ქაღალდის სამყარო
ვია ნაციონალეზე, ზედ გამზირის დასაწყისში, ხმაური და ჭყლეტა იყო; ბრბოს ცენტრში ორი მოკამათე იდგა: თხუთმეტიოდე წლის ბიჭუნა და სენიორი ნესვივით გაყვითლებული ფიზიონომიით, რომელზეც ახლომხედველის სათვალის ბოთლის ფსკერივით სქელი მინები უბრწყინავდა.
ეს უკანასკნელი თავისი საშინელი წრიპინა ხმით ცდილობდა საკუთარი სიმართლის დამტკიცებასა და ხელებს აქეთ-იქით აქნევდა. ერთ-ერთში ეკალმუხის სპილოსძვლისთავიანი ხელჯოხი ეჭირა, მეორეში - წიგნი, რომელიც, შრიფტის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ძველებური უნდა ყოფილიყო.
ბიჭუნა გაჰყვიროდა და ფეხებს აბაკუნებდა, თან უხამსი ტერაკოტის ქანდაკების ნამსხვრევებს ურტყამდა წიხლებს, რომლებიც ტროტუარზე ქანდაკების ბრინჯაოსფრად შეღებილი თაბაშირის ნამტვრევებთან ერთად ეყარა - ეს თაბაშირი ქანდაკებას თავად ედგა.
მაყურებლებიდან ზოგიერთი ხმამაღლა ხარხარებდა, სხვებს შემწყნარებლური გამომეტყველება ეწერათ სახეებზე, ზოგიერთებს - მეტისმეტად დიდაქტიკურიც; მცირეწლოვანი ოინბაზებიდან კი, რომლებიც ფარნებზე ამძვრალიყვნენ, ზოგი ყეფდა, ზოგი უსტვენდა, ზოგი კი მომუშტულ ხელებში ზუზუნებდა.
- ეს უკვე მესამეა! ეს უკვე მესამეა! - ღრიალებდა სენიორი, - მე ზეზეულად ვკითხულობ, ის კი განგებ მიგდებს ფეხებში თავის ამაზრზენ ქანდაკებებს, რომ დავანარცხო. ეს უკვე მესამეა! ის ჩემზე ნადირობს! მდარაჯობს! ერთხელ კორსო ვიტორიოზე, მერე ვია ვოლტურნოზე, ახლა აქ...
ქანდაკებებით მოვაჭრე, თავის მხრივ, ცდილობდა მტკიცებებითა და თავის მართლებით დაერწმუნებინა იქვე მდგომნი საკუთარ უდანაშაულობაში:
- არა, რას ამბობთ! ის თვითონ არის დამნაშავე! სულაც არ კითხულობს! პირდაპირ ჩემს საქონელზე აბოტებს! ან ვერ ხედავს, ან ღრუბლებში დაფრინავს, რაც უნდა იყოს, აი, რა გამოვიდა...
„მაგრამ სამჯერ?“ - სიცილით ეკითხებოდნენ მსმენელები.
ბოლოს და ბოლოს ბრბოს გარღვევა ორმა პოლიციელმა მოახერხა, რომლებიც მთლად გაოფლილიყვნენ და ქშინავდნენ; რაკი მათი გამოჩენისთანავე მოპაექრე მხარეებმა თავიანთი ბრალდებების წარმოთქმა და თავის მართლება უფრო ხმამაღლა დაიწყეს, წესრიგის დამცვლებმა გადაწყვიტეს, საყოველთაო სანახაობისთვის ბოლო მოეღოთ და ორივენი პოლიციის განყოფილებაში წაეყვანათ დაქირავებული ეტლით.
ის იყო, სათვალიანი სენიორი ეკიპაჟში ჩაჯდა, რომ მაშინვე გაიმართა, მთელი ძალით წაიგრძელა კისერი და თავის აქეთ-იქით ქნევას მოჰყვა, მერე კი, ამ საქმიანობისგან დაღლილმა, წიგნი გადაშალა და თავი შიგ ისე ჩარგო, რომ ცხვირი ფურცლებს მიაკრო, მერე სახე მოაშორა, სათვალე შუბლზე აიწია და ისევ წიგნში ჩაძვრა - ახლა შეუიარაღებელი თვალით ცდილობდა წაკითხვას; ამ პანტომიმის შემდეგ საშინლად აღელდა, სახე შიშისა და სასოწარკვეთისგანაც კი დაემანჭა:
- ო, ღმერთო!.. თვალები... ვერ ვხედავ... ვერაფერს ვერ ვხედავ!
მეეტლემ მკვეთრად გააჩერა ეკიპაჟი. პოლიციელი და ქანდაკებებით მოვაჭრე ისე შეცბნენ, ვერც კი ხვდებოდნენ, ეს სენიორი სერიოზულად ლაპარაკობდა თუ ჭკუიდან შეცდა; პირები თითქმის უნდობელი გაღიმებისგან დაეღოთ.
იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ეკიპაჟი გაჩერდა, აფთიაქი იდგა; კართან უკვე შექუჩებულიყო სეირის მოყვარული ხალხი - ზოგიერთები ეტლს გამოჰყოლოდნენ აქამდე, სხვები კი საცქერლად გაჩერდნენ; სათვალიანი სენიორი, მიცვალებულივით გაფითრებული, მთლად ძალაგამოლეული და დათრგუნილი, ხელკავით შეიყვანეს შენობაში.
გზადაგზა კვნესოდა. სკამზე დასვეს. იჯდა და თავს აქნევდა, მუხლებს ხელისგულებით ისრესდა - ჟრჟოლას აეტანა და ვერ წყნარდებოდა, არც აფთიაქარს აქცევდა ყურადღებას, რომელიც ამაოდ ცდილობდა თვალები გაესინჯა, არც მაყურებლებს, რომლებიც ამშვიდებდნენ, ამხნევებდნენ და რჩევებსაც კი არ იშურებდნენ: უნდა დაწყნარდე, არაფერია საშიში, დროებითი დარღვევაა, სიბრაზის შემოტევისგან თვალთ დაგიბნელდაო... უცებ თავის ქნევა შეწყვიტა, ხელები ასწია, თითების გაშლა-შეკუმშვას მოჰყვა.
- წიგნი, წიგნი! სად არის ჩემი წიგნი?
იქ მყოფებმა შეცბუნებულებმა გადახედეს ერთმანეთს, მერე კი გაეცინათ. მაშ მას თან წიგნი ჰქონდა? და გამბედაობა ყოფნიდა გზადაგზა ასეთი თვალებით ეკითხა? როგორ... სამი ქანდაკება? აი, როგორ. და მერე ვინ, ვინ... აი ეს? აი, თურმე რა ყოფილა, განგებ უდებდა ფეხს? დახეთ ერთი! დახეთ ერთი!
- მინდა განცხადება გავაკეთო მის საწინააღმდეგოდ! - უცებ იყვირა სენიორმა, სკამიდან წამოდგა, ხელები გამოშალა და თვალები გადმოკარკლა, რამაც მისი სახე კიდევ უფრო სასაცილო და იმავდროულად შესაბრალისი გახადა, - ყველა აქ მყოფის წინაშე მსურს განვაცხადო! ის გადაიხდის ჩემი თვალების გამო! მკვლელი! აქ ორი პოლიციელია - სწრაფად ჩაიწერეთ გვარები, ჩემი და მისი. თქვენ ყველანი მოწმეები ხართ. პოლიციელებო. ჩაიწერეთ: ბალიჩი... დიახ, ბალიჩი, ეს ჩემი გვარია, ვალერიანო, დიახ; ვია ნომენტანო, სახლი ასმეთორმეტე, ბოლო სართული. და ამ არამზადის გვარიც... სად არის, აქ? არ გაუშვათ! სამჯერ, ჩემი სუსტი მხედველობითა და ჩემი დაბნეულობით ისარგებლა... დიახ, ბატონებო, სამი საძაგელი ქანდაკება... ა, შესანიშნავია, გმადლობთ, ჩემი წიგნი, დავალებული ვარ თქვენგან! ეკიპაჟი მჭირდება, ნება მომეცით... შინ, შინ, შინ მინდა! განცხადება გაკეთებულია.
და გასასვლელისკენ ხელის ცეცებით დაიძრა. ზღურბლთან ოდნავ წაბორძიკდა, ხელი შეაშველეს, ეტლში ჩასვეს და