მიგელ დე სერვანტეს საავედრა (1547-1616)
მიგელ დე სერვანტეს საავედრა დაიბადა გაღარიბებული აზნაურის ოჯახში ქალაქ ალკალა-დე-ენარესში. იდალგო როდრიგო დე სერვანტესისა და დონია ლეონორ დეკორტინას ოჯახში შვიდი ბავშვი იზრდებოდა, მათ შორის მეოთხე გახლდათ მიგელი, მომავალში გამოჩენილი მწერალი, რომელიც თანამედროვე გაგებით პირველი რომანის - „მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი“ ავტორადაა მიჩნეული.
მისი ბავშვობის შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. დანამდვილებით არ არის ცნობილი და ვერსიის დონეზე რჩება ისიც, რომ მშობლიურ ქალაქში მიღებული პირველდაწყებითი განათლების შემდეგ, ქალაქ სალამანკის უნივერსიტეტში სწავლობდა.
ზუსტად არც ისაა ცნობილი, თუ რამ აიძულა კასტილიიდან იტალიაში წასვლა, მაგრამ დადგენილი ფაქტია - რომში ცხოვრების დროს, აღორძინების ეპოქის ხელოვნებასთან ზიარების ფართო შესაძლებლობა მიეცა.
1570 წელს მიგელი ნეაპოლში განლაგებულ ესპანურ სამხედრო ნაწილში შევიდა, რომლის შემადგენლობაშიც 1571 წლის 7 ოქტომბერს თურქების ფლოტილიასთან ლეპანტოს ბრძოლაში მონაწილეობდა, სიმამაცით თავი გამოიჩინა და მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად, დახეიბრდა კიდეც - მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მარცხენა მკლავი უმოქმედოდ დარჩა. და მაინც, ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ კიდევ 4 წელი მსახურობდა ესპანურ ჯარში; მონაწილეობდა კორფუსა და ნავარინოს ექსპედიციებშიც.
1575 წლის სექტემბერში, ნეაპოლიდან ბარსელონაში გემით მგზავრობის დროს, მიგელი ძმასთან ერთად, ალჟირელმა მეკობრეებმა დაატყვევეს. მომავალ მწერალს ტყვეობაში ხუთი წლის გატარებამ მოუწია. ოთხჯერ სცადა გაქცევა, მაგრამ - ამაოდ. რაკი სერვანტესს გამტაცებლებმა მეფისადმი ჰერცოგ სესეს გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილები უპოვეს, წარჩინებულ პიროვნებად მიიჩნიეს და მის გამოსასყიდად დიდი თანხა მოითხოვეს. ბოლოს და ბოლოს, ოჯახმა გაჭირვებით შეძლო გამოსასყიდის შეგროვება და 1580 წელს სერვანტესი წმ. სამების ორდენის დახმარებით, სამშობლოში დაბრუნდა.
მაგრამ ამით სერვანტესის ცხოვრების უიღბლო ნაწილი როდი დასრულდა. თუმცა უკვე ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა, „გალატეა“ და არაერთი პიესაც ჰქონდა დაწერილი, სარჩოს საშოვნელად, სახელმწიფო სამსახურში ჩადგომა მოუხდა, თაღლითის მსხვერპლი შეიქნა და 1597 წელს, როგორც სახელმწიფო სახსრების გამფლანგველი, საპატიმროში მოხვდა. მის ცხოვრებაში მომდევნო 5-6 წლის შესახებ ცნობები არ მოიპოვება და მხოლოდ ერთია ნათელი - სერვანტესს ლიტერატურული საქმიანობა არ შეუწყვეტია.
1604 წელს „დონ კიხოტის“ პირველი ნაწილი გამოვიდა, რომელსაც უმალ უდიდესი წარმატება ხვდა წილად: პირველი ტირაჟი რამდენიმე კვირაში გაიყიდა, ხოლო იმავე წელს კიდევ ოთხი გამოცემა გამოვიდა დღის სინათლეზე; უცხო ენებზეც მალე ითარგმნა და ავტორს ევროპაშიც გაუთქვა სახელი, თუმცა, არათუ სიმდიდრე, არამედ მატერიალური კეთილდღეობაც კი ვერ მოუტანა.
1604-დან 1616 წლამდე პერიოდში შეიქმნა: „დონ კიხოტის“ მეორე ნაწილი, ნოველები, დრამატული ნაწარმოებების დიდი ნაწილი, პოემა „მოგზაურობა პარნასზე“ და, ავტორის სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე - რომანი „პერსილესისა და სიხისმუნდას ვნებანი“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა.
სერვანტესი, სავსებით სამართლიანად, უპირველესად, „დონ კიხოტის“ ავტორადაა ცნობილი მთელ მსოფლიოში, მაგრამ ძალზე დასანანია, რომ მისი საუცხოო „სამოძღვრებო ნოველები“ მივიწყებულია. მაგალითად, საქართველოში მხოლოდ ერთხელ, ისიც ძალზე დიდი ხნის წინ, 1965 წელს გამოიცა. ამიტომაც ვფიქრობთ, „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ სერვანტესის ხუთტომეული გამორჩეული იქნება ამ თხზულებების „გაცოცხლებით“.