ნაწილი I -
თავი ოცდამეთექვსმეტე
სადაც მოთხრობილია ფუნდუკში
მომხდარი სხვა იშვიათი ამბები
ამ დროს კარიბჭესთან მდგარმა მეფუნდუკემ წამოიძახა:
- ვაჰ, რა დიდებული სტუმრები მოდიან! თუ აქ ჩამოხტნენ, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
- რა ხალხია? - იკითხა კარდენიომ.
- ოთხი მხედარია, - მიუგო მეფუნდუკემ, - კოხტად დარახტული ცხენებით, შუბებითა და ფარებით; ოთხივეს შავი ნიღბები უკეთია. თან ვიღაც ბანოვანი მოჰყავთ, ცხენზე ქალურად მჯდარი, თეთრებით მოსილი და სახეზე პირბადეჩამოფარებული. უკან ორი მსახური მოსდევთ ქვეითად.
- ახლოს არიან? - იკითხა მღვდელმა.
- ისე ახლოს, რომ საცაა ჭიშკარში შემოვლენ, - მიუგო მეფუნდუკემ.
ამის გაგონებაზე დოროთეამ პირბადე ჩამოიფარა, კარდენიო კი დონ კიხოტის ოთახში გავიდა. ეს იყო და ეს, მეტი ვერაფერი მოასწრეს, რომ მეფუნდუკის მიერ აღწერილი მგზავრები ეზოში შემოვიდნენ. ოთხი ახოვანი და წარმოსადეგი მხედარი ჩამოქვეითდა და ქალსაც ხელი შეაშველეს, რომ ცხენიდან ჩამომხტარიყო: ერთმა მათგანმა ატატებული შემოიყვანა და იმ ოთახის კართან მდგომ სავარძელში ჩასვა, რომელსაც კარდენიომ შეაფარა თავი. მთელი ამ ხნის განმავლობაში არც კაცებსა და არც მათ თანამგზავრ ქალს ხმა არ ამოუღიათ. მხოლოდ სავარძელში რომ ჩაჯდა, ქალმა მწარედ ამოიოხრა და ხელები უმწეოდ დაუშვა ძირს. მსახურებმა ცხენები საჯინიბოში შეიყვანეს.
მღვდელს მოთმინება აღარ ჰყოფნიდა, ისე ძალიან უნდოდა გაეგო, ვინ იყო ეს ხალხი, რად ეცვათ ასე უცნაურად ან რატომ დუმდნენ. ამიტომაც მსახურებს მიაშურა და ერთ მათგანს მგზავრების ვინაობა ჰკითხა, რაზედაც მსახურმა მიუგო:
- მართალი გითხრათ, თვითონაც არ ვიცი, სენიორ, ვინაა ეს ხალხი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უბრალო ხალხი არ უნდა იყოს, მით უმეტეს, ის, ქალი რომ ხელში აიტაცა. ამას იქიდან ვასკვნი, რომ დანარჩენები დიდი მოწიწებით ექცევიან და, რასაც უბრძანებს, უყოყმანოდ უსრულებენ.
- ქალი ვინღაა? - ჰკითხა მღვდელმა.
- ვერც მაგას მოგახსენებთ, - მიუგო მსახურმა, - ამხელა გზა გამოვიარეთ და მისი სახისთვის ერთხელაც არ მომიკრავს თვალი. ოხვრით კი, იცოცხლე, ერთთავად ოხრავს და ისეთნაირად ამოიგმინებს ხოლმე, გეგონებათ, სულსაც თან ამოაყოლებსო. თუმცა რა გასაკვირია, რომ იმის მეტი არა ვიცით რა, რაც მოგახსენეთ, ვინაიდან სულ ორი დღეა, რაც მე და ჩემი ამხანაგი მაგათ მოვაცილებთ. გზაში შემოგვხვდნენ და კაი გვარიან გასამრჯელოს შეგვპირდნენ, თუ ანდალუსიამდე გამოგვყვებითო. ჰოდა, ჩვენც ფეხდაფეხ მივსდევთ.
- არც სახელით მიუმართავთ ერთმანეთისთვის? - კვლავ ჰკითხა მღვდელმა.
- არა, ჩემმა მზემ, - მიუგო მსახურმა, - რაც მოვდივართ, კრინტიც არ დაუძრავთ, საკვირველია, ღმერთმანი. ამ საბრალო ქალის ოხვრისა და გულსაკლავი ქვითინის მეტი არაფერი გაგვიგონია. მაგისი საცოდაობით დავიწვით. როგორც ეტყობა, ძალით მიჰყავთ, მაგრამ სად, მაგისას კი ვერაფერს გეტყვით. ტანისამოსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მონაზონი უნდა იყოს ან მონაზვნად აღკვეცას აპირებდეს, მაგრამ თავისი ნებით კი არა, და, ალბათ, ამიტომაცაა ასე მწუხარე.
- ადვილი შესაძლებელია, - თქვა მღვდელმა.
მსახურები დატოვა და დოროთეასთან მივიდა, რომელსაც პირბადიანი ქალის ოხვრამ სიბრალულის ბუნებრივი გრძნობა აღუძრა გულში; ამიტომაც მიუახლოვდა უცნობს და უთხრა:
- რა გაწუხებთ, ჩემო ძვირფასო? თუ ეგ თქვენი მწუხარება იმნაირია, რომ ქალს თავისი გამოცდილებით შეუძლია გაგიქარვოთ, მითხარით და სიამოვნებით გაგიწევთ სამსახურს.
საბრალოს ხმა არ ამოუღია. დოროთეა არ მოეშვა და უფრო დაჟინებით შესთავაზა თავისი სამსახური, მაგრამ ქალი კვლავინდებურად დუმდა. ამ დროს მისი თანამგზავრი დაბრუნდა (სწორედ ის, ვისაც, მსახურის სიტყვით, ყველანი ემორჩილებოდნენ) და დოროთეას უთხრა:
- ნუ წუხდებით, ქალბატონო. რანაირი სამსახურიც უნდა შესთავაზოთ, ამ უმადურს ასე სჩვევია: მადლობას მაინც არავის ეტყვის. ნურც პასუხს მოითხოვთ ეგრე დაჟინებით; სულერთია, მაგისი პირიდან სიცრუის მეტი არა ამოვა რა.
- სიცრუე თავის დღეში არ მითქვამს! - მოულოდნელად წამოიძახა აქამდის მდუმარე ქალმა, - პირიქით, ალალ-მართალი რომ ვიყავი და თვალთმაქცობა არ შემეძლო, სწორედ ამიტომ მერგო წილად ესოდენ მწარე ხვედრი; თქვენ თვითონვე მოგიხმობთ მოწმედ, ვინაიდან ჩემმა სიწრფელემ ცრუპენტელად და ფიცისგამტეხად გაქციათ.
კარდენიომ მკაფიოდ და გარკვევით გაიგონა ეს სიტყვები, ვინაიდან დონ კიხოტის ოთახში იმყოფებოდა და მათი წარმომთქმელისაგან მხოლოდ კარი აშორებდა; გაიგონა და ხმამაღლა წამოიძახა:
- ღმერთო ჩემო! ეს რა მესმის? ვისი ხმა მოსწვდა ჩემს ყურს?
უჩვეულოდ აღელვებულმა და განცვიფრებულმა ქალმა იქითკენ გაიხედა, საიდანაც ხმა შემოესმა, მაგრამ მისმა თანამგზავრმა შეაჩერა და ნაბიჯიც აღარ გადაადგმევინა. შეშფოთებულ ქალს პირბადე ჩამოუვარდა და იქ მყოფთ თვალწინ წარმოუდგა მისი მომნუსხველი მშვენიერება - ღვთაებრივი, თუმცაღა ფერმიხდილი სახე, რომელიც ძალზე შემკრთალი ჩანდა, რადგანაც უცნაურად აცეცებდა თვალებს