წიგნი პირველი 1. ჩემი ცოლი და ჩემი ცხვირი
- რას აკეთებ? - მკითხა ჩემმა ცოლმა, როდესაც დაინახა, რომ მე უჩვეულოდ დიდხანს შევჩერდი სარკესთან.
- არაფერს, - ვუპასუხე. - ნესტოს ვათვალიერებ. თუ აქ დააჭერ ხელს, ოდნავ მტკივა.
ცოლმა გაიღიმა.
- მე კი მეგონა, იმას ათვალიერებდი, რომელ მხარეს გაქვს ცხვირი გაღუნული.
მე იმ ძაღლივით შემოვბრუნდი, კუდზე რომ ფეხს დააბიჯებენ.
- ცხვირი მაქვს გაღუნული?
ცოლმა კი სრულიად აუღელვებლად მიპასუხა:
- რა თქმა უნდა, საყვარელო. კარგად დააკვირდი. ის მარჯვნივაა გაღუნული.
მე ოცდარვა წლის ვიყავი და იმ დრომდე ჩემი ცხვირი თუ უზადოდ არა, სავსებით რიგიანად მეჩვენებოდა, ისევე, როგორც ჩემი სხეულის ნებისმიერი სხვა ნაწილი. სწორედ ამიტომ ჩემთვის უკიდურესად ადვილი იყო იმ პოზიციის დაკავება, რომელზეც ისინი დგანან, გონჯებად გაჩენის მწარე ხვედრი რომ არ ერგოთ, კერძოდ, ბრიყვულად მიმაჩნდა საკუთარი გარეგნობით თავის მოწონება. ამიტომაც იყო, რომ ასეთი მცირე ზადის აღმოჩენამ, რაც სასტიკი მოულოდნელობით დამატყდა თავს, სასო წარმიკვეთა, როგორც დაუმსახურებელმა სასჯელმა.
როგორც ჩანს, ცოლმა შეამჩნია, რა იდგა ამ წყენის უკან, რადგან სწრაფად დაამატა, რომ თუ მე აქამდე მწამდა, რომ სრულიად უზადო ვიყავი, ახლა ამ აზრთან დამშვიდობება მომიწევდა, რადგან გაღუნული ცხვირის გარდა მე კიდევ...
- კიდევ რა?
რა და წარბები ზემოთ მქონდა აპრეხილი, ყურები გაშვერილი, თან ერთი მეტად, ვიდრე მეორე, და სხვა დანარჩენიც...
- აჰ, დანარჩენიც?
დიახ, დანარჩენიც: თუნდაც შენს ხელებს დახედე, ნეკ თითს. და ფეხები? არა, არავინ ამბობს, რომ ისინი გაღუნულია, მაგრამ მარჯვენა მეტადაა მუხლში გაზნექილი, ვიდრე მარცხენა, სულ უმნიშვნელოდ. კარგად დავათვალიერე რა საკუთარი თავი სარკეში, იძულებული გავხდი მეღიარებინა, რომ ცოლი არ ცდებოდა. და მხოლოდ აქ, მიიღო რა ჩემი განცვიფრება დამცირებადა და წყენად, ცოლმა ნუგეშის ცემა გადაწყვიტა და თქვა, რომ გულისტკივილის საფუძველი არ მქონდა, რადგან, ყველა ნაკლის გათვალისწინებით, მაინც სიმპათიური მამაკაცი ვიყავი.
გარწმუნებთ, არ გავბრაზებულვარ, როდესაც მწყალობელი დათმობის და არა კუთვნილი უფლების სახით მომანიჭეს ტიტული, რომელზეც მცირე ხნის წინ უარი მეთქვა. მე გესლიანი „ გმადლობ “ ამოვღერღე და, რადგან ცოლის გარეშეც ვიცოდი, რომ თვითდამცირებისა და წყენის საფუძველი არ მქონდა, ჩემს ნაკლს არავითარი მნიშვნელობა არ მივანიჭე, სანაცვლოდ კი უდიდესი, გადაჭარბებული მნიშვნელობაც კი შეიძინა ჩემს თვალებში იმ ფაქტმა, რომ მე ამდენი წელი ვიცხოვრე ამ ცხვირით, აი ამ წარბებით, ხელებითა და ფეხებით, და ამ ნაკლის დასანახად ქორწინება გახდა საჭირო.
ესეც აღმოჩენა! ვინ არ იცის, რანი არიან ცოლები! ისინი სწორედ იმისათვის არსებობენ, რომ საკუთარ ქმრებში ნაკლი აღმოაჩინონ!
ცოლებს რაც შეეხება, ეს სრული სიმართლეა. მაგრამ, ნება მიბოძეთ შევნიშნო, რომ იმხანად მეც იმგვარად ვიყავი მომართული, რომ საკმარისი იყო შემთხვევით ნასროლი სიტყვა ან ცხვირწინ გაფრენილი ბუზი, რათა დაუყოვნებლივ მსჯელობა-გააზრებაში ჩავფლულიყავი, რაც სულს ისე მიღრღნიდა, როგორც თხუნელის სოროს: შიგნიდან ყველაფერი გამოხრულია, გარედან კი არაფერია შესამჩნევი.
მაშ, იტყვით თქვენ, საკმაო თავისუფალი დრო გქონიათ. წარმოიდგინეთ, რომ არა! აქ საქმე სულიერ კონსტიტუციას ეხება. თუმცა, უსაქმურობამაც ითამაშა თავისი როლი, არ უარვყოფ: აბა რა, მდიდარი, თანაც ორი ისეთი მეგობრით, როგორებიც იყვნენ სებასტიანო კვანტორცო და სტეფანო ფირბო, რომლებმაც მამაჩემის სიკვდილის შემდეგ ჩემს საქმეებს მოჰკიდეს ხელი; მამა კი, თავის დროზე, რამდენსაც არ ეცადა, ვერაფრით მაიძულა, რაიმე წამოწყება ბოლომდე მიმეყვანა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მე დავქორწინდი, თანაც საკმაოდ ახალგაზრდა. შესაძლოა მამას სურდა, რომ მე ვაჟი მყოლოდა, და იმედოვნებდა, რომ ის ჩემგან განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ საბრალო ამასაც ვერ ეღირსა ჩემგან.
ამასთანავე შენიშნეთ, რომ მე არასოდეს მიკამათია მამასთან იმ გზების შესახებ, რომლებსაც ის ჩემთვის არჩევდა. მე ნებისმიერ არჩევანს ვეთანხმებოდი, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ შევმდგარვარ. ყოველ ნაბიჯზე ვბორძიკობდი. საკმარისი იყო ჯერ კიდევ შორიდან დამენახა კენჭი ჩემს გზაზე, რომ მის გარშემო წრის დარტყმას შევუდგებოდი, თანაც მიკვირდა, რომ სხვებმა გამასწრეს, ისე, რომ საერთოდ არ მიუქცევიათ ამ კენჭისთვის ყურადღება, როდესაც ჩემთვის ის დაუპყრობელ მწვერვალად აღიმართებოდა ან სულაც მთელს სამყაროდ, რომელშიც სიხარულით დავიდებდი ბინას.
აი, ასე ვყოვნდებოდი ნებისმიერი გზის დასაწყისში, სულით, რომელიც სხვადასხვა კენჭებისა და სამყაროების ხილვით იყო გატაცებული, რაც, არსებითად, ერთი და იგივეა. იმავდროულად სრულებით არ მიმაჩნდა, რომ მათ, ვინც გამისწრო და ბოლომდე განვლო გზა, ჩემზე უკეთ შეიცნეს იგი. დიახ, მათ გამისწრეს, ეს მართალია, თანაც დოღის ცხენებივით ყოყოჩობდნენ, მაგრამ