გიყვართ ბრამსი? -
თავი პირველი პოლი გულდასმით აკვირდებოდა სარკეში, ამ ცხრამეტი წლის განმავლობაში დროს როგორ შეემუსრა მისი სახე. ოღონდ არც სასოწარკვეთას გრძნობდა, არც გაბოროტებას, ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ რომ ეუფლებათ ხოლმე ქალებს; პირიქით, რაღაც უნდილ სიმშვიდეს აეტანა: ნაოჭი რომ გამოეკვეთა, ორი თითით ოდნავ ჭიმავდა კანს, თითქოს ეს ცოცხალი კანი სულ სხვა ვინმესი ყოფილიყოს, სულ სხვა პოლის, ასე თავდავიწყებით რომ ზრუნავდა მუდამ თავის სილამაზეზე და ასე რომ უჭირდა ყმაწვილქალობიდან გადასვლა კარგად შენახულ, ჯერაც ახალგაზრდული იერის მქონე ქალთა მარაქაში. ასეთ პოლს იგი თითქმის არ იცნობდა. გაეღიმა, რადგან სარკესთან დროის მოსაკლავად შეჩერებულმა ერთბაშად აღმოაჩინა - სწორედ დრო სწვავდა მას ნელ ცეცხლზე ასე შეუმჩნევლად, დრო მუსრავდა მის გარეგნობას, ასე ძალიან რომ მოსწონდა ყველას.
როჟე ცხრა საათზე უნდა მოსულიყო. ახლა შვიდი საათია, ანუ პოლს საკმაო დრო რჩება, რომ საწოლზე გაიშოტოს, თვალები დახუჭოს, დაძაგრული სხეული მოადუნოს, სული მოითქვას, არაფერზე იფიქროს. თუმცა რა ისეთი ფიქრები აქვს, რომ მათგან დასვენება სჭირდებოდეს საღამოს? პოლისთვის უცხო არ იყო ეს მოუსვენარი უხალისობა, რომლის წყალობით ხშირად უწრიალია ოთახებში, ხან ერთ ფანჯარას მისდგომია, ხან - მეორეს. ასე სჩვეოდა ბავშვობაშიც, წვიმიან დღეებში.
სააბაზანოში შევიდა, დაიხარა და ხელი წყალში ჩაყო. ამან მაშინვე მოაგონა ერთი შემთხვევა... ეს მოხდა თხუთმეტი წლის წინ. მაშინ მარკთან იყო, შვებულებას მეორედ ატარებდნენ ერთად მარკის აფრიან ნავზე, მაგრამ პოლი უკვე გრძნობდა - მათი ერთად ცხოვრება დიდხანს არ გასტანდა. ქარი ქროდა და აფრა მოუსვენარი გულივით ფართხალებდა. პოლი ოცდახუთი წლისა იყო. ერთბაშად ისე ბედნიერად იგრძნო თავი, რომ მთელი სამყარო, მთელი თავისი ცხოვრება დიდებული ეჩვენა, თითქოს ანაზდად თვალი აეხილა და მიხვდა, ყველაფერი კარგად აეწყოო. გაბრწყინებული სახე რომ დაემალა, გადაიხარა და წყლის სწრაფ ჭავლს თითები გააყოლა. აფრიანი ნავი გვერდზე გადაქანდა. მარკმა, როგორც სჩვეოდა, გულგრილად გადახედა და პოლსაც მაშინვე ბედნიერი იერის ნაცვლად დამცინავი ღიმილი აღებეჭდა სახეზე. პოლი მერეც ყოფილა ბედნიერი სხვებთან თუ სხვების წყალობით, მაგრამ ესოდენ სავსე, ესოდენ სრულყოფილი ბედნიერება არსად უგრძნია. თუმცა მერე და მერე ეს მოგონება ისე აღარ ახარებდა - დანაპირების, სიტყვის გატეხას აგონებდა...
***
საცაა როჟე მოვა, პოლი ყველაფერს აუხსნის, შეეცდება აუხსნას. როჟე ეტყვის: „ჰო, რა თქმა უნდა!“ ეტყვის ისეთი კმაყოფილებით, როგორც იმ წუთებში, როცა ცხოვრებას რაიმე სიმახინჯეში გამოიჭერს და მერე ლამის ზეიმით მოჰყვება მსჯელობას, რა უაზროა არსებობა და მაინც რა ჯიუტად ვცდილობთ ადამიანები მის გახანგრძლივებასო. ეს კია, როჟეს მსჯელობაში მუდამ იგრძნობა, რაოდენ უყვარს და რა უძღები მადით ეწაფება სიცოცხლეს, გულის სიღრმეში კიდეც უხარია, რომ არსებობს ამქვეყნად. ეს გრძნობა მას მხოლოდ ძილში ტოვებს. დაძინებითაც მაშინვე იძინებს, როგორც კი ბალიშზე თავს მიდებს: ხელს მკერდზე დაიდებს და ძილშიც ისევე უგდებს ყურს საკუთარი სიცოცხლის ფეთქვას, როგორც სიფხიზლეში. არა, პოლი ვერ შეაგნებინებს, რომ უკვე მოყირჭდა ის თავისუფლება, მათ ურთიერთობაში კანონად რომ ქცეულიყო; ამ თავისუფლებით ხომ მხოლოდ როჟე სარგებლობს, ხოლო პოლის წილ მარტოობაღა რჩება! ხომ ვერ ეტყვის, ზოგჯერ თავს ერთ-ერთ იმ უძღებ მესაკუთრე დედაკაცად ვგრძნობ, შენ რომ ასე ძალიან გეჯავრებაო!.. ერთბაშად ეს ცარიელი ბინაც ამაზრზენი და უმაქნისი ეჩვენა.
ცხრა საათზე როჟემ დარეკა. როცა პოლმა კარი გააღო და მისი მოღიმარი სახე და ჩასკვნილი ტანი დაინახა, ერთხელ კიდევ გაიფიქრა მორჩილად, აი, ეს არის ჩემი ხვედრიო; ერთხელ კიდევ დარწმუნდა - ნამდვილად უყვარდა ეს კაცი.
- რა კოხტად გამოწყობილხარ... რომ იცოდე, როგორ მომენატრე! მარტო ხარ?
- ჰო, შემოდი!
„მარტო ხარ?“ ნეტა რას იზამდა, რომ ეთქვა, მარტო არ ვარო? მაგრამ ამ ექვსი წლის განმავლობაში ერთხელაც არ უთქვამს ასეთი რამ. და მაინც როჟე ყოველთვის ეკითხება ამას, ებოდიშება კიდეც, ხომ არ შეგაწუხეო. გულში პოლი ღალატზე მეტად სწორედ ამ ეშმაკობას საყვედურობს როჟეს (როჟეს ვერ წარმოედგინა, რომ პოლის მარტოობის მიზეზი თვითონ იყო, რომ პოლი უბედურად გრძნობდა თავს). პოლმა გაუღიმა. როჟემ ბოთლი გახსნა, ორი ჭიქა შეავსო და დაჯდა.
- მოდი ჩემთან, პოლ. სად ვისადილოთ?
პოლი გვერდზე დაუჯდა. როჟესაც დაღლილი სახე ჰქონდა. ქალს ხელი დაუჭირა.
- რომ იცოდე, რამდენი თავსატეხი საქმე გამომიჩნდა... ყველაფერი აირ-დაირია, ირგვლივ ბრიყვები და დოყლაპიები მახვევია! ნეტა ერთი ქალაქგარეთ მაცხოვრა...
პოლს გაეცინა:
- იმ შენი კე-დე ბერსის, შენი საწყობებისა და საბარგო მანქანების გარეშე როგორღა გაძლებ? პარიზში ვიღამ იხეტიალოს ღამღამობით?
როჟეს გაეღიმა, გაიზმორა