ნაწილი II -
თავი ოცდამეექვსე სადაც გრძელდება ფათერაკი თოჯინების თეატრის მეპატრონესთან და გადმოცემულია სხვა, ჭეშმარიტად საყურადღებო ამბები
„დადუმდა ყველა - ტიროსელნიც და ტროადელნიც“, მე იმის თქმა მსურს, რომ მაყურებელნი სულგანაბულნი უსმენდნენ სასცენო სასწაულთა თუ საკვირველებათა ამხსნელს, როცა სცენის სიღრმიდან წინწილთა და დაფდაფთა ხმა მოისმა, რასაც ზარბაზნის გრუხუნიც მოჰყვა, მაგრამ ყველაფერი მალევე მიწყდა. მაშინ პატარა ბიჭმა ხმა აიმაღლა და ასე წარმოთქვა:
- ეს მართალი ისტორია, თქვენს ყურადღებას რომ ვთავაზობთ, მოწყალეო ხელმწიფენო, მთლიანად აღებულია ფრანგული ქრონიკებიდან და ესპანური რომანსებიდან, რომლებიც ყველას პირზე აკერია და პატარა ბავშვებსაც კი ზეპირად ახსოვთ. მასში მოთხრობილია, როგორ გაათავისუფლა ბატონმა დონ გაიფეროსმა თავისი მეუღლე მელისენდრა, რომელიც ტყვედ ჰყავდათ მავრებს ესპანეთის ქალაქ სანსუენიაში; ასე იწოდებოდა იმხანად ქალაქი სარაგოსა. შეხედეთ, ბატონებო: აგერ თვით დონ გაიფეროსი, დამჯდარა და შაშს თამაშობს, როგორც რომანსშია ნათქვამი:
ზის, შაშს თამაშობს გაიფეროსი,
უკვე არ ახსოვს მას მელისენდრა.
მაგრამ აქ სცენაზე გამოდის მეორე მოქმედი პირი, თავზე გვირგვინი ადგას და ხელში კვერთხი უჭირავს; ეს იმპერატორი კარლოს დიდია. ზემოხსენებული მელისენდრა მისი უკანონო ასული გახლავთ. იმპერატორს შეუტყვია, რომ მისი სიძე მთელ დროს უსაქმოდ და უზრუნველად ატარებს, და მის დასატუქსავად მოსულა. ხომ ხედავთ, რა გაბრაზებულია და რა უდიერად ეპყრობა სიძეს; კაცს ეგონება, თავის კვერთხს საცაა თავში სთხლიშავსო, ხოლო თუ ზოგიერთ ავტორს ვერწმუნებით, მართლაც უთხლეშია და - კარგა მაგრადაც. უყურეთ, როგორ ეჩიჩინება დონ გაიფეროსს, თუ მეუღლეს არ დაიხსნი, სირცხვილსა ჭამო, და ბოლოს, დასძენს:
მე გითხარი და შენ დაუფიქრდი.
იმასაც დაუკვირდით, მოწყალეო ხელმწიფენო, რომ იმპერატორი ზურგს შეაქცევს დონ გაიფეროსს და მარტოკა ტოვებს, გაცოფებული გაიფეროსი კი შორს მოისვრის დაფასაც და შაშის ქვებსაც, ბრძანებს, დაუყოვნებლივ მიართვან საჭურველი და თხოვნით მიმართავს თავის ბიძაშვილს დონ როლანდს, შენი ხმალი დურინდანა მათხოვეო. დონ როლანდი უარს ეუბნება ხმლის თხოვებაზე, სამაგიეროდ, სურვილს გამოთქვამს, თან გაჰყვეს და მასთან ერთად ლაშქრობის მთელი სიძნელე გაიზიაროს. მაგრამ ლომგული გაიფეროსი აღშფოთებით უარყოფს ამ წინადადებას და თავის ბიძაშვილს უცხადებს, მარტოკაც შევძლებ ჩემი მეუღლის გამოხსნას, ქვესკნელშიაც რომ ჰყავდეთ გამომწყვდეულიო. სასწრაფოდ აისხამს იარაღს და გასამგზავრებლად ემზადება. ახლა კი გთხოვთ, ბატონებო, აგერ, იმ კოშკს მიაპყროთ თვალი. ეს გახლავთ ერთ-ერთი კოშკი სარაგოსის ციხე-დარბაზისა, დღეს რომ ალხაფერია ეწოდება. აივანზე გადმომდგარი და მავრულად მორთულ-მოკაზმული ქალბატონი კი უებრო მელისენდრაა. მალიმალ აპარებს მზერას საფრანგეთს მიმავალი გზისაკენ, ოცნებით უკვე პარიზშია და თავის საყვარელ მეუღლეს ევლება თავს; ეს ერთი ნუგეშიღა ასულდგმულებს ტყვეობაში უსასოდ შთენილს. მაგრამ ახლა გელით, რაც გელით, დღემდე რომ არ ნახულა და არც გაგონილა! ხომ ხედავთ იმ მავრს, ჩუმად, ფეხაკრეფით რომ მოიპარება, მაგრად მოკუმულ ბაგეებზე თითი მიუდევს და მელისენდრას უჩუმრად უახლოვდება? ერთი უყურეთ, რა ვნებიანად კოცნის ტუჩებში, ქალი კი ზიზღით აფურთხებს, თავისი გრძელი ხალათის ქათქათა სახელოთი იწმენდს ბაგეებს, ხმამაღლა მოთქვამს და თავის მშვენიერ თმას იგლეჯს, თითქოს მისი უბედურების მიზეზი სწორედ ისინი იყვნენ. აგერ, ის დარბაისელი მავრი, ტალანში რომ დგას, სანსუენიის მეფე მარსილიოა; თავხედი მავრის აღვირახსნილობის მოწმე შეიქნა და, თუმცა, მავრი მისი ნათესავი და გულითადი მეგობარია, დაუყოვნებლივ ბრძანებს, შეიპყრონ, ორასი ჯოხი დაჰკრან და ქალაქის ხალხმრავალ ქუჩებში ჩამოატარონ, სადაც
წინ ჰეროლდები მიდიან წყებად,
კვერთხოსანთ რაზმი უკან მიჰყვება.
უცქირეთ, აგერ, უკვე გამოდიან განაჩენის აღსასრულებლად, არადა, დანაშაული სულ ცოტა ხნის წინათ მოხდა. ეს იმით აიხსნება, რომ მავრები, ჩვენგან განსხვავებით, არ სცნობენ არც ჩვენების ჩამორთმევას, არც მოწმეების დაკითხვას და არც პატიმრობას გამოძიების დასრულებამდე.
- რას ჩადი, ბიჭო? - შეუძახა დონ კიხოტმა, - პირდაპირ მისდიე ამბავს! ამდენი მიკიბვ-მოკიბვა და ღობე-ყორეს მოდება სად გაგონილა? ჭეშმარიტების მტკიცებას რა ბევრი ძიება და გამოძიება სჭირდება.
სცენის სიღრმიდან კი მაესე პედროს ხმა მოისმა:
- რაც შენი საქმე არ არის, იმაში ნუ ეჩრები, ბიჭო! ისე მოიქეცი, როგორც ბატონი რაინდი გიბრძანებს. ღიღინი გიჯობს, ღიღინი, ხმას ნუ აუწევ, თორემ, ხომ იცი, იქ გაწყდება, საცა წვრილია.
- ნება თქვენია, - მიუგო ბიჭმა და განაგრძო, - აგერ ის მხედარი, გასკონურ მოსასხამში რომ გამოხვეულა, თვით დონ გაიფეროსია, ეს კიდევ - მისი მეუღლე: რაკიღა მისი შეურაცხმყოფელი მავრი დასაჯეს, გული საგულეს ჩაუდგა და დამშვიდებული სახით გამობრძანდა აივანზე, საიდანაც მის ქვემოთ მდგარ მეუღლეს ესაუბრება, მაგრამ არ იცის, რომ მეუღლეა, ვიღაც უცნობი მგზავრი ჰგონია და იმ სიტყვებით მიმართავს მას,