წიგნი I
პროლოგი მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლადაც დამიჯერებ, თუ როგორ მსურს ეს ჩემი წიგნი, ჩემი ჭკუა-გონების შვილი, იყოს ყველა წიგნზე მშვენიერი, ყველაზე სასიამოვნო საკითხავი და გონივრული, ხელიხელსაგოგმანებელი და უნაკლო თხზულება, როგორც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. მაგრამ განა შემეძლო ბუნების კანონებს წინ აღვდგომოდი? ნათქვამია:
როგორიც მამა - ისეთი შვილიო, ამიტომ ჩემი უნაყოფო და გაუნათლებელი ჭკუის ნაწარმოები სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მოთხრობა გაძვალტყავებულ, ჩაჩანაკ და ახირებული ხასიათის,
ნაირ-ნაირი აზრებით შეპყრობილ გმირზე. მისი მსგავსი ძნელად თუ იქნება სადმე. მისგვარი ზრახვები კი ჯერ არასოდეს ფიქრადაც არავის მოსვლია თავში? ან კი რა გასაკვირველია:
უკეთესი რა დაიბადებოდა საპყრობილეში, სადაც ვაი-უბედურების მეტი არა არის-რა, სადაც ყოველგვარ სიდუხჭირეს დაუდევს თავშესაფარი და სევდასა და ვარამს დაუსადგურებია?
წყნარი, სასიამოვნო ადგილი, მშვენიერი წარმტაცი ველები, ლაჟვარდოვანი ცა, ნაკადულების ჩხრიალი, სულის დამამშვიდებელი მდგომარეობა, - დიახაც რომ სხვარიგად მომართავენ ადამიანის ჭკუა-გონებას და თვით უნაყოფო მუზებსაც კი ნაყოფიერს გახდიან მთელი ქვეყნის სასიამოვნო და გასაოცარი შთამომავლობის შესაქმნელად. მართალია, ისიც ბერვჯერ მოხდება ხოლმე, რომ მახინჯი და უხეირო შვილის მამა, მშობლიური სიყვარულის გამო თვალებახვეულივით არათუ ვერ ხედავს თავისი შვილის ნაკლს, არამედ უფრო მეტიც, ჭკუა-
გონებისა და სიჩაუქის ნიშანი ჰგონია ის და მეგობრებს წამდაუწუმ შვილის მახვილგონიერებაზე, შნოსა და ლაზათზე მოუთხრობს. მაგრამ, სწორე მოგახსენო, მე დონ კიხოტის ნამდვილი მამა არც კი ვარ, უფრო მის მამინაცვლად ჩავითვლები, და არ მინდა,
უძვირფასესო მკითხველო, სხვების ფეხის ხმას ავყვე და მათ მსგავსად თვალცრემლიანმა გევედრო, დამითმო რამე, და ან, რასაც ჩემ ჩვილშვილ წიგნში ნაკლოვანებასა ნახავ, დაფარო და ისე მოიქცე, თითქოს ამას ვერ ამჩნევდე. რას დაეძებ? შენ არც ნათესავი ხარ ამისი, არც მეგობარი; შენც ყველა ჩვენგანივით შენი აზრისა და თავისუფალი ნება-სურვილის სრული ბატონ-პატრონი ხარ, შენს სახლში ზიხარ და იქ ისეთივე უფლება შეგფერის, როგორც მეფეს თავის ხაზინაში; ხომ გაგიგონია ანდაზა: “ჩემს ქურქქვეშ გინდ მეფესაც მოვკლავო”. ყველაფერი ეს გიხსნის და გათავისუფლებს ყოველგვარი პირმოთნეობის, თვალთმაქცობისა და ვალდებულებისაგან, ამიტომაც ამ ისტორიაზე რაც გენებოს, ისა სთქვი; ნუ გეშინია: ცუდს იტყვი - არავინ დაგემდურება, კარგს იტყვი - არავინ დაგაჯილდოვებს.
მინდოდა ეს წიგნი, როგორც დამიწერია, ისე გაულამაზებლად და მოურთავ-მოუკაზმავად მომერთმია შენთვის; არც პროლოგი დამერთო თავში, ან სხვადსხვა უამრავი წარწერები, არც ჩვეულებრივი სონეტები, ეპიგრამები და ქებათა-ქებანი წამემძღვარებია წინ, როგორც სხვა მწერლები ჩადიან ხოლმე. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ წიგნის შეთხზვამ ცოტად კი არ გამიჭირვა საქმე; მაგრამ ახლა რომ პროლოგს კითხულობ, იმის დაწერას რაც შრომა მოვანდომე, იმდენი,
მგონია, არაფრისთვის არ მომინდომებია. ბევრჯერ ავიღე კალამი და ისევ დავდე, რადგან არ ვიცოდი - რა დამეწერა. და აი, ერთხელ, მაგიდასთან ვიჯექი, ერთი თაბახი ქაღალდი მედვა წინ,
კალამი ყურს უკან მქონდა გაჩრილი, იდაყვით მაგიდაზე ვიყავი დაბჯენილი და ლოყით ძელზე დაყრდნობილი; ამ მდგომარეობაში ვფიქრობდი და ვყოყმანობდი, რა დამეწერა. ამ დროს მოულოდნელად ერთი ჩემი მეგობარი მეწვია, ჭკვიანი და მხიარული ხასიათის კაცი, და ასეთ გაჭირვებაში რომ მნახა, დაღრეჯილობის მიზეზი მკითხა. არაფერი დავუმალე და ვუთხარ - ძალიან მეძნელება დონ კიხოტის ამბისათვის წინასიტყვაობის დაწერა-მეთქი; მგონი,
ყველაფერს თავი დავანებო და ესოდენ პატიოსანი და კეთილშობილი რაინდის საგმირო საქმენი აღარ გავაქვეყნო-მეთქი.
- აბა, როგორ გნებავთ, განა არ უნდა დავღონდე? რას იტყვის უძველესი კანონმდებელი, ანუ ხალხი, რომ ამოდენა ხანი დავიწყებაში ვიმყოფებოდი და ახლა სიბერის ტვირთით დაუძლურებული კვლავ ასპარეზზე გამოვდივარ და ისიც ჩალასავით გამოფიტული თხზულებით, სადაც მკითხველი ვერცა-რა მახვილგონიერებას შეხვდება, ვერც მჭერმეტყველებას,, ვერც სიბრძნესა და მეცნიერებას, ვერც სქოლიოებს კაბადონებზე და ვერც განმარტებასა და შენიშვნებს წიგნის ბოლოში, სხვა წიგნები კი, თუმცა წმინდა მოგონებებითა და ზღაპრებითაც არიან სავსენი, მაინც ისე არიან შეზავებულნი არისტოტელეს, პლატონისა და სხვა ფილოსოფოსთა აზრებით, რომ აღტაცებული მკითხველი წიგნის ღირსებით გაოცებულია და მთხზველიც მწიგნობრად, განათლებულად და მჭერმეტყველად მიაჩნია-მეთქი. აბა უცქირეთ, ზოგი მწერალი რას ჩადის! თავის ნაწერში საღვთო წერილსაც კი იმოწმებს-მეთქი:
გეგონებათ წმინდა თომები, ან ეკლესიის მოძღვრები იყვნენ. მასთან ასე ოსტატობენ: ერთ გვერდზე რომ ვიღაც ჩერჩეტ და გარყვნილ მოარშიყეზე გვიამბობენ, მეორეში უმალ საღვთო წერილებიდან ქრისტიანულ ქადაგებას მოგიყვებიან და ისეთს დარიგებას გეტყვიან, რომ ყურს ვერ მოაშორებ და თვალს ვერ მოარიდებთ. ჩემს წიგნს ასეთი არა ეცხება-რა: არც სქოლიოში მაქვს რამე ჩასაწერი და არც ბოლოში რამ გასამარტებელი: ისიც არ ვიცი, რომელ ავტორს მივყვე, რომ