პროლოგი იორკი, 1847 წელი.
– მეშინია, – წაიჩურჩულა საწოლზე ჩამომჯდარმა პატარა გოგონამ, – ბაბუ, შეგიძლია ჩემთან დარჩე?
ალოიზიუს სტარკვეზერმა მოუთმენლად ამოიოხრა, საწოლთან სკამი მიაჩოჩა და ჩამოჯდა. ეს ამოოხვრა მხოლოდ მისი სერიოზული იმიჯის შემადგენელი ნაწილი იყო. სინამდვილეში ძალიან სიამოვნებდა, შვილიშვილი ასე რომ ენდობოდა და ხშირად მხოლოდ ის ახერხებდა გოგონას დამშვიდებას. მიუხედავად ფაქიზი ბუნებისა, კაცის უკმეხი ქცევები გოგონას არასოდეს აწუხებდა.
– საშიში არაფერია, ადელ, – დაუყვავა კაცმა, – თვითონ ნახავ.
გოგონამ თავისი დიდრონი თვალებით შეხედა. ჩვეულებრივ, პირველი რუნების დატანის ცერემონიალი იორკის ინსტიტუტის ერთ-ერთ დიდებულ დარბაზში ტარდებოდა ხოლმე, მაგრამ ადელის სუსტი ნერვებისა და ჯანმრთელობის გამო შეთანხმდნენ, რომ ამის გაკეთება მის საძინებელში უფრო უსაფრთხო იქნებოდა. გოგონა წელგამართული იჯდა საწოლის კიდეზე. ცერემონიალისთვის განკუთვნილი წითელი კაბა ეცვა, მშვენიერი ოქროსფერი თმა უკან ისეთივე წითელი ლენტით შეეკრა. გამხდარ სახეზე თვალები უზარმაზარი მოუჩანდა, წვრილი მკლავები ჰქონდა. მასში ყველაფერს ფაიფურის ფინჯნის სისათუთე და იოლად მსხვრევადობა ეტყობოდა.
– მდუმარე ძმები... – დაიწყო გოგონამ, – რას გამიკეთებენ?
– მკლავი მომეცი, – უთხრა კაცმა და ადელმაც ნდობით გაუწოდა მარჯვენა ხელი. ალოიზიუსმა ხელი ამოუბრუნა და კანქვეშ ძარღვების ფერმკრთალი ცისფერი ნაკვალევები შეამჩნია, – ისინი თავიანთი სტელების გამოყენებით – ხომ იცი, რა არის სტელა – ნიშანს დაგადებენ. ჩვეულებრივ, ხედვის რუნით იწყებენ ხოლმე, რომელიც უკვე იცი გაკვეთილებიდან, მაგრამ შენს შემთხვევაში სიძლიერის მიმნიჭებელი რუნით დაიწყებენ.
– იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი არ ვარ.
– იმიტომ, რომ სხეულის აგებულება განგიმტკიცოს.
– როგორც საქონლის ხორცის ბულიონმა, – ცხვირი აიბზუა ადელმა.
კაცმა გაიცინა.
– იმედია, ეგეთი უსიამოვნო არ იქნება. მსუბუქ ჩხვლეტას იგრძნობ, ამიტომ სიმამაცე უნდა გამოიჩინო და არ იტირო, რადგან ლანდმონადირეები ტკივილის გამო არ ტირიან. ჩხვლეტის შეგრძნება რომ გაივლის, თავს ბევრად უკეთესად და ძლიერად იგრძნობ. ამასობაში ცერემონიალიც დამთავრდება და ყველანი ქვედა სართულზე გადავინაცვლებთ, სადაც ამ ამბის აღსანიშნავად მოსარკული ნამცხვრები დაგვხვდება.
ადელმა ქუსლები დააბაკუნა:
– და წვეულება!
– დიახ, წვეულება. და საჩუქრებიც, – ალოიზიუსმა ხელი მიიტყაპუნა ჯიბეზე, რომელშიც ლამაზ ლურჯ ქაღალდში გახვეული პატარა ზარდახშა ჰქონდა ჩამალული, მასში კი კიდევ უფრო ციცქნა საგვარეულო ბეჭედი ინახებოდა, – ერთი საჩუქარი შენთვის აი, აქ მაქვს. მაშინვე მიიღებ, როგორც კი ნიშნის დადების ცერემონიალი დამთავრდება.
– აქამდე წვეულება არასოდეს მქონია!
– ეს იმის აღსანიშნავადაა, რომ ლანდმონადირე ხდები, – უპასუხა ალოიზიუსმა, – ხომ იცი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პირველი რუნები იმის ნიშანია, რომ შენც ნეფილიმი ხარ, ისევე, როგორც მე, როგორც დედაშენი და მამაშენი. ეს ნიშნავს, რომ ანკლავის ნაწილი ხარ. ჩვენი მეომარი ოჯახის ნაწილი. ყველასგან განსხვავებული და ყველაზე კარგი.
– ყველაზე კარგი, – ნელა გაიმეორა გოგონამ.
საძინებლის კარი გაიღო და ოთახში მდუმარე ძმები შემოვიდნენ. ალოიზიუსმა ადელის თვალებში გამკრთალი შიშის ნაპერწკალი დაიჭირა. გოგონამ მისი ხელიდან მკლავი გასწია. კაცი მოიღუშა – არ უყვარდა შთამომავლებში შიშის დანახვა, თუმცა ვერც იმას უარყოფდა, რომ მდუმარე ძმების სიჩუმე და მათთვის დამახასიათებელი სრიალა მოძრაობები მისტიკურ შიშს იწვევდა. მდუმარე ძმები საწოლს ადელის მხრიდან რომ მიუახლოვდნენ, ოთახის კარი ისევ გაიღო და გოგონას მშობლები შემოვიდნენ; მამამისი – ალოიზიუსის ვაჟი ალისფერ სამოსში და მისი ცოლი წითელ კაბაში, რომელიც თეძოებთან ზარისებურად ფართოვდებოდა, ოქროს ყელსაბამზე კი რუნა „ენკელი“ ეკიდა. მშობლებმა ქალიშვილს გაუღიმეს და მანაც, აკანკალებულმა, ღიმილითვე უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ გარს მდუმარე ძმები ეხვივნენ.
– ადელ ლუსინდა სტარკვეზერ, – გაისმა გონებაში პირველი მდუმარე ძმის, ძმა სიმონის ხმა, – ახლა უკვე შესაფერისი ასაკისა ხარ. დროა ანგელოზის პირველი რუნები გებოძოს. აცნობიერებ თუ არა იმ პატივს, რაც მოგეგება და გააკეთებ თუ არა ყველაფერს, რაც შენს ძალებს არ აღემატება, რათა მისი ღირსი იყო?
ადელმა მორჩილად დაუქნია თავი:
– დიახ.
– აღიარებ თუ არა ანგელოზის ამ ნიშნებს, რომლებიც სამუდამოდ დაგრჩება სხეულზე, როგორც შემახსენებელი ყოველივე იმისა, რაც ანგელოზის წინაშე გმართებს, ასევე მსოფლიოს წინაშე საკუთარი წმინდა მოვალეობისა?
ადელმა ისევ მორჩილად დაუქნია თავი. ალოიზიუსს გული სიამაყით გაებერა.
– დიახ, ვაღიარებ მათ, – თქვა გოგონამ.
– მაშინ ვიწყებთ.
სტელამ, რომელიც მდუმარე ძმას გრძელი, თეთრი თითებით ჩაებღუჯა, გაელვებით გაიწია წინ. ძმა სიმონმა ადელის მთრთოლარე მკლავი აიღო, სტელის თავი კანზე შეახო და ხატვა დაიწყო.
სტელის წვერიდან შავი ხაზები ჩახუჭუჭდა, ადელი გაოცებული ადევნებდა თვალს, როგორ იღებდა