I თავი პოლის იაგუარი ღრიალით კეცავდა გრძელ, სწორ გზას, სანტა მონიკას გავლით, ჰოლივუდის ახლოს რომ მიუყვებოდა სანაპიროს. თბილოდა, შეიძლება ითქვას, ცხელოდა კიდეც. ჰაერში ბენზინისა და ღამის სურნელი ერეოდა ერთმანეთს. პოლი 150-ით მიაქროლებდა მანქანას. ნამდვილი მრბოლელივით თითებწაჭრილი ხელთათმანები ეცვა და ისეთი სახით უჯდა საჭეს, აქაოდა, გიჟივით სიარულს მიჩვეული ვარო. ცოტა არ იყოს, გულს მირევდა ეს სურათი.
მე დოროთი სეიმური მქვია. 45 წლის ვარ და სახეზე ოდნავ შემპარვია ჭკნობა, რადგან ცხოვრებაში საკუთარი თავისთვის გადაჭრით არაფერი ამიკრძალავს. სცენარისტი გახლავართ, სხვათა შორის, სახელგანთქმულიც. მამაკაცებს ჯერ კიდევ რჩებათ თვალი ჩემზე, შეიძლება იმიტომაც, რომ არც თავად ვარ გულგრილი მათ მიმართ.
მე ერთი იმ საშინელ გამონაკლისთაგანი ვარ, ჰოლივუდი რომ გავაოცე: 25 წლისამ გასაოცარი წარმატებით ვითამაშე ინტელექტუალურ ფილმში, ოცდახუთ-ნახევრისამ მთელი ფული მემარცხენე მხატვართან ერთად გავფლანგე ევროპაში, 27 წლისა უსახელოდ, უფულოდ, ვალებთან დაკავშირებული რამდენიმე სასამართლო პროცესის მოლოდინში დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს: ჰოლივუდს. მხოლოდ ჩემმა სრულმა გაკოტრებამ შეაჩერა ეს დავები. თავად კი სცენარისტი გავხდი, უმადურ ბრბოს ჩემი ოდესღაც განთქმული სახელი აღარაფერს ეუბნებოდა. ძალიანაც გამიხარდა ეგ ამბავი, ვერასდროს ვიტანდი ვერც ავტოგრაფებს, ვერც ფოტოგრაფებს და ვერც მთელ ამ უაზრო თაყვანისცემას.
მოკლედ, მე ისა ვარ, „რომელსაც შეეძლო, მაგრამ...“ რაც შეეხება ჩინებულ ჯანმრთელობასა და დიდებულ წარმოსახვას, ორივეს ირლანდიელ პაპას უნდა ვუმადლოდე. აი ჩემი პატარა წარმატების საიდუმლოც ამ ფერადი სისულელის წარმოებაში, რომელშიც, ჩემდა გასაკვირად, უამრავ ფულს იხდიან.
მაგალითად, RKB-ის გადაღებული ისტორიული ფილმების ბოლოს, ტიტრებში, სულ უფრო ხშირად შეხვდებით სახელს და გვარს, დოროთი სეიმურს. ხანდახან საშინელ სიზმრებში აღშფოთებული კლეოპატრა მეცხადება ხოლმე და გესლიანად მეუბნება: „არა ქალბატონო, არ ვიტყვი: „ჩემი გულის მეუფე კეისარს გადაეცით...“ არამც და არამც!“
ჯერჯერობით კი ჩემი გულის თუ არა, სულ ცოტა, სხეულის მეუფე მაინც, დღეს საღამოს პოლ ბრეტი უნდა გამხდარიყო და მე უკვე წინდაწინ ვამთქნარებდი.
სხვათა შორის, პოლი ძალიან ლამაზი მამაკაცია. იგი ღკბ-ის და სხვა კინემატოგრაფიული ფირმების ინტერესებს წარმოადგენს. ისეთი მოხდენილია, სასიამოვნო და მომხიბლავი, პირდაპირ სურათიდან გადმოსულს ჰგავს. თანაც იმდენად, პამელა კრისსა და ლუელა შრიმპს, ჩვენი თაობის ამ უდიდეს ქალ-ვამპირებს, ათი წლის განმავლობაში დაუზოგავად რომ ღრღნიდნენ ნაცნობი მამაკაცების გულებს, ქონებასა და საკუთარ მუნდშტუკებს, ერთიმეორის მიყოლებით შეუყვარდათ იგი, დაშორების შემდეგ კი კინაღამ საკუთარ ცრემლებში ჩაიხრჩვნენ.
აი, ასეთი სახელოვანი წარსული აქვს პოლს.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საღამოს იგი ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ქერათმიანი მამაკაცი გახლდათ და მეტი არაფერი. თანაც 40 წლისა. რაც ძალიან მიმძიმებდა გულს. მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დავნებებოდი: მთელი კვირის მანძილზე ყვავილების, სატელეფონო ზარების, გადაკრული სიტყვებისა და საზოგადოებაში ერთად გამოჩენის შემდეგ, ჩემი ხნის ქალი, ყოველ შემთხვევაში ჩვენს მხარეში მაინც, უბრალოდ ვალდებულია დათმობაზე წავიდეს.
და აი, ეს დღეც დადგა: ჩვენ 140-ით მივქროდით ჩემი პატარა, მოკრძალებული სახლისკენ, ღამის 2 საათი იყო. გულში ვიწყევლებოდი, ნეტავ, პირად ურთიერთობებში სექსუალურ კავშირებს ამხელა მნიშვნელობას რა ეშმაკად ანიჭებენ-მეთქი. ისე მეძინებოდა, ძლივს ვახელდი თვალებს.
მაგრამ სამი დღის წინ უკვე ჩამეძინა ერთხელ და ახლა ვეღარ გავიმეორებდი იმავეს. თორემ ვგრძნობდი, პოლი „რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, საყვარელო“-ს ნაცვლად მკაცრად მკითხავდა: „დოროთი, შეგიძლიათ ამიხსნათ, რაშია საქმე?“
მოკლედ, სულ რამდენიმე სასიამოვნო მოვალეობის შესრულებაღა მქონდა დარჩენილი: მაცივრიდან ყინული უნდა გამოვიღო, გავხსნა შოტლანდიური ვისკის ბოთლი, მხიარულად ავაწკრიალო ჭიქაში ჩაყრილი ყინული, ერთი ჭიქა პოლს გავუწოდო და პოლეტ გოდარივით ვნებიანად გავიჭიმო სასტუმრო ოთახში მდგარ კანაპაზე. პოლი მომიახლოვდება, მომეხვევა და სუნთქვაშეკრული ჩამჩურჩულებს: „ეს ხომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო, ძვირფასო, არა?“
რაც მართალია მართალია, ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. მე მძიმედ ამოვიოხრე. პოლმა კი უცებ განწირული ხმით დაიყვირა.
ფარების შუქზე ვიღაც გიჟი გამოჩნდა, ჩალისგან გაკეთებულ საფრთხობელას ჰგავდა, ასეთები საფრანგეთის ველებზე მინახავს, და გზა გადაგვიჭრა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ჩემს ქერათმიანს შესანიშნავი რეაქცია აქვს, მან მკვეთრად დაამუხრუჭა და მანქანა მაშინვე მარჯვნივ თხრილში გადავარდა შიგ მსხდომ ბრწყინვალე საზოგადოებასთან ერთად - რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე მოგახსენებთ! რამდენიმე წამიერი გაელვება და, ბალახში პირდაპირ ცხვირით ჩავერჭე, თან ისე, რომ ჩანთისთვის არც გამიშვია ხელი. საინტერესო ამბავია: არადა, სადაც მივდივარ, როგორც წესი, ყველგან მრჩება ხოლმე. ახლა კი, როცა სიკვდილამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი, რამ მაიძულა ჩანთა ჩამებღუჯა, ალბათ ვერასოდეს გავიგებ.
პოლის აღელვებული ხმა