I
- წავიდეთ, რა.
- სად მეპატიჟები? - ბათუმში.
- წავიდეთ, ტო! - დავეთანხმე თენგოს, რომელსაც მუდამ ვეთანხმებოდი. უცნაურია, მაგრამ არ მახსოვს, რამეზე მისთვის უარი მეთქვას.
- დღესვე მივდივართ, ხომ იცი?! -დღესვე? -კითხვა ისე ხმამაღლა დავსვი, კინაღამ გამვლელებმა მიპასუხეს,-დღესვე არ გამოვა. ეს ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც მე თენგოს რაღაცაში წინააღმდეგობას ვუწევდი, ანუ საწინააღმდეგო აზრი მქონდა. თენგოს წინადადებას რაც შეეხება, იმიტომ არ დავთანხმდი, რომ „კავეენის“ ფინალში ვიყავით გასული; თან, მთავარი ჯამბაზი და ოხუნჯი მე ვიყავი. ისე, მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ ასეთი ნიჭი აღმომაჩნდებოდა. თუმცა, ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, მამაშენთან ახლოსაც ვერ ხარ, მაგრამ შენც კარგი იუმორი გაქვსო. მოკლედ, „კავეენის“ თბილისის ჩემპიონატის ფინალში აღმოვჩნდით და ჩემი ბათუმში წასვლა ნამდვილი ღალატი იქნებოდა. თან, სკოლის დირექტორის დაპირებაც მხიბლავდა- ჩემპიონატს თუ მომაგებინებ, ანტალიის საგზურს გაგიკეთებო. ერთი კვირა ანტალიის აუზების წითელი სასრიალოები მესიზმრებოდა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა- ან ბათუმი, ან სკოლიდან გარიცხვა და ანტალიაზე ოცნების დასამარება. გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც ბათუმი ავირჩიე. ეს მხოლოდ იმის გამო არ ხდებოდა, რომ თენგოს ხათრს ვერ გავუტეხდი, ამას ისიც ემატებოდა, რომ ბათუმზე საყვარელი ქალაქი დედამიწის ზურგზე არ მეგულება.
- ჰა, რა გადაწყვიტე? - წავიდეთ, ჰო! - ისე დავეთანხმე, აშკარად ვაგრძნობინე, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ვამადლიდი.
მატარებელში ისეთი სუნი იდგა, ჩვენი სკოლის საპირფარეშო მიმიქარავს. თუმცა, ბათუმი და სასტუმრო „ინტურისტის“ ეზო რომ მახსენდებოდა, აღარც სუნი მაწუხებდა და აღარც ჩვენს კუპეში შემოსახლებული უცნობი თანამგზავრის ხვრინვა.
- დამენძრა,- ამოვიოხრე, ჩვენი უეცარი გამგზავრების სავარაუდო შედეგი რომ წარმოვიდგინე.
- რატომ? - ისე მკითხა თენგომ, თითქოს ვერ ხვდებოდა, რას ვგულისხმობდი.
- რაღა რატომ, შეჩემა?! ფინალსაც წააგებენ, სკოლიდანაც გამრიცხავენ და...- მინდოდა მეთქვა, ანტალიის საგზურსაც დავემშვიდობები-მეთქი, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ დირექტორს გაფრთხილებული ვყავდი, ჩემი დანაპირები არსად წამოგცდესო.
- და რა? - ჩამეძია თენგო.
- რაღა რა, არ არის საკმარისი, რაც ჩამოვთვალე? - კარგი რა, ხომ იცი რა „გულაობაც” გველოდება? - გულაობაო ისე ამბობდა, თითქოს ყველაზე მაგარ სასტუმროში მივდიოდით, მის და ვიცე-მის საქართველოებთან ერთად. ხომ ვიცი, ერთ საცოდავ ბინას მოძებნიდა, ვირთხებით გატენილი სადარბაზოთი და იქ მოგვიწევდა ღამის გათენება. მეორე დღეს კი ან დავრჩებოდით, ან წამოვიდოდით. გოგოების ამბავშიც არ გვქონდა კარგად საქმე; რატომღაც, მე და თენგოს ჩვენი მდედრი კლასელებიც კი არ გვიკარებდნენ.
მატარებელი დრაგა-დრუგით მიდიოდა და, როგორც ყოველთვის, ღამე ვერ დავიძინე. ისე, ძილს არ ვუჩივი, უბრალოდ, მატარებელში ვერ ვიძინებ.
- გძინავს? - ჰო, მძინავს.
- როგორ გძინავს თუ მელაპარაკები? - აბა, რაღას მეკითხები? - ოდნავ გავბრაზდი თენგოს იდიოტურ კითხვებზე და ვეუხეშე.
- რა ქაქი ხასიათი გაგიხდა.
- შენც არ გისვია კარაქი.
- კარაქი რა შუაშია? - დაიბნა თენგო.
- არაფერში....- ვუთხარი და ჩემს საქციელზე დავფიქრდი. რამ წამომიყვანა ბათუმში? მაგარი ქალაქი კი არის, მაგრამ ხომ არ გაიქცეოდა. რა მოხდებოდა, ორი დღით რომ გადამედო გამგზავრება? ოჰ, თენგო, შენი დედა ვატირე, შენი ბრალია ყველაფერი. არადა, თენგო რა შუაშია? ჩემი სიდებილე იყო ყველაფრის მიზეზი. შენი აზრი რომ არ გაგაჩნია კაცს!.. ნამდვილად არ ვიყავი ეგეთი, პირიქით, სიჯიუტის გამო სკოლაშიც მომხვედრია და სახლშიც, მაგრამ თენგო ისე მიყვარდა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არასდროს მიფიქრია. თუ გგონიათ, მუდამ ჭკვიანურ აზრებს აფრქვევდა, ცდებით. ხშირად იდიოტობასაც ღაღადებდა, მაგრამ მე მისი იდიოტობაც მომწონდა და მესაყვარლებოდა. ისე, ჭკვიანურს და იდიოტურს ერთმანეთისგან ყოველთვის ვარჩევდი.
- ნახე, რას ხვრინავს! - სიცილით აღნიშნა თენგომ და ჩვენსქვემოთ მწოლიარე უცნობ მგზავრს ისე ჩახედა, წელამდე ჰაერში გადმოეკიდა.
- მგონი, მაგიტომ ვერ ვიძინებ.
- უეჭველი.
- რა ვუყო აღარ ვიცი?! - ხომ არ გავაღვიძოთ? - არა, ტო.....- არ მომეწონა მისი შემოთავაზება, თუმცა, გულის სიღრმეში ვეთანხმებოდი.
- რატომ, შეჩემა? -სკოლიდან ჰო გააგდებინე ჩემი თავი, ახლა მაჩხუბე კიდეც.
- რატომ გავაგდებინე? -ჯერ არა, მაგრამ ხვალ ნაღდად გამაგდებენ და შენ იქნები ამ საცოდაობის თანამონაწილე.
თენგომ არაფერი მიპასუხა. ხელები თავქვეშ ამოიდო და ღრმად ამოისუნთქა. მატარებელი კი მიჰქროდა და ყველაფერს უკან ტოვებდა. თითქოს ეს მწვანე ტრანსპორტი უმოწყალო დროდ გადაქცეულიყო, რომელიც გზას წარსულივით თელავდა. ფანჯრიდან ვიხედებოდი და ქარი ისე მეხეთქებოდა სახეში, ძალაუნებურად თვალები მეხუჭებოდა. ცა ნაცრისფრად დაგვყურებდა თავზე, მაგრამ ნელ-ნელა დილის ცისფერი ერეოდა ღრუბლებში. ჩამეძინა.
სიზმარი, როგორც იცის