ღულამთა ოთხი ოჯახის ეთნოსოციალური წარმომავლობა ახალგაზრდა იაპონელი მკვლევარი - ჰიროტაკე მაედა ჩგვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის დიდი მოამაგეა. პროფესიით ირანისტი, იკვლევდა თემას - „კავკასიური წარმოშობის მოღვაწეები სეფიანთა ირანის შაჰის კარზე“
. სწორედ ამ საკითხზე მუშაობისას გაეცნო საქართველოს, სადაც პირველად 1995 წელს 3 თვით ჩამოვიდა. მისი მიზანი ქართული ენის შესწავლა და ისტორიული მასალების მოძიება იყო. მოგვიანებით, 1999-2001 წლებში, უკვე 2 წლით ესტუმრა თბილისს. სწავლობდა და მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ პროფესორები - გრიგოლ ბერაძე და კარლო კუცია. საერთო კოორდინატორი ინსტიტუტის დირექტორი - აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გახლდათ.
იაპონელ ქართველოლოგს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული ირანისტიკის თვალსაჩგინო წარმომადგენელთან, აწ გარდაცვლილ პროფ. ალექსანდრე გვახარიასთან. ხშირი სამეცნიერო კონტაქტები აქვს არაერთ ქართველ ისტორიკოსთან, რომელთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ აკად. როინ მეტრეველი, აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. ზაზა ალექსიძე და სხვანი.
იაპონურისა და ქართულის გარდა ჰიროტაკე მაედა ფლობს სპარსულ და ინგლისურ ენებს. კითხულობს რუსულად, ფრანგულად და სომხურად.
ჰიროტაკეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული კულტურისა და ხელოვნების მრავალ მოღვაწესთან - ვახუშტი კოტეტიშვილთან, ანზორ ერქომაიშვილთან, თენგიზ მირზაშვილთან... უყვარს ქართული პოეზია, განსაკუთრებით, გალაკტიონ ტაბიძისა და ტერენტი გრანელის ლექსები.
ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. შემოვლილი აქვს თითქმის მთელი საქართველო, ამა თუ იმ კუთხის ადათ-წესების ცოდნაში ტოლს არ დაუდებს ბევრ ქართველსაც კი...
უკვე თითქმის 10 წელს ითვლის ჰიროტაკეს მეგობრობა „არტანუჯთან“
და არტანუჯელებთან.
რამდენიმე წლის წინ მან თავისი მოზრდილი, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სტატია მისახსოვრა. მაშინვე ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუკი საქართველოშიც გამოიცემოდა ეს ნაშრომი. ამ გზით ქართველი სამეცნიერო საზოგადოება უფრო ადვილად გაეცნობოდა საქართველოს ისტორიისათვის უაღრესად საინტერესო ახალ მასალებსა და დასკვნებს, რომლებიც ჰიროტაკემ რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგად მიიღო.
მოხარული ვარ, რომ თარგმნის, რედაქტირებისა და გამოცემის შრომატევადი პროცესი დასრულდა და ხელთ გვაქვს იაპონელი ქართველოლოგის ძალზე საჭირო ნაშრომი. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში ჰიროტაკე მაედას არაერთი წიგნი გამოიცემა საქართველოში. იგი ხომ აგრძელებს საქართველო-ირანის ურთიერთობათა კვლევას.
ბუბა კუდავა