მერე ვნებიანად, შემდეგ კიდევ უფრო.. ბოლოს ერთბაშად უკან გაიწია, ტუჩებზე თითები ძლიერად მოისვა,თან ცდილობდა ზიზღის გამომეტყველება დაეფარა და ბოლოს მითხრა -ამ კოცნას ადრეც იმსახურებდი._და კიდევ უფრო ბოლოს, წასვლის წინ.-თუ როდესმე დაწერ ჩემზე, აუცილებლად წამაკითხე...
-მერე დაწერე რამე?
-მეგონა გაგეცინებოდა. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ არავინ მექცევა ისე როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და მეც ამიტომ არ შემიძლია ვიყო ჩვეულებრივი.
>>>
-გუშინ ვფიქრობდი. იცი? მგონი არ მიყვარხარ, მეც შენსავით ვარ.
-სასიამოვნოა, ასე გაცილებით ადვილია ყველაფერი._საზურგე გადავწიე.
სიგარეტს მოვუკიდე და ბოლომდე მოვეშვი.
-ალბათ იმიტომ, რომ შენ არასდროს შეგიყვარდები.
-ნამდვილი გრძნობის დროს არ მოქმედებს უკუპრინციპი, თუ გეყვარებოდი არაფერს ექნებოდა მნიშვნელობა, მაგრამ მთავარი ახლა ის არის, რომ ჩვენ თანაბარი მხარეები ვართ ამ კუთხით და ეს უკვე ძალიან კარგია.
-კიდევ იცი რა?! თუ არ გიყვარვარ, რატომ ? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დამირეკავს, ვის შევხვდები ან..
-მამაკაცებში, განსაკუთრებით ქართველებში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსების ხელშეუხებლობაა. ამ შემთხვევაში შენ ჩემი ღირსება ხარ იქამდე, სანამ ერთმანეთს ვხვდებით და როდესაც გაკონტროლებ, ქვეცნობიერში არსებული პრინციპები უნებლიეთ მოქმედებენ.
-არ მომწონს, რომ მაკონტროლებ შენი საცოლე ხომ არ ვარ.
>>>
-მომენატრე. _ლინდა ორივე ხელით, მთელი ძალით მომეხვია. _კიდევ რაღაც უნდა გითხრა.
-მითხარი.
-მიყვარხარ.
-..?
-არა, მე ეს უბრალოდ გითხარი, ვიცი რომ სერიოზული ურთიერთობა არასოდეს გვექნება, ნუ დარდობ, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, რომ ასეა და გუშინ ვიცრუე. შენ არ მოგენატრე?
-არ დავფიქრებულვარ ამაზე, ბევრი საქმე მქონდა.
-შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ყველაფერი სულერთია შენთვის და ამასთან ერთად ყველაფერი ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის.
-ვერაფერი გავიგე, მაგრამ გმადლობ იმისთვის, რომ ფიქრობ კარგი ადამიანი ვარ. შენ ჩემზე გაცილებით უკეთესი ხარ.
-რით?
-სხვა დროს ვისაუბროთ.
>>>
-სამი კვირით, მივლინებით მგზავნიან ფინეთში._ლინდას ხმის ტემბრი არ იყო ისეთი მყარი როგორიც ადრე.
- მართლა?! სად მუშაობ?
-სადაზღვევო...
-ა, ჰო, გამახსენდა, ადრეც ხომ მითხარი. (რა სულელია, ვერასდროს ახერებს ტყუილს)
- არ შეიძლება რომ უარი თქვა?
-არა, გადაწყვეტილია,
-ანუ ყველაფერი დავამთავროთ?
-არა.
-..?
-მაგრამ უნდა წავიდე.
-კარგი, თუ გინდა გამოსამშვიდობებელ ზღაპარს მოგიყვები.
-საინტერესოა?
-არ ვიცი.
-მაშინ მომიყევი._ლინდამ ფეხები მოკეცა და სიგარეტს მოუკიდა.
-არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ პატარა ქვეყანაში ულამაზესი გოგო ცხოვრობდა..
-რა ერქვა?
-ლინდა.
-არ არის საინტერესო პირდაპირ ფინალზე გადადი.
-ლინდას, ,აღარასდროს უნახავს ბიჭი, რომელიც ეგონა, რომ მისი ერთადერთი სიყვარული იყო. წაბლისფერი კულულები შეიჭრა და ქერადშეღებილი, მოკლე თმით ხშირად შეამჩნევთ ევროპის ერთ-ერთ უფერულ ქალაქში მოხუცი საქმოსანის გვერდით მოწყენილს...