საზღაური - თქვენ რომ ამბობთ, - თქვა ფერანმა, - ცხოვრებაში ყველაფერი ანაზღაურდებაო, აბა მითხარით, სად არის ამ ამბავში ანაზღაურება?
ორი წლის წინ ოსტენდის ერთ სასტუმროში თარჯიმნად ვმუშაობდი. მთელ დღეს ზღვის პირას ვატარებდი გემების მოლოდინში, რომელთაც ჩემი მსხვერპლი - ტურისტები უნდა ჩამოეყვანა. იმ წელს იქ ერთ ახალგაზრდას იაფფასიანი სამკაულების სავაჭრო ფარდული ჰქონდა გახსნილი. იმ კაცს ყველა ჩაკ-ჩაკს ეძახდა; ნამდვილად რა ერქვა, არ ვიცი. ისე კი კარგად ვიცნობდი - ჩვენ, თარჯიმნები, ყველას ვიცნობთ. სამხრეთ იტალიიდან იყო და იტალიელად ასაღებდა თავს, მაგრამ წარმოშობით ალჟირელი ებრაელი უნდა ყოფილიყო. გამჭრიახი ბიჭი ჩანდა და იცოდა, ებრაელობით ინგლისის გარდა ხეირს ვერსად ნახავდა. მისი ცხვირისა და ლამაზი ხუჭუჭა თავის დანახვისთანავე ამ საგანზე, ცხადია, სათქმელი აღარაფერი რჩებოდა. ტანსაცმელი ვიღაც ინგლისელ ტურისტს ეჩუქებინა. ფლანელის შარვალი, ძველი ხიფთანი და ცილინდრი. შეუსაბამოა? ოღონდაც. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, მუქთად ჰქონდა ნაშოვნი! ერთადერთი, რაც მის გარეგნობას შეჰფეროდა, თავისუფლად ბოლოებჩაშვებული ყელსაბამი გახლდათ, რომელსაც უსაყელოოდ ატარებდა. ტანმორჩილი და კაფანდარა იყო და არცაა გასაკვირი - დილიდან საღამომდე ნახევარ გირვანქა პურის ანდა ამდენივე მაკარონისა და პატარა ნაჭერი ყველის მეტს არაფერს ჭამდა. ხანდახან, უქმე დღეებში, ცოტაოდენ ძეხვსაც გამოურევდა ხოლმე. ტანსრული კაცისთვის შეკერილ ტანსაცმელში გამოწყობილი მისი დიდი და ლამაზთავიანი პატარა სხეული საფრთხობელას ჰგავდა. ეს „იტალიელები“ დასავლეთის ჩინელები არიან. ცხოვრების მძიმე პირობები მათ სამშობლოდან ერეკება და კალიებივით თუ შუა აზიის ძველი მომთაბარე ტომებივით მთელ ქვეყანას ედებიან. ყველგან აარსებენ ერთგვარ სათვისტომოებს, რომლებიც დასაწყისში ხელს უმართავენ და რაკი ერთხელ იშოვიან თავიანთ შესაფერ წვრილმან სავაჭროს, არღანს ან სხვა ამგვარებს, აღარც ჭამენ, აღარც სვამენ, ფულს არ ხარჯავენ. თამბაქოს თუ ეწევიან? როგორ არა, მოწევენ, თუ გაუმასპინძლდები. ზოგს თან ქალებიც მოჰყავს, უმრავლესობა კი მარტო მოდის - ასე უფრო სწრაფად აგროვებენ ფულს. მათი მიზანია ორასი-სამასი გირვანქა მოაგროვონ და გამდიდრებულები დაბრუნდნენ იტალიაში. თუ იტალიაში ყოფილხართ და იტალიელებს იცნობთ, გაგაოცებთ სამშობლოს გარეთ მათი შრომისუნარიანობა და ხელმომჭირნეობა - ნამდვილი ჩინელები არიან. ჩაკ-ჩაკი მარტო იყო და მონასავით შრომობდა, დილიდან საღამომდე დახლს არ სცილდებოდა. არც სიცხეს ეპუებოდა, არც ავდარს. ბევრჯერ გალუმპულა, მაგრამ გამვლელ-გამომვლელს მაინც უღიმოდა და რაიმე ზიზილ-პიპილებს სთავაზობდა. ყოველთვის ცდილობდა ქალებზე შთაბეჭდილება მოეხდინა, რადგან თითქმის მთელ საქონელს ქალებში ასაღებდა, განსაკუთრებით მსუბუქი ყოფაქცევის ქალებში. ოჰ! როგორ აცქერდებოდა ქალებს დიდრონი თვალებით! ვნებიანად, შეიძლება ითქვას, ავხორცულადაც კი; მაგრამ, მოგეხსენებათ, ამისთვის ფულია საჭირო, მას კი ფული არ ემეტებოდა. დღეში ექვს პენის კმარობდა. ორ პენის საჭმელში ხარჯავდა, ოთხს კი საწოლის ქირად იხდიდა ერთ კაფეში, სადაც ღამღამობით ბევრი მისნაირი ჩიტი იყრიდა თავს. კვირაში სამი შილინგი და ექვსი პენი ეხარჯებოდა. სხვა ჯურის ადამიანი დიდხანს ვერ გაუძლებს ასეთ პირობებს. მე ათ პენიზე ნაკლებს არასოდეს ვხარჯავ და ვერ ვიტყვი, ჩემი ცხოვრება ვარდებით იყოს მოფენილი. ერთი კია, თამბაქოს არასოდეს ვიკლებ (ერთი ცოდვა მთლად ღატაკსაც ეპატიება). მაგრამ ამ „იტალიელებს“ ეს ცოდვაც არ გააჩნიათ. ჩაკ-ჩაკი ვაჭრობდა. იტყვით, არც ისე ძნელი საქმეაო. მაშ, აბა სცადეთ, თუნდაც ნახევარი საათი დახლთან დგომა. სცადეთ და გაყიდეთ რაიმე კარგი; ხოლო ჩაკ-ჩაკს კარგი არაფერი გააჩნდა - მხოლოდ ხელოვნური მარჯნის სამკაულები, იტალიურად მომინანქრებული ქინძისთავები და გულსაბნევები, ცელულოიდის ზიზილ-პიპილები იყო მისი ავლადიდება. ბევრჯერ მინახავს, საღამოობით დაღლილ-დაქანცულს კატასავით ნახევრად თვალღიას რომ წაუთვლემია. თავისი დუქნით სულდგმულობდა; ყველაფერს თვალყურს ადევნებდა მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი ძვირფასი საქონელი უკეთ გაესაღებინა; სხვა არაფერი ახსოვდა. იგი ამრეზით უყურებდა მთელ ქვეყანას, ხალხს, ზღვას, გასართობებს. მისთვის ყველაფერი უცხო და დაცინვის ღირსი იყო. ჰქონდა თავისი ფარდული და მხოლოდ ვაჭრობისთვის არსებობდა. ყუთში ჩაკეტილი კაცივით იყო. მის უცნაურ სამყაროს არც სიამოვნება ეკარებოდა, არც თანაგრძნობა.
„მე სამხრეთელი ვარ, - მეუბნებოდა ჩაკ-ჩაკი და თავს ზღვისკენ იქნევდა, - ძნელია იქ ცხოვრება. იქ გოგო მყავს. ის გოგო ჩემს ნახვაზე უარს არ იტყოდა, სულაც არა! იქ ხალხი შიმშილობს; წმინდანებს გეფიცები (ასე იფიცებდა ხოლმე; ალბათ ეს ფიცი უფრო ქრისტიანულად ეჩვენებოდა), ძნელია იქ ცხოვრება!“
არ გეგონოთ, ჩაკ-ჩაკი მეცოდებოდეს. ის სულით ხორცამდე თავკერძა გახლდათ. მაგრამ თავკერძობა არ უქრობდა თავისი ქვეყნის, თავისი სამხრეთული მზისა და თავისი გოგოს ნახვის სურვილით გამოწვეულ ტანჯვას - რაც უფრო თავკერძაა ადამიანი, მით უფრო ძლიერია მისი ტანჯვა. პირუტყვივით უხმოდ ნაღვლობდა, მაგრამ არ ივიწყებდა, რომ „იქ ხალხი შიმშილობს!“ რასაკვირველია, შიმშილს ლოდინი