ეჭვიანი ესტრემადურელი რამდენიმე წლის წინ ერთი ესტრემადურელი იდალგო მშობლიური სოფლიდან წავიდა და თავისი კეთილშობილი დედ-მამის ქონებას უძღები შვილივით ფლანგავდა ესპანეთის, იტალიისა თუ ფლანდრიის ქალაქებში. კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ (როცა მშობლები დაეხოცა, ფულიც შემოელია), იდალგომ დიდებულ ქალაქ სევილიაში ამოჰყო თავი და სულ მოკლე ხანში გაანიავა, რაც რამ ჰქონდა შემორჩენილი.
როცა ფული გამოელია და მეგობრებიც თითქმის შემოეფანტა, გადაწყვიტა, მეც იქ უნდა ვცადო ბედი, სადაც ჩვეულებრივ ეძიებენ ხსნას ქეიფსა და დროს ტარებას გადაგებული სევილიელებიო, და ამერიკაში წასვლა დააპირა ანუ იმ ქვეყანაში, რომელიც ესპანეთში ხელმოცარული, იმედგადაწურული ხალხის სავანეა, მკვლელთა სათარეშო ადგილი, მეამბოხეთა თავშესაფარი, აღვირახსნილ, გარყვნილ ქალთა საცდური და მყუდრო, კუთხე ბანქოს მოთამაშეებისთვის, რომელთაც ამ საქმეში ჩახედული ხალხი „სიერტოსს“(სიერტოს (ესპ. ciertos - სიტყვასიტყვით: „საიმედონი“, „ერთგულნი“) - ქურდების ჟარგონზე ნიშნავს „ყალთაბანდი, რომელიც კარტს თამაშობს“, შულერი. ) უწოდებს.
ხომალდთა ფლოტილიას ტერაფირმესკენ(ტერაფირმე (ესპ. Tierrafirme - სიტყვასიტყვით: „მყარი მიწა“) - ქალაქი და ნავსადგური პერუში, ესპანეთის ყოფილ კოლონიაში (სამხრეთ ამერიკა).) გეზის აღების დრო რომ დაუდგა, იდალგო მოელაპარაკა ადმირალს, მოიმარაგა საგზაოდ საჭირო ნივთები, ჩალის ჭილოფი(სამგზავროდ მოიმარაგა ჩალის ჭილოფი - ე.ი. ლეიბი: ყველა მგზავრს, ვინც კი შორეულ ნაოსნობაში მიდიოდა, თან ლოგინიც უნდა ჰქონოდა.) კადისში ჩაჯდა ხომალდში და ესპანეთის სანაპიროს ჯვარი გადასახა. ხომალდებმა დიდი ამბით, ზარ-ზეიმით აუშვეს იალქნები, ადგილიდან დაიძრნენ, ზურგის ქარის შემწეობით რამდენიმე საათში მხედველობიდან დაკარგეს ხმელეთი და გავიდნენ წყალთა უდიდესი მამის - ზღვა-ოკეანის(ზღვა-ოკეანე (ესპ. Mar Oceano) - ძველად ასე ეძახდნენ ოკეანეს. ) უკიდეგანო, მოსარკულ სივრცეში.
ჩვენი მოგზაური მწარე ფიქრებმა გაიტაცა. თვალწინ დაუდგა, წლების მანძილზე თუ რა წვალება, რა გაჭირვება გამოიარა, როცა აღვირახსნილ, ფუქსავატურ ცხოვრებას ეწეოდა, ქალაქიდან ქალაქში დაეხეტებოდა. წვრილად ჩააბარა თავს წარსულის ანგარიში და გადაწყვიტა, დღეიდან ცხოვრების ნირი შეეცვალა, მოფრთხილებოდა, თუკი მომავალში ღმერთი რაიმე შეძლებას უწყალობებდა და ქალებთანაც უფრო თავდაჭერილი ყოფილიყო, ვიდრე აქამდე იყო.
იმ დროს, როცა ფელიპო დე კარისალესს (ასე ერქვა ჩვენი მოთხრობის გმირს) სულიერი ქარიშხალი ნთქავდა, ზღვაზე თითქმის მთლად მინელდა ქარი, მაგრამ მალე ისევ ამოიჭრა და ისე მძვინვარედ დააცხრა ხომალდებს, რომ მგზავრები ფეხზე წამოყარა. ამის გამო კარისალესსაც მოუხდა ფიქრის შეწყვეტა, ისიც სხვებივით სულით ხორცამდე მიეცა იმ საზრუნავს, რაც მოგზაურობას თან სდევს. ბოლოს, ყოველგვარი ფათერაკისა და მარცხის გარეშე, მშვიდობიანად მიაღწიეს ქალაქ კართახენის ნავსადგურამდე.
თავი რომ ავარიდოთ იმის აღწერას, რასაც ჩვენს ჩანაფიქრთან პირდაპირი კავშირი არა აქვს, მოკლედ გეტყვით: როცა ფელიპო დე კარისალესი ამერიკაში ჩავიდა, ორმოცდაათი წლის გახლდათ და იმ ორი ათეული წლის მანძილზე, რაც უცხოეთში გაატარა, ჩვენმა ყარიბმა სიმარჯვისა და გულმოდგინების წყალობით ას ორმოცდაათი ათას „ნაბეჭდ“ პესოსნაბეჭდი პესო (ესპ. el peso) ვერცხლის ზოდი, რომელსაც სინჯი ჰქონდა დასმული. ისეთივე გასავალი ჰქონდა, რაც ნაბეჭდ მონეტას.) მოუყარა თავი.
ამრიგად, მდიდარი და უზრუნველი რომ შეიქნა, გულმა სამშობლოსკენ გაუწია. აჰყვა ყველასათვის გასაგებ ამ ბუნებრივ ლტოლვას, გადაწყვიტა, ხელი აეღო რამდენიმე მომგებიან გარიგებაზე, რომელსაც სთავაზობდნენ, დატოვა პერუ, სადაც სიმდიდრე მოიხვეჭა, მთელი თავისი ქონება ოქროსა და ვერცხლის ზოდებად აქცია, ხიფათის თავიდან ასაცილებლად აღწერით ჩააბარა ზოდები და ესპანეთში გაემგზავრა.
წლებისა და სიმდიდრის ტვირთით დამძიმებული კარისალესი სანლუკარეში გადმოვიდა ხომალდიდან და მაშინვე სევილიაში გაემგზავრა. იქ უკლებლივ მიიღო თავისი მონაგარი, მერე მეგობრები მოიკითხა, მაგრამ ვერავინ ნახა, რადგან ყველა გამწყდარიყო. მართალია, გაგებული ჰქონდა, რომ მისი ნათესავებიდან ერთიც აღარ იყო ცოცხალი, მაინც სამშობლო კუთხის ნახვა მოიწადინა.
როცა ღატაკი, გაჭირვებული იდალგო ამერიკაში გაემგზავრა, ათასნაირი საზრუნავი გულს უღონებდა და აბობოქრებულ ზღვაშიც წუთითაც არ ასვენებდა ფიქრი, მაგრამ ვერც მშვიდობიან ხმელეთზე პოვა მოსვენება, რადგან ახლა სხვა სადარდელი გაუჩნდა. თუ აქამდე კარისალესს სიღატაკე არ აძინებდა, ახლა სიმდიდრემ დაუფრთხო ძილი, ვინაიდან სიმდიდრე შეუჩვეველი ადამიანისთვის, ვინც ხეირიანად არ იცის მისი მოხმარება, ისეთივე მძიმე ტვირთია, როგორც სიღარიბე, რომელსაც კაცი მთელი სიცოცხლის მანძილზე თავს ვერ აღწევს. ფიქრი და საზრუნავი როგორც ქონებასთანაა განუყოფელი, ისევე უქონლობასთან, და რაც უფრო მდიდრდება ადამიანი, მით უფრო ემატება საფიქრალი.
კარისალესს სულ თავის ზოდებზე ეჭირა თვალი, მაგრამ ეს სიძუნწით კი არ მოსდიოდა - ჯარში ყოფნისას გულუხვობა ისწავლა, - არამედ იმიტომ, რომ ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა სიმდიდრისთვის. ზოდებად თუ დატოვებდა, დიდ ზარალს ნახავდა, შინ შენახვაც საშიში იყო, ათასი მოღიჯინე გაუჩნდებოდა და ავაზაკებსაც მოიზიდავდა, რაკი ვაჭრობის მოუსვენარ საქმეს ვეღარ დაუბრუნდებოდა, რადგან ამის სურვილი არ