რა იქნება შემდეგ და შემდეგის მერე
მოვკვდი. ვერაფრით დავიჯერე ეს ამბავი. როგორი დასაჯერებელია, როცა სულ ხუთი წუთის წინ ვანილის ნაყინს მივირთმევდი, მერე აივანზე გავედი. დავამთქნარე და გავიზმორე. მერე სხვენში ასასვლელ სველ კიბეზე ავდგი ფეხი, სულ ორი საფეხური და... აივნის მოაჯირს რომ გავუსწორდი, მაინც და მაინც მაშინ დამიცდა ფეხი. ნაწვიმარი იყო, ამის დედაც მოვ...ან. ეს, ახლა ვიგინები, თორემ იმ დროს „ვაიმეც“ ვერ მოვასწარი.
- პიპო-პაპო! პიპო-პაპო!
სასწრაფოც მოქანდა. ამას თუ სასწრაფო ჰქვია, მაშინ მეც არ ვარ მკვდარი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიცვალებულიაო, ჩემზე რომ იძახდნენ, წყობიდან გამოვედი. მინდოდა თავში ჩამეცხო, მაგრამ სადღა მქონდა მაგის ტრაკი. იქვე ვიდექი, ტო, აი, სულ ორ-სამ ნაბიჯში ჩემი „ტრუპიდან“ და ვითომ შეწუხებული თეთრხალათიანებისგან. პანიკა არ ამიტეხავს და კივილი არ მომირთავს, აგერ ვარ, ხალხო, ცოცხალი ვარ-მეთქი. ეგრევე მივხვდი, რომ პატრიკ სვეიზის პონტში ვიყავი. სული ვიყავი, რა...
- აუჰ, მთვრალი იყო უეჭველი, - დარწმუნებით წარმოსთქვა ერთ-ერთმა სასწრაფოელმა. იმდენი მაგის დედა ვატირე, ერთი წვეთიც არ მქონდა დალეული. საერთოდ, ალკოჰოლი მეზიზღება, ლუდს თუ არ ჩავთვლით.
პანაშვიდზე ყველაზე მეტად მე ვჯღაოდი, თუმცა, ჩემი ცოლიც არ აკლებდა. ეთქვა, მაგ ჩემისას, ასე თუ ვუყვარდი და შედარებით წესიერად მოვიქცეოდი.
- რატომ მოიკალი თავიიიიიიი? - მოთქვამდა ჩემი გაკვირვებული ხონელი კლასელი.
რაა? რა თავი მოვიკალი? თქვენ ხომ არ შეიშალეთ? რა მოვიკალი, ტო? ცოცხალი თავით არ უნდათ დაჯერება, რომ უბედური შემთხვევა იყო, რომ უბრალოდ, ფეხი დამიცდა.
ავტობუსმა მუხათგვერდისკენ რომ გადაუხვია, უფრო სწორად, კატაფალკამ, მთლად გადავირიე. ვაკელ კაცს მუხათგვერდში რა მინდოდა! ხონში ბებიაჩემის ხათრით ვისწავლე, ისიც მესამე კლასამდე. მე ხომ ვაკის ნაღდი აბორიგენი ვარ. დასაფლავებაზე რა უნდა მომხდარიყო, მომაყარეს მიწა და ეგ იყო. დაკრძალვის ცერემონია დაიშალა. ფეხით გამოვუყევი და დიღმის მასივამდე რომ მივაღწიე, მაიაკოვსკის ძეგლთან, სკვერში ჩამოვჯექი. რატომ მაინც და მაინც დიღმის მასივში?! წარმოდგენა არ მაქვს.
როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, არ ვიცი, თან, ვერც ვერავინ მამჩნევს, არც არავის ესმის ჩემი. სიგარეტი მომინდა, ფულიც მქონდა ჯიბეში, ძმაკაცმა გამომატანა თუ ჩამატანა. ისე, სიგარეტი ჩაედოთ ჯიბეში, ხომ ატანენ ხოლმე. ჯიხურთან რომ მივედი, ჩემი უჩინმაჩინობის ამბავი გამახსენდა. კუდამოძუებული გამოვბრუნდი. ისევ ძეგლთან ახლოს მდებარე სკამზე ჩამოვჯექი. ორი მასტი მოდის. მოძრაობაზე ვატყობ, იმ სკამზე უნდათ ჩამოჯდომა, რომელზეც მე ვზივარ. ერთი კაცის ადგილი კი არის, მაგრამ ორნი არიან. ვაჰ, რა ვქნა, ტო, გადავჯდე თუ სამი კაცი ამ პატარა სკამზე ჩავეჭეჭყოთ?! სულ ტყუილად ვნერვიულობდი, ერთ-ერთი მათგანი კალთაში ისე უდარდელად ჩამიჯდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სული ვიყავი.
მე სულ სხვა პონტი მეგონა-მეთქი, ეგრევე ან ჯოჯოხეთი, ან სამოთხე. აქ კი რა ხდება, ვერ გავიგე. როდემდე უნდა ვიარო ასე, საზოგადოებისგან გარიყული ადამიანივით?.. თუმცა, რა ადამიანივით... სულივით.
- სულები სულ გარიყულები არიან.
- ეეე, გესმის, ტო?
- ჰო, მეც სული ვარ. - ჩემ წინ ჯინსის „კურტკაში“ და ჯინსის შარვალში გამოწყობილი ჭაღარა, ახალგაზრდა კაცი იდგა და მიღიმოდა.
- ძლივს არ ვნახე ხმის გამცემი! - გახარებულმა შევყვირედა ხელი გავუწოდე. ჩამომართვა.
- წამო, საქმე აქვთ შენთან.
- ვის?
- შენს მფარველ ანგელოზს.
- ანგელოზს?
- ჰო.
- სად არის?
- წამო, წამო.
წინ გამიძღვა. ისე სწრაფად მიდიოდა, ლამის სირბილით
მივსდევდი.
- დამელოდე, ეეე.
- წამო, წამო.
- წამო კარგია, ბორბლები კი არ მაბია, შეჩემისა.
მიუხვია, მოუხვია, გაუხვია, აუხვია, ჩაუხვია და შავი კარის წინ გაჩერდა. გიჟია, ვიღაცაა, - გავიფიქრე.
- მიდი, დარეკე.
- შენ მომიყვანე და მე დავრეკო?
- შენ, ყრუ ხომ არა ხარ, ვერ გაიგე, გელოდებიან-მეთქი! მე მეჩქარება, ძმაო, ამაზეც მადლობა მითხარი, კუდში რომ გსდიე.
- კიდევ შენ მსდიე? ძლივს დაგეწიე, ტო.
- კაროჩე, წავედი, რა.
წავიდა. კართან მარტო დავრჩი. ზარის წითელ ღილაკს ფრთები ეხატა. თითი დავაჭირე.
- შემოდი რა, თუ ძმა ხარ, პრანჭვის და მორცხვობის დრი ნაღდად არ გვაქვს. - ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამგვარ გამოძახილს - არა.
შევედი. მოკლე, ვიწრო დერეფნის მეტი არაფერი დამინახავს. ბნელოდა და ძლივს გავარჩიე, მარჯვენა მხარეს კიბე ადიოდა. ნელი ნაბიჯით ავუყევი. უცებ, ძალიან გრძელი და თეთრი შუქით გადანათებული დერეფანი გამოჩნდა. შუქმა თვალი მომჭრა. ერთი-ორმა სულმა ისე ჩამიქროლა, თვალი ვერ გავაყოლე.
- ეფსიათ თუ რა სჭირთ? - ჩავილაპარაკე ჩემთვის. ეტყობა, ხმამაღლა მომივიდა.
- არა,