წიგნი II -
პროლოგი მკითხველისადმი
ღმერთო ჩემო, ვინ იცის, სახელოვანო ან იქნებ მდაბიო მკითხველო, რა მოუთმენლად ელი ახლა ამ პროლოგს და ფიქრობ, ეგებ მასში ჰპოვო მუქარა, სამდურავი, ლანძღვა-გინება და გაკიცხვა მეორე დონ კიხოტის ავტორის წინააღმდეგ, იმ ავტორისა, რომელიც, როგორც ამბობენ, ჩაისახა ტორდესილასში და არაგონიაში დაიბადა. მაგრამ მართალი უნდა მოგახსენო, ამ სიამოვნებას მოგაკლებ, რადგან თუმცა შეურაცყოფა და წყენა რისხვას ჰგვრის მშვიდი გუნების ადამიანსაც კი, მაგრამ ჩემი გული ამ მხრივ გამონაკლისს შეადგენს. იქნებ, გსურდა ამ ავტორს შიგ სახეში ვტკიცო და ვუწოდო ვირი, ბრიყვი, არამზადა, მაგრამ მე ეს ფიქრადაც არ მომდის, დაე, მისი ცოდვები იყოს მისთვის სასჯელად, დაე, იგი მან თავის პურს შეატანოს და საქმეც ამით გათავდეს! მაგრამ ერთადერთი და მთავარი, რამაც ამარელვა და შეურაცხმყო, ისაა, რომ მან ბებერი მიწოდა და მასთან - ცალხელა ბებერი, - თითქოს ჩემს ნებაზე შემეძლო დრო შემეფერხებინა, რომ ჩემ კერძ არ მიმდინარებულიყო, ანუ ჩემი სიმახინჯე და ხეიბრობა სადმე სამიკიტნოში შობილიყოს და არა საუკეთესო დიდებულ საქმესა და ყველაზე სახელოვან ბრძოლაში, როგორც კი წარსულსა და აწმყო საუკუნეებს უნახავს, ანუ მისი ხილვის იმედი მომავალში კვლავ ექნება. თუ ჩემი ჭრილობები ყველას თვალში მე ბრწყივნალებას არ მმატებენ, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც არის, - მათ პატივით უცქერიან, ვინ იცის, ისინი სად მოვიპოვე, რადგან ბრძოლის ველზე გმირულად მკვდარი ჯარისკაცი უფრო უკეთესად მოჩანს, ვიდრე საღსალამათად გადარჩენილი ლტოლვილი. მე ისე ვარ ამით განმსჭვალული, რომ ახლა მითხრან და შეუძლებლის განხორციელება გამომიცხადონ, მაინც იმ დიდებულ ბრძოლაში მონაწილეობას ვირჩევდი, ვიდრე არ მიმეღო მონაწილეობა და იარებისაგან საღი დავრჩენილიყავ. ჯარისკაცის სახესა და მკერდზე ჭრილობები ვარსკვლავებია, რომელნიც სხვებისთვის დიდების ცისკენ და დამსახურებული ქების სურვილისაკენ გზის მაჩვენებელნი არიან. მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ, რომ მწერლები ჭაღარით კი არა სწერენ, არამედ მოაზროვნე ნიჭით და ეს ნიჭი წლოვანებით უფრო და უფრო უკეთესდება. მე იმანაც გამახელა, რომ ის მე მოშურნეს მეძახის და მიხსნის კიდეც, როგორც უვიცს, მოშურნეობა თუ რა არის. თუმცა სიმართლით და სინამდვილით ორი რიგობს მოშურნეობისაგან მე მარტო ერთს ვიცნობ - წმინდას, კეთილშობილურს და კეთილისმყოფელს. და თუ ასეა, როგორც საქმითაც არის, იმას არა ვგევარ, რომ მე რომელიმე სასულიერო პირს ვდევნიდე, მეტადრე თუ მასთანავე იგი უწმინდესი სამსჯავროს წევრიცაა. და თუ ხსენებული ავტორის თქმული იმ პირზე არის ნათქვამი, ვისზედაც თითქოს უთითებს კიდეც, ამაში იგი ძალიან ცდება, რადგან მე იმ კაცის ჭკუა-გონებისა და მისი შეუფერხებალი და ბეჯითი კეთილმიდრეკილების წინაშე ქედს ვიდრეკ. მე იმ სენიორ ავტორის ნამდვილადაც მადლიერი ვარ იმის მტკიცების გამო, ვითომ ჩემი ნოველები უფრო სატირულია, ვიდრე სამოძღვრებო, მაგრამ მაინც კარგია. ამ უკანასკნელ სიტყვას არ იტყოდა, თუ ისინი ყველაფერში მართლაც კარგები არ იყვნენ!
ვფიქრობ, მკითხველო, შენ მეტყვი, რომ ძალიან თავშეკავებული ვარ და მეტისმეტ თავმდაბლობას ვიჩენ, რადგან იცი, რომ რიგი და წესი არ არის მწუხარეს შეწუხება მიუმატო, ხოლო, რა წუხილსაც ის სენიორი გრძნობს, უეჭველად დიდი რამ უნდა იყოს, რადგან ვერ ბედავს ტრიალ მინდორზე ღია ცის ქვეშ გამოვიდეს, და თავის სახელსაც მალავს, სამშობლოსაც მოგონებულს ამბობს, თითქოს მისი უდიდებულესობის წინააღმდეგ სახელმწიფო დანაშაული ჩაედინოს. შენ თუ შემთხვევით მისი გაცნობა მოგიხდეს, გადაეცი ჩემგან, რომ ჩემს თავს საწყენად არა ვთვლი, რადგან კარგად მესმის, ეშმაკის ცდუნება რა არის, და ერთი უდიდესი ცდუნება ისაა - აზრი შთააგონო კაცს, ვითომ იგი შემძლეა შეთხზას და დაასტამბოს წიგნი, რომლისგანაც იმდენ დიდებას მოიხვეჭს, რამდენსაც ფულს, და იმდენ ფულს, რამდენსაც დიდებას, ხოლო ამის დასამტკიცებლად მინდა შენი ლამაზი, ხალისიანი და ხუმარა ჰანგით იმას შემდეგი არაკი გადასცე:
სევილიაში იყო ერთი გიჟი, შეპყრობილი რაღაც უცნაური და სულელური ჟინით, მეტად აკვიატებული ახირებით, როგორითაც კი შეიძლება შეიშალოს კაცი ამქვეყნად. საქმე ის არის, რომ მან ერთი ლერწმის წვეტიანი ღერო გამოფუღრა, ერთ-ერთი წვერი მოხარა და ქუჩაში ან სხვა ალაგას ძაღლებს იჭერდა, იმ ძაღლის ერთ უკანა ფეხს თავის ფეხს დაადგამდა, მეორე ფეხს ხელში დაიჭერდა, იმ ლერწამს გულმოდგინედ უკანალში ჩაურჭობდა და ჩაბერვას დაუწყებდა, ვიდრე ძაღლი ბურთივით არ დარგვალდებოდა; მერე ერთ-ორჯერ მუცელზე ხელს დაუტყაპუნებდა და გაუშვებდა; შემდეგ უსაქმო მაცქერალთ (მუდამ რომ ბლომად შეგროვდებოდნენ ხოლმე) ეუბნებოდა: “იქნებ, თქვენო მოწყალებავ, გგონიათ, ძაღლის გაბერვა ადვილი საქმე იყოს?” იქნებ ფიქრობთ, თქვენო მოწყალებავ, წიგნის დაწერა ადვილი იყოს?
და თუ, ძვირფასო მკითხველო,