არც ისე საშიში თეთრხალათიანი ადამიანი არ გეგონოთ, რადგან თეთრი ხალათი მაცვია და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვმუშაობ, ცუდი და ავი ზრახვების მატარებელი ადამიანი ვიყო. ისე ხართ შეჩვეული ბოროტი ექიმების ყურებას, სხვა წინადადებით ამ მოთხრობას ნამდვილად ვერ დავიწყებდი, მეშინოდა, ჩემი კეთილი ჯაფა წყალში არ გადაგეყარათ და ბოროტ ადამიანად არ წარმოგედგინეთ. ჩვენ ხომ ისეთ ფილმებზე გავიზარდეთ, როგორიც „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ და „ტერმინატორი 2“-ია. ამიტომ, საშიში თეთრხალათიანი საგიჟეთის ექიმებით ყელამდე ვართ ავსებულნი. ბევრი ღიზიანდება საგიჟეთი კი არა ფსიქიატრიულიაო, მაგრამ მე სიტყვა „საგიჟეთში“ ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნამდვილი საგიჟეთია, სადაც მე ვმუშაობ. ძალით პაციენტებს ლოგინზე არასდროს ვაბამდი, უწყლოდ და უჰაეროდ არასდროს ვტოვებდი და, საერთოდ, მათ მოთხოვნებს ყოველთვის გულისყურით ვუსმენდი და, დამერწმუნეთ, ყოველთვის ვცდილობდი, შემესრულებინა. თუმცა, ხანდახან ისეთს მოითხოვენ, შესრულების შანსი რომ არ არის, მაგალითად: „ნაპოლეონი მინდა მოვკლა“,„კოკა-კოლას აბაზანები მინდა გამიკეთოთ და ძილის წინ ლუჩიანო პავაროტის ვაკოცო“, „გუშინ ვისოცკიმ დამირეკა და ნება დამრთო, მარინა ვლადი თუ გინდა ცოლად მოიყვანეო. მარინა ხვალვე პარიზიდან ჩამომიყვანეთო“. აი, ბატონებო, ასეთი რთულადშესასრულები თხოვნები ჰქონდათ, რის წინაშეც, რა თქმა უნდა, უძლური ვიყავი. რამდენიმე თვის წინ საგიჟეთის მთავარ ფსიქოლოგ-ფსიქიატრად დამნიშნეს. თანამდებობა შევიფერე – მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ, შევიფერე კი არა, სად გავქცეულიყავი აღარ ვიცოდი. ყველაფერი მე მბრალდებოდა და დანიშვნიდან უკვე ორ თვეში, გადადგომაზე ვფიქრობდი. განცხადებაც კი დავწერე, მაგრამ ცოლმა გადამაფიქრებინა, ძლივს ათას ორასი ლარი გაგიხდა ჯამაგირი და ამ მიღწევას ნუ გაანიავებო. რას იზამ, მართალს მეუბნებოდა, აღარ შეეძლო აგვისტოს თბილისში გატარება, მაგრამ რა ჩემი ბრალია, ექვსას ლარად სად გამეშვა? ახლა კი კვარიათში დასვენებაზე დაიწყო ოცნება და ამ ოცნების ხელიდან გაშვება არაფრისდიდებით არ სურდა. მეც დავემორჩილე და განცხადება მის თვალწინ აგიზგიზებულ ბუხარში შევაგდე. ტერიტორიულად სად მდებარეობს ჩემი სამსახური, ალბათ, არ გეტყვით, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ რამეს ვმალავ, უბრალოდ, ასეთ უინტერესო თემებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. პაციენტები, სიმართლე გითხრათ, ნერვებს მაწყვეტავდნენ, ხანდახან მათი ქამრით ცემაც მომნდომებია, მაგრამ აბა, მაგას როგორ ვიკადრებდი, თქვენთვის რაც არ უნდა უცნაური იყოს, თითქმის ყველა მათგანი მიყვარდა. განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები მეცოდებოდნენ და ვცდილობდი რაც შეიძლება, დიდი ყურადღება დამეთმო მათთვის. ისეთებიც იყვნენ, რომლებიც საერთოდ არ მიყვარდა, აბა, როგორ მეყვარებოდა, როდესაც ოცდაოთხი საათი ჩემი დედის გინებაში იყვნენ, თუმცა ზიზღით არც ეგეთები მეზიზღებოდა. გუშინ, ლოგინში რომ ვწვებოდი, ვფიქრობდი, რომ მათ ადგილას შეიძლება მეც ეგრე მოვქცეულიყავი, ისინი ხომ ნორმალურ ადამიანებად თვლიან თავს, ჩვენ კი ვუკიჟინებთ, გიჟები ხართო და პალატებში ძალით ვკეტავთ, ამიტომაც მათი გულიანი დედის გინება ჩემი მისამართით, სულაც არ არის გასაკვირი. საერთოდ, ყველა ადამიანში ზის უხილავი ცხოველი, რომელსაც ჩვენთვის ნაცნობი ერთი სახელი „გიჟი“ ჰქვია. გაუცნობიერებლად მისი ჭირივით გვეშინია და მის არსებობას ჩვენს სხეულში, არაფრის დიდებით არ ვაღიარებთ. ვფიქრობ, პირიქით უნდა მოვიქცეთ და მისი უნებლიე მოძრაობა ვაკონტროლოთ. თუ ხელ-ფეხს გავუხსნით და მის არსებობას დავივიწყებთ, მისი მოთხოვნები გაიზრდება და ნელ-ნელა ჩვენი მთლიანი სხეულის და ტვინის ბატონ-პატრონი გახდება. მერე ჩვენ დაგვიძახებენ გიჟს და ღირსებიც ვიქნებით. ეს რომ არ მოხდეს, დაიმახსოვრეთ, უნდა გავაკონტროლოთ ჩვენს სხეულში მჯდომი უხილავი ცხოველი, სახელად „გიჟი“, თუ ამას ვერ მოვახერხებთ, როგორც ზემოდ აღვნიშნე, ის ჩვენი სხეულების ბატონპატრონი გახდება. ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა ამ საკითხზე და დარწმუნებულიც ვარ, რომ ჭეშმარიტებას ვღაღადებ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ვცდებოდე, ამიტომ თუ გნებავთ, დამეთანხმეთ, თუ გნებავთ– არა.
მოკლედ, მგონი, ცოტათი მაინც დაგარწმუნეთ იმაში, რომ ბოროტი თეთრხალათიანი ნამდვილად არ ვარ. რომ იცოდეთ, ჩემზე ათას საშინელ ჭორს ამბობენ, ზოგი იძახის, პაციენტებს ზედმეტ დოზა დამაძინებლებს უკეთებს და აქლიავებსო, ზოგი ამბობს, წვნიანში საწამლავს ურევს და საიქიოში უშვებს საცოდავ შეშლილებსო. დამერწმუნეთ, ეს სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა რატომ უნდა დამიჯეროთ, ასეთ ბრალდებებს ხომ არავინ არასდროს აღიარებს. მოკლედ, თქვენზე ვარ დამოკიდებული, ან ბოროტ ადამიანად აღმიქვით ან კეთილად.
ოჯახში ყველაფერი ოთხიანზე მქონდა აწყობილი, ბავშვობიდან ვცდილობდი ხუთოსანი ვყოფილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, არასდროს გამომდიოდა. დედ-მამა ცალკე ცხოვრობდნენ. მამა კგბ-ეს ძველი გენერალი იყო, რუსები დიდ პატივს სცემდნენ, ასე იძახდნენ ხრუშჩოვის ტახტიდან გადმოგდებაში დიდი წვლილი მიუძღვისო. თვითონ თავს იფასებდა თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ სიცილით იძახდა, ამ რუსებმა საბოლოოდ გააფრინეს, მე პირიქით, ხრუშჩოვისკენ ვიყავიო. მოკლედ, ასე იყო, თუ ისე,