1 - სამს ოცი წუთი აკლდა
- გავაფორმე!
თქვა გუგამ, კარი გამოიხურა და სკამზე ჩამოჯდა უცნაურად კმაყოფილი, აღელვებული. შუბლი და თვალები დასწითლებოდა, ტუჩთან თუ უფრო ზემოთ, ძველი ნაიარევი გამიზეზებოდა, მაგრამ სიხარულის კვალი კარგად აჩნდა სახეზე. ყურთან გაჩრილი სიგარეტი ოსტატურად ჩამოიღო, პირში ჩაიდო და გამომწვევად გადმოიხარა. რომელიღაცამ, მგონი, ვინც ახლო იყო, ასანთი შეაგება.
- რიგში აკოა შემდეგი. ვიცავთ რიგს? - სიგარეტის სქელი კვამლი დატრიალდა ჰაერში. გუგამ ხის გრძელ სკამზე ჩამომსხდრებს გადმოგვხედა - ბლომად ვიყავით - მერე აკოს დაჰკრა მხარზე და კარისკენ მიუთითა.
- მალე მორჩება? - წამოიწია ოთო. ხელში ხის ლამაზტარიანი ჯაყვა ეჭირა, მოუსვენრად ათამაშებდა, გახსნიდა, დაკეცავდა, ჯიბეში ჩააპარებდა, ისევ ამოაცურებდა, ისევ გახსნიდა, დაკეცავდა. ველვეტის გაცვეთილი, დალაქავებული შარვლის ჯიბეში შავი დღისთვის გადანახული სიგარეტის ღერები ეყარა, კოხტად დაკეცილი ცხვირსახოცი თუ ახლად ნაშოვნი ჯაყვა, რომლის წარმომავლობაც ისეთივე საეჭვო იყო, როგორც ის ვერსია, თვითონ რომ ჰყვებოდა ხალხში - ერთ ძველ ბიჭს ავახიეო - და ბევრს სჯეროდა ამისი.
- შენც არ გამიხდე ოფისმენეჯერი! რა გეჩქარება, ბიჭო... - ჩაიქირქილა გუგამ და ნატკენ ტუჩზე მოისვა ხელი, - ესეც რა იქნა გაუთავებელი... ცოლს მოიშორებ... შემაჯდება ტილივით და მთელი ზამთარი უნდა ითმინო... ვისთან არ ვიყავი - წამალიო, წყალი არ შეისხა, არ გაილოკოო... ბარემ ჩადრს გავიკეთებ და ვივლი შეჰერაზადასავით!
ბოლო სიტყვა თითქმის დამარცვლით თქვა, მუსიკალურად და ხველებაც ამოაყოლა.
- სად ითრიე? - მგონი, რეზიკომ იკითხა, უცებ, მორცხვად, თავისთვის და ჰაერში დარჩა კარისკენ გაშვერილი ცერათითი. საერთოდ, მორიდებული ბიჭი იყო და თვალებში ჩახედვისა რცხვენოდა. ეშინოდაო, ვერ იტყვი, მაგის შიში არც მინახავს და სხვისგანაც არ მსმენია, სადმე დამფრთხალიყოს. უფრო პირიქით - ერთხელ, პოლიცია რომ დაგვადგა ჩხუბის დროს (ვიღაცას გამოუძახია თურმე, უსაშველო და უკონტროლო რომ შეიქნა მდგომარეობა), ყველა დავფრთხით, დავიფანტეთ და რეზიკო შერჩა ფორმიანებს. იმათაც შეცოდებიათ მარტო დარჩენილი და - წადი, მოშორდი აქედან, აღარ დაგვენახოო.
არც ის მახსოვს, ამ ამბავზე ეტრაბახოს სადმე. ვიღაც რომ ყოფილიყო, ცა და მიწას შეაწრიალებდა, თავზე დაგვაფარებდა ყველას, მაგრამ ამას ხმა არ ამოუღია, არც წყენა შეტყობია მაინცდამაინც.
ტრაბახი მისი საქმე არ იყო, აღარ გამოსდიოდა. აი, გუგა კი, სხვის ჩადენილ ბიჭობას ისე გაათამაშებდა, ისე დაგიხაზავდა, ეჭვის ნატამალსაც არ დაირჩენდი.
- სად ვითრიე და, - გამომწვევად გახედა რეზიკოს, - რაც მე მაგას ვეჩალიჩე...
- აბა, არ იძლევაო?
- იცი რა, არსებობს მოცემულობა, რომელსაც თუ არ შეეხები, არ მოიშინაურებ, ყოველთვის უცხო დარჩება. ასეა ქალი, ძმაო. მოჩვევის ათასი ხერხი ვიცით მასტერებმა: ყურადღება, საჩუქარი, მიდი-მოდი, შეწუხება, ზოგჯერ თავიც უნდა მოაბეზრო, პრიჩინას უნდა ეძებდე სანახავად და რა ვიცი, კიდე...
- ყველაზე არ ჭრის ეგა.
- მასეთების წამალი ჩვენა ვართ, ძმაო. თავიდან კი, მართალი გითხრა, გამიჭირდა, უარზე წავიდა, მე ამის მკისრებელი არა ვარო. საიდან არ მოვუარე, გავძვერ-გამოვძვერი, მაგის დაქალებთან დავიჭირე კაი დოინჯი, მაგრამ თურმე ტყუილა წვალობ. მერე გავიგე, მე რომ აქედან ვეჩალიჩები, ის ვიღაცასთან დაგულაობს ღამღამობით! მაშინ ამასხა, მაგრამ რას იზამ - არ უნდიხარ და ხომ არ მოკლავ, არ უნდიხარ და მორჩა. შევეშვი მეგონა და ერთ დილას სკოლაში შემხვდა, ეზოში ვიდექით ბიჭები, ხელი დამიქნია და მივედი. მეუბნება: ტორტი გაგისინჯავს? კი-მეთქი. როგორია? - მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ უკან არ დავიხიე, - ასწორებს! ხოდა, შენისთანებისთვის ქალი და ტორტი ერთია, ორივე ასწორებს, ამიტო გირჩევ, ტორტი ჭამო, უფრო მოერევი! მითხრა თუ არა, ძაგძაგი დამიწყო გულმა. მეთქი, არ შეგარჩენ, ეშმაკის დასმულო, მე არ ვიყო გუგა ხიდიშელი, მთელი ქალაქი თუ შენზე არ ვალაპარაკე-თქო.
ოთახიდან ხმაური და კვნესა მოისმა, რეზიკოს ცალყბად გაეღიმა, თავი მოატრიალა ოდნავ და წამოდგა ხის სკამიდან.
- წვალობს აკო, საწყალი! - უცებ წამოვროშე, ენაზე რაც მომადგა. გუგამ თვალი ჩამიკრა, ნაპერწკლები გაუკრთა შიგნით:
- წვალებით იწყება. მაგი მორთმეულსაა მიჩვეული, მამამისმა გაატუტუცა. შვილს, როგორი ვიგინდარაც არ უნდა იყოს, მაინც უტყდება ხალხის თვალში, მშობლების გაქაჩული რომაა. თავიდან გაქცევის ეშინია, მთლად ქუჩაში არ დავრჩეო, მაგრამ ხანდახან გამოსდის გაქცევები. აკოც, ახლა მანდ რომ შეიკეტა, კი არ ფიქრობს, ბნელ და ცივ ოთახში, ძმაკაცის ნახმარ გოგოსთან რა ჭირი მინდაო, სული უკაწკაწებს სიხარულისგან, მამამისის კლანჭებს რომ დააღწია თავი.
ოთოს ჯაყვა გაუვარდა სიცილისგან. დაკუზვა სცადა, მაგრამ რეზიკომ დაასწრო,