პროლოგი მკითხველს რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, დიდად პატივცემულო მკითხველო, ყოველგვარი პროლოგისთვის თავი ამერიდებინა, რადგან „დონ კიხოტის“ წინასიტყვაობის გამო ამას წინათ ისეთი უსიამოვნება შემხვდა, რომ სულ დამეკარგა საამისო ხალისი. მაგრამ ეს ყოველივე ჩემი მეგობრის ბრალია, რომელიც უფრო ხასიათის წყალობით დამიახლოვდა, ვიდრე ნიჭის გამო. მართლაცდა, აბა, რა რჯიდა იმ კარგ კაცს (როგორც ჩვენში წესი და ჩვეულებაა), ამ წიგნის პირველ გვერდზე დაეხატა ჩემი სახე? მით უმეტეს, რომ სახელოვანი დონ ხუან დე ხაურეგი(ხუან დე ხაურეგი (1583-1641) - თავის დროზე საკმაოდ ცნობილი ლირიკოსი პოეტი, მთარგმნელი და კრიტიკოსი, რომელიც თავშესაქცევად ხატავდა კიდეც. პროლოგში ნახსენები პორტრეტი იქცა საბაბად, ეფიქრათ, რომ არსებობს ხაურეგის მიერ შესრულებული სერვანტესის პორტრეტი. ჰიპოთეზა მით უფრო მიმზიდველი ჩანდა, რომ არ არსებობდა სერვანტესის ნამდვილი სახე, ყველა არსებული პორტრეტი „იდეალურია“, ე.ი. მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია. 1911 წელს ვინმე ალბიოლმა, ქ. ოვიდეოს სამხატვრო სკოლის მასწავლებელმა, რომელიც სურათების რესტავრაციაზე მუშაობდა, ესპანეთის აკადემიას აჩუქა სურათი, რომელზეც, მისი აზრით, სერვანტესი იყო გამოსახული (სურათს ხაურეგის ხელმოწერა ჰქონდა და 1600 წლით იყო დათარიღებული). პორტრეტს მნიშვნელოვანი ლიტერატურა მიეძღვნა, მაგრამ მიუხედავად რიგი კრიტიკული შენიშვნებისა, სურათი დღემდე არ არის უარყოფილი. 1911 წლიდან მოყოლებული, სერვანტესის ახალ გამოცემებს ერთვის.) ალბათ, ჩემს პორტრეტს არ დააკავებდა, რითიც ავტორის თავმოყვარეობასაც დააკმაყოფილებდა და იმ პირთა ცნობისმოყვარეობასაც, ვისაც აინტერესებს, როგორი შესახედაობისაა კაცი, რომელიც თავისი უსასრულო ფიქრითა და ზრახვებით საქვეყნოდ გამოსვლას ბედავს.
პორტრეტის ქვეშ ჩემს მეგობარს შეეძლო წაეწერა: ეს კაცი, რომელსაც ოვალური სახე აქვს, წაბლისფერი თმა, ღია, დიდი შუბლი, მხიარული გამომეტყველება, თითქოს სწორი, მაგრამ ცოტა მაინც კეხიანი ცხვირი, შევერცხლილი წვერი (ჯერ კიდევ ამ ოციოდე წლის წინ ოქროსფრად რომ უბზინავდა), გრძელი ულვაში და პატარა ტუჩები, არც მეჩხერი, მაგრამ არც მთლად ჩაჭიკჭიკებული კბილები, რადგან ექვსიოდეღა შერჩენია, ისიც ძალზე ოკრობოკრო და ულაზათო, ტანად საშუალოა, არც მაღალი, არც დაბალი, ჯანსაღი ფერის სახისა, უფრო ქერა, ვიდრე შავგვრემანი, ბეჭებში ოდნავ მოხრილია და მუხლებდასუსტებული, სხვა არავინაა, თუ არა ავტორი „გალატეისა“ და „დონ კიხოტ ლამანჩელისა“(რომანი „გალატეა“ და „დონ კიხოტის“ I ნაწილი უკვე დაბეჭდილი იყო (1585 წ.), ხოლო ლიტერატურულ-სატირული პოემა „მოგზაურობა პარნასზე“ (გამოქვეყნდა 1614 წელს) დამთავრებული იყო, როცა ეს წინასიტყვაობა იწერებოდა.), რომელმაც პერუჯიელი ჩეზარე კაპორალის(ჩეზარე კაპორალი (1530-1601) - მეორეხარისხოვანი იტალიელი პოეტი, რომელმაც თავის დროზე მოსწრებული ლიტერატურული სატირით გაითქვა სახელი.) მიბაძვით შეთხზა „მოგზაურობა პარნასზე“ და სხვა ნაწარმოებნი, დღეს დამახინჯებულნი რომ გადადიან ხელიდან ხელში, ზოგჯერ ავტორის გვარის მოუხსენიებლადაც კი. მდაბიურად მას მიგელ დე სერვანტეს საავედრას ეძახიან, იგი არაერთი წელი მსახურობდა ჯარისკაცად, ხუთ-ნახევარი წელი ტყვეობაში გაატარა, სადაც კარგად შეეჩვია გაჭირვების უდრტვინველად ატანას. ლეპანტოსთან საზღვაო ბრძოლისას, არკებუზის ტყვიით ხელი დაუსახიჩრეს და თუმცა ზოგიერთს ეს სახიჩრობა საზიზღრად ეჩვენება, მის თვალში ის მაინც მშვენიერია, რადგან ერთ-ერთი ღირსსახსოვარი ბრძოლის ნიშნად შემორჩა, ნიშნად ისეთი ბრძოლისა, როგორიც კი წარსულ საუკუნეებს უნახავს, ანუ მომავალი იხილავს, როდესაც „ომების რისხვის“„ომთა რისხვის“ ძეს - იგულისხმება მხედართმთავარი ხუან ავსტრიელი (1547-1578), კარლოს მეხუთის უკანონო შვილი.), კეთილად მოსაგონებელი კარლოს მეხუთის ძის ძლევამოსილი დროშის ქვეშ იბრძოდა.
და თუ მეგობარი, რომელსაც ახლა ვსაყვედურობ, ჩემ შესახებ აქ თქმულს სხვას ვერას დაუმატებდა, მაშინ მე თვითონ დიდი სიამოვნებით შევკრებდი ჩემზე რამდენიმე ათეულ ცნობას და საიდუმლოდ გადავცემდი მას. მაშინ ის საქვეყნოდ განადიდებდა ჩემს სახელს, ქებით შეამკობდა ჩემს ნიჭს. მაგრამ დიდად შევცდებოდით, თუ ვიფიქრებდით, თითქოს ამგვარი ხოტბა-დიდება მხოლოდ წმინდა ჭეშმარიტება იქნებოდა, რამეთუ არც გმობასა და არც ქებას ამქვეყნად არავითარი მტკიცე საზომი არ გააჩნია.
მაგრამ რამდენადაც ხელსაყრელი შემთხვევა უკვე გამიფრინდა, იძულებული ვარ, საკუთარ ენას მივენდო. თუმცა ხშირად კი მებორკება ენა, სიმართლეს მაინც გაუჭირვებლად გეტყვით, მით უმეტეს, რომ სიმართლის გამოსახატავად სიტყვები არც კია საჭირო, ზოგჯერ მინიშნებაც საკმარისია. აი, რატომ გიცხადებ შენ (პირველად კი არა, უკვე მეორედ), დიდად პატივცემულო მკითხველო, რომ ვერასდიდებით წუნს ვერ დასდებ ჩემს ნოველებს, რამეთუ მათ ვერც თავს უპოვი, ვერც ფეხს, ტანს ან სხვა ამგვარ რამეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ სამიჯნურო ამბები, ნოველებში აქა-იქ რომ გვხვდება, იმდენად კეთილზნეობრივი და ქრისტიანულ აზროვნებასთან შეხამებულია, რომ წინდაუხედავ ან გულაზიზ მკითხველს ქვენა ზრახვებს ვერ აღუძრავს.
მათ „სამოძღვრებო“ ვუწოდე და მართლაც, თუ საღად განვჭვრეტთ, მათში ვერ იპოვით ერთ ისეთ ნოველას, რომელიც სასარგებლო აზრს არ აღუძრავს ადამიანს. სიტყვის გაჭიანურების რომ არ მეშინოდეს, უთუოდ