წინასიტყვაობა
უკვე მრავალი წელია მწერალი ვარ და ადამიანები ხშირად მეკითხებიან, წიგნების წერისას შთაგონება ჩემივე სიზმრები ხომ არ არის. ყოველთვის ვპასუხობ, რომ ძალიან მინდა, ასე იყოს. ალბათ, სახალისოა, ნაწარმოების სიუჟეტი ამ გზით შექმნა – რაღაც დაგესიზმრება, დილით ადგები და სიზმარში ნანახს ფურცელზე გადაიტან.
სამწუხაროდ, ჩემი სიზმრები – თავისი ამბებითა და პერსონაჟებით – უშინაარსოა. მესიზმრება ხოლმე, თითქოს ყველა ერთად სურსათის მაღაზიაში ჩემ წინ გამწკრივებულა და ურიკები ნავაჭრით აქვთ გატენილი.
„ჯოჯოხეთური მექანიზმების“ დაწერის იდეა სრულიად უჩვეულო გახლავთ. ეს იყო არა სიზმარი, არამედ ზმანება. ლონდონში ვიყავი, ლანდმონადირეების ისტორიის პირველი წიგნის, „ძვლების ქალაქის“, სარეკლამო ტურნეში. გადავიარე ბლეკფრაიერის ხიდზე – ლამაზი, ძველი ხიდია ლონდონის სიტიში, მდინარე ტემზაზე. ღრუბლიანი, ნაცრისფერი დღე იდგა და ხიდი ნისლში გახვეულიყო. მოაჯირს დავეყრდენი და მდინარეს ჩავხედე. გავიფიქრე, უკვე რამდენი წელია ხიდი არსებობს და რამდენი რამის მომსწრე იქნებოდა. უეცრად გონებაში ამომიტივტივდა მუქთმიანი გოგოსა და ვიქტორიანული ეპოქის სამოსში გამოწყობილი ბიჭის სახეები, ისინი სწორედ ხიდზე წარმოვიდგინე; ასევე თვალწინ დამიდგა უცნაური, მექანიკური ურჩხულების მთელი არმია, სიბნელეში მიმალულები თავდასხმისთვის რომ ემზადებიან.
როცა შინ დავბრუნდი, დაძაბული და შთაგონებული ვიყავი. ნელ-ნელა ჩემ გონებაში ჩამოყალიბდა ტესას, ჯემისა და უილის ამბავი. მოქმედების ადგილად ლონდონის ინსტიტუტი ავირჩიე. ის ბლეკფრაიერის ხიდის სიახლოვეს უნდა ყოფილიყო, ასევე ხიდზეც განვითარდებოდა მნიშვნელოვანი მოვლენები. ლონდონში ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ (ვსარგებლობდი 1879 წლის რუკით, რის გამოც არაერთხელ დავიკარგე), გადავწყვიტე, ინსტიტუტი ყოფილიყო სენტ-ბრაიდის ეკლესიაში(სენტ-ბრაიდის ეკლესია (წმინდა პატარძლის სახელობის ეკლესია) – ბაროკოს სტილის ამ ნაგებობის გეგმა სერ კრისტოფერ უორენმა შეადგინა. ლონდონის სიტიში ეკლესია 1672 წელს ააგეს. ეკლესიის ნავს 1940 წელს გერმანელი ნაცისტების მიერ მოწყობილი საჰაერო თავდასხმებისას ბომბი დაეცა და ხანძარმა გაანადგურა. რეკონსტრუქცია 1953 წელს დაიწყო და ოთხი წლის შემდეგ დასრულდა. ), ფლიტ-სტრიტზე. უმშვენიერესი ეკლესიაა, რომელიც „ბლიცის“(„ბლიცი“ (ისტ.) – გერმანიის საჰაერო თავდასხმათა სერია ინგლისზე (მეორე მსოფლიო ომი, 1940 წლის აგვისტო-სექტემბერი).) დროს ხანძარმა გაანადგურა. მოქმედების ეპოქას რაც შეეხება, არჩევანი 1878 წელზე შევაჩერე, იმიტომ, რომ ეს იყო გარდამავალი დრო ძველი ინგლისიდან ახალ ინგლისზე: არსებობდა რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა, გაზის განათება ქუჩებში, კანალიზაციის ქსელი და იმავდროულად, წარსულის გრაციოზულობა და სილამაზე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. ვიფიქრე, შესანიშნავი ეპოქა იქნებოდა სამი ახალგაზრდის ამბის მოსაყოლად, რომლებმაც გაიგეს, ვინ არიან და რა შეუძლიათ. განსაკუთრებით ეს ეხება ახალგაზრდა გოგოს, რომელიც გარიგებით ქორწინებაზე მეტის – არაჩვეულებრივი სიყვარულის – ღირსია.
ღრმად ვარ დარწმუნებული, ისტორიული რომანები ყველაზე უფრო ახლოს დგას დროში მოგზაურობასთან. მინდოდა, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, თავი მეგრძნო „ჯოჯოხეთური მექანიზმების“ ეპოქაში, მესუნთქა იმდროინდელი ჰაერი, ამიტომ დავსახე გეგმა: ექვსი თვე ვკითხულობდი მხოლოდ შუა და გვიანდელი ვიქტორიანული ეპოქის შესახებ დაწერილ წიგნებს. ეს იყო კვლევა და იმავდროულად, შესაბამის ეპოქაში გადავარდნა. სულ მალე მანქანების ნაცვლად ცხენები და ეტლები მედგა თვალწინ, ვგრძნობდი მდინარე ტემზის სურნელსა და მესმოდა Bow Bells (სენტ მერი ლე ბოუ (St Mary-le-Bow) – ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკლესია ისტ-ენდში. აშენდა 1671-1680 წლებში სერ კრისტოფერ უორენის გეგმითა და ხელმძღვანელობით. წარსულში ნამდვილ კოკნიდ, ანუ ისტ-ენდელ ლონდონელად იმას მიიჩნევდნენ, ვინც ისეთ ადგილზე ცხოვრობდა, სადაც ეკლესიის სამრეკლოს ზარის ხმა ისმოდა. ზარის ხმა კი ეკლესიის გარშემო მხოლოდ ხუთი მილის რადიუსში ვრცელდება.)-ის რეკვა. მინდოდა ჩემს მკითხველებს ეგრძნოთ, რომ წარსული ხელმისაწვდომია; რომ გარდასული დროის პერსონაჟების ტკივილი და სიხარული ნამდვილი და რეალურია. ეს გახლდათ სიკვდილის იდეის აკვიატების ეპოქა, როდესაც ავადმყოფობები, რომლებიც დღეს ადვილად იკურნება, ფართოდ იყო მოდებული; ხოლო ჩვენთვის ამ დრომდე გაუგებარი სნეულებები დემონის გამხრწნელი შეხებით გამოწვეულ იდუმალებად მიიჩნეოდა. ლანდმონადირეების, დემონებზე მონადირეებისა და მაგიის გამომყენებლების ჩემი წარმოსახვით შექმნილმა სამყარომ ახალი სიღრმე შეიძინა და გამდიდრდა. შევქმენი პერსონაჟი, რომელიც მავედრებელ მოჩვენებებს ხედავს და მათ ესაუბრება; კიდევ სხვა პერსონაჟი, განწირული ახალგაზრდა, რომელიც დემონურმა დაავადებამ იმსხვერპლა – ისე, როგორც ტუბერკულოზით დაავადებულები იღუპებოდნენ პენიცილინის გამოგონებამდე, მიუხედავად იმისა, რომ თავდაუზოგავად ცდილობდნენ მათ გადარჩენას. ბრონტეების ოჯახიც, რომელმაც დაგვიტოვა „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ და „ჯეინ ეარი“, ტუბერკულოზმა შეიწირა. მათ მიმართ პატივისცემისა და ლიტერატურული ნაშრომებისთვის ხარკის გადახდის მიზნით ჩემს პერსონაჟს, ლონდონის ინსტიტუტის ხელძღვანელს, შარლოტ ბრენუელი ვუწოდე – და-ძმა ბრონტეების სახელები გავაერთიანე.
ეს ეპოქა მეტად რთული იყო იმ კუთხით, რომ, როგორც ლანდმონადირეების, ისე მიწიერთა სამყაროში, ქალს თავის დამკვიდრება უჭირდა. თუმცა შარლოტმა მაინც მოახერხა. ტესა, შარლოტი, სოფი და