სააქაოს მემუარები
მათ გზა ელოდათ
დამსოფლიოსუდიდესიეკლესიის, იამასუკროს ნოტრდამის ბაზილიკიდან გამოვიდა აბატი და დამსწრე საზოგადოებას ახარა:„დღესდაიბადათავისუფალიკათოლიკე, სახელად მეთიუ!“
და მსოფლიოში ყველაზე დიდი მეჩეთიდან გამოვიდა შობის ხალისით აყვანილი მოლა და ლოცვად განამაზებულ მუსლიმებს ახარა: „დღეს დაიბადა თავისუფალი მუსლიმი, სახელად ალი“.
და მსოფლიოს ყველაზე დიდი სინაგოგის, ემანუელის სალოცავიდან გამოვიდა თვალმარჩხი რაბინი და სამყაროს ჰურიებს ახარა: „დღეს დაიბადა თავისუფალი ებრაელი, სახელად მოშე“.
და მსოფლიოს ყველაზე დიდი ბუდისტური ტაძრიდან, ბორობუდურიდან გამოიცეცა წელში მოდრეკილი ბრაჰმანი და საზოგადოებას განუცხადა: „დღეს დაიბადა თავისუფალი ბუდისტი, სახელად სვამი“.
და ერთი პატარა ქვეყნის პატარა კუთხის პატარა ქალაქის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან გამოვიდა მამა ფრიდონი და მრევლს ახარა: „დღეს დაიბადა თავისუფალი მართლმადიდებელი, სახელად გიორგი“.
მათ ერთად იხილეს ცის პორტრეტი, მიწის პალიტრა, ერთად წაუსვეს ხელი ცხოვრების მოლბერტზე, ერთად წაიცხეს ადამიანურობის ფერ-უმარილი.
მათ გზა ელოდათ.
მათ გზა განამზადებდა ერთხმად აესხათ საუკუნის საგზალი, ტერფებზე შემოეცვითათ ყველგანმავალი ქალამნები, გუგებში ჩაეწყოთ ლურჯშავმწვანე ფერი, წარბით შემოღობილი ფართოდ გახელილი ხოჭოები.
მათ გზა განამზადებდა იალაღებისკენ. მათ უნდა ხსომებოდათ, რა იყო, რა მოხდა გუშინ, რა ამოძრავებდა დღევანდელს, რას ელოდა მერმისი!
მათ გზა განამზადებდა სიყვარულისაკენ. სიყვარული იყო მათი გულის ტრაფარეტზე დაწერილი პირად-პირადი, მათი გრძნობის სიცხელე და წერამწერლის შეცდომა, მოაზროვნე ცხოველებს რომ ოცნება უსახსოვრა.
მათ გზა განამზადებდა ჩამოსცლოდნენ დედის კალთას, მოშვებოდნენ ტირილსა და უიმედობას, არ ჩასძინებოდათ და გაფრთხილებოდნენ ძველს.
მათ გზა განამზადებდა ღვთისკენ.
თავიდან
გაიჭინთეთ, ქალბატონო, გაიჭინთეთ, თორემ არ გამოგვივა არაფერი, შრომა წყალში ჩაგვეყრება. ღრმად ისუნთქეთ, შეეცადეთ უფრო ღრმად გაიჭინთოთ.აი,ასე! ფეხები გააჩერეთ. ნუ ცახცახებთ. ნაყოფზე იმოქმედებს, ქალბატონო! რად გინდათ ეხლა ხეიბარი ბავშვი, ღმერთმა გაშოროთ... გაიჭინთეთ. მედდა, ხელის მტევნები დაუმაგრეთ ქალბატონს, ერთიანად ცახცახებს. მშვიდად, წყნარად. ასე თუ გააგრძელებთ, მშობიარობა არ შედგება და ხელოვნური გაკვეთით იქნება ბავშვი ამოსაყვანი. გეშინიათ ხომ საკეისროსი? ამიტომაც სულ რაღაც ოცი წუთი უნდა მოითმინოთ, მეტი კი არა. გაიჭინთეთ! ყოოჩაღ! კარგია. ხომ შეგძლებიათ. ისუნთქეთ. ღრმად ისუნთქეთ. „ო, მიდიცინა, მიდიცინა – გენია გიპოკრატა!“ ჰოო, ისუნთქეთ, ისუნთქეთ, თორე თქვენი ბიზნესმენი მამა არც დაპირებულ მანქანასა და ბინას მოგცემთ და ჩვენც დავრჩებით ექიმის ამ მათხოვრულ ხელფასზე, საჩუქრის გარეშე... გაიჭინთეთ, ქალბატონო. ხედავთ, რა ამაყი ბავშვი იბადება. ცალი ფეხი უკვე გამოყო. ნამდვილი აქილევსის ქუსლი, ღმერთმა გაზარდოს აქილევსივით ძლიერი! ესეც მეორე. წამოვიდა, წამოვიდა, წამოვიდა. ეხლა ცოტა გეტკინებათ, ქალბატონო, სუულ ცოტა მოითმინეთ. ეხლა მწარე ჩხვლეტასავით რაღაცას იგრძნობთ. მოითმინეთ. გაიჭინთეთ. აი, ასე. ყოჩაღ! კარგია! გამოვიდა! გამოვიდა! ბიჭია, ბიჭი!
ჭირის ოფლი
დარროგა!დარროგა!გზამომეცით! ღონივრად ჩავჭიდებივარ ჩემს ორთვალას და აღმართზე მივათრევ. მთელი საყოფაცხოვრებო ავლადიდებაა ზედ შემოწყობილი: პურის ფქვილი პატარა ტომრით, სიმინდიც, კუთხეში მიკუნცხული. პარკებში – კიტრი, პომიდორი, პილპილი. უფრო მოშავო პარკში – შაქარი, რძის ფხვნილი და მარილი. ალბათ გაიკვირვეთ, არადა ამ ხანობაში, რაც ოჯახს გაუჭირდა და ბაზარში შავმუშად გავედი, ყველა ჯურის საქონელს ზედვე ვცნობ. კლიენტებად ხშირად ნაცნობი ხალხი მყავს, ერთი და იმავე საქონლით რომ იგრუზებიან სახლისკენ. სრედნი ხალხია, აბა, მდიდარი როგორ იკადრებს კუჭის საყორავის ურიკაზე შემოწყობას. არ მიყვარს ეგეთები! ადამიანური სახე დაჰკარგვიათ, ფერიც არ ადევთ ადამიანისა, რაღაც ჭარბი სიმუქე და გადამეტებული სითეთრე აქვთ სახეზე, ფაიზაღი მკვდარი გეგონება. მათგან გამორჩევით, მე, ძმაო, საღამოობით, როცა არავის არაფერი აქვს წასაღები და ბაზარი დაცლილია, გადავხუხავ სანეტარო სოფლის არაყს, არხეინად წამოვწვები ჩემს ჯორზე და მთელი დღის ნამუშევარი,ძალაგამოცლილი,ბედნიერ ხვრინვას ამოვუშვებ.
მიცემითი ბრუნვა
ვირს ფლოქვი დაუცურდა პრიალა ასფალტზე, ორთვალას კოფოზე შემოკოსებულ ბერიკაცს სადავე გაუვარდა ხელიდან, ვირი გაჩერდა. „ძიე, შეშას ყიდი?“ მოხუცი თავიდან ვერ გაერკვა მარტივ შეკითხვაში, ასე სხარტად რომ ატაკეს, დუნე თვალები ააყოლა ვირის შარდს, ძუაზე ჩაკონწიალებულ მწვირეს და უპასუხა: „კი, ვყიდი“ და არაყი მოითხოვა მომხვდურთაგან. ორგროშიანმა მაწანწალებმა სახელდახელოდ დააძვრეს ნაცადი შემოთავაზება – ოჯახის არაყი. მოხუცმა მუსიკალური ხველებით ამოახროტინა ფილტვში დარჩენილი თამბაქო, მეორე ხელზე შეიმშრალა ლეზვი და ნერწყვი, მერე პერანგზე შეიმშრალა, მერე ის პერანგი სათუთად დამალა ჯუბის ქვეშ. მერე თქვა: „კი, როგორც თქვენ მკითხეთ, კეთილო ახალგაზრდა, ვყიდი. ვყიდი. ვყიდი ყველაფერს: ჩემს ტყეში სხვისი ცულით მოკვეთილ მტირალა ხეებს, ვყიდი იმ ტყესაც, ათადან-ბაბადან შემონახულს, ვყიდი სახლ-კარსაც, გავერანებულს, მწუხარებაში ჩაფლული ჩემს დედაკაცსაცვყიდი,შავირომშემოაცვდა ჩემი მემკვიდრის სიკვდილიდან, ვყიდი ტაჭკასთან ერთად ამ ბედშავ ვირსაც – ჩემს ჭირთან ხელიხელგაყრილს, ამ ვირის ქაქასაც ვყიდი, ვიცი, გამოჩნდებიან ქაქის მჭამელებიც ამ გადმობრუნებულ დროის