ლუიჯი პირანდელო - ავტპრო და პერსონაჟი ყოველი მხატვრული ნაწარმოები ავტორის სულის მონოლოგი, ყველაზე უფრო სუბიექტური მონოლოგიაო, - წერდა იტალიელი კრიტიკოსი არტურო ფარინელი. ეს სიტყვები ალბათ უწინ პირანდელოს ცხოვრებას და შემოქმედებას მიესადაგებოდა; ამასვე დაამოწმებს არაერთი კრიტიკოსი და მწერლის ბიოგრაფი, ვინც პირანდელოს ნოველებში, რომანებსა თუ პიესებში ხედავს არა მხოლოდ მათი ავტორის ცოცხალ სახეს, არამედ მისი ცხოვრების ისეთ ეპიზოდებსაც ცნობს, რომლებმაც მნიშვნელოვნად განაპირობეს როგორც მისი პიროვნების თავისებურება, ისე შემოქმედება. პირანდელოს ნაწარმოებების კითხვისას გვგონია, რომ ავტორი პერსონაჟებს მართლაც თავის ხატად ქმნის და ყველაზე სანუკვარ ნაფიქრ-ნააზრევს, ნაოცნებარს, განცდილსა თუ თავს გადახდენილ ამბებს ათქმევინებს. ამდენად მკითხველი ნათლად ხედავს მწერლის პიროვნებას, მისი შემოქმედების თავისებურებას, მისი პოეტიკის, ფილოსოფიისა თუ პესიმიზმის წყარო-სათავეს; მისი ბიოგრაფია კი არანაკლები რომანია მისსავე ლიტერატურულ ვარიანტზე, რადგან უმალ ვხვდებით, რა დაღი დაასვა პირადმა დრამამ მას და შემოქმედებას, რამ განსაზღვრა ის პრობლემები, რაც განსაზღვრავს მის მოღვაწეობას. ესაა ადამიანი, მისი ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრება, თავისუფლებისთვის, თვითგანსაზღვრისა და თვითდადგენისთვის სასიცოცხლო ბრძოლა, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის ილუზიურობა, საკუთარი სახის შენარჩუნების ამაო მცდელობა და ნიღბის მორგების გარდუვალობა, გარემოსთან, ვითარებასთან შეგუება-შეუგუებლობა, გაუცხოება, გონებისა და გრძნობის შეურიგებლობა, ადამიანის „ნივთად“ გადაქცევის საშიშროება, აბსურდულობის მტკივნეული განცდა, შემთხვევებსა და კანონზომიერებაზე ფიქრი, ცხოვრების წარმავლობისა და შემოქმედების, ხელოვნების მარადიულობის არსის ჩაწვდომა.
ყველა ეს პრობლემა მწვავედაა დასმული რომანში „სერაფინო გუბიოს, ოპერატორის, ჩანაწერები“, რომელიც გამოქვეყნდა 1915 წელს სათაურით „ტრიალებს...“. რომანმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება როგორც ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით, ასევე თავისებური, განსხვავებული ფორმითა და შინაარსით, მით უმეტეს, რომ ეს იყო პირველი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც გვაცნობს კინოს დაბადების პირველ წლებს ევროპასა და კერძოდ იტალიაში. ამ ეტაპზე კინემატოგრაფი ხელოვნების ახალი დარგი იყო, რომელმაც გამოიწვია დიდი ინტერესიც და აზრთა დიდი სხვადასხვაობაც, რადგან კინემატოგრაფი, ერთი მხრივ, აღიქმებოდა ხელოვნებად, მეორე მხრივ - ინდუსტრიად, მრეწველობად, ანდა სულაც - „ბიზნესად“.
იტალიაში პირველი ფილმი გადაიღეს 1896 წელს; 1905-06 წლებში ტორინოში, რომსა და მილანში იქმნებოდა პატარა კინოსტუდიები, იტალიური კინოს აღმავლობა 1912-13 წლებში დაიწყო. სწორედ ამ პერიოდზე მოგვითხრობს რომანი. ნაწარმოებში ჩანს პირანდელოს ჰუმანური დამოკიდებულება იმის მიუხედავად, რომ კინემატოგრაფში ერთგვარ საშიშროებას ხედავს; მისი აზრით, ხელოვნების ახალი დარგი კონკურენციას უწევს, ყველაზე ჰუმანურ დარგს - თეატრს, ავსებს მაყურებლით კინოდარბაზებს და აცარიელებს თეატრის დარბაზებს, თან მსახიობების გადაბირებასაც ცდილობს. ამ ეტაპზე თეატრი კრიზისს განიცდიდა, რადგან ვერიზოსა და დეკადანის პიესები უკვე აღარ შეესატყვისებოდა დროს, მწვავედ იდგა თეატრის გადარჩენა-გადახალისების საკითხი, რაც კარგად ჩანს რომანში. სწორედ ეს ვითარება გახდა კიდეც მიზეზი იმისა, რომ პირანდელო თეატრს მიუბრუნდა და შექმნა ისეთი პიესები, რომლებშიც გამოჩნდა სრულიად ახალი თემა და იდეა, რაც მთავარია, ფორმა, რომლის საშუალებითაც თეატრს დაუბრუნა მაყურებელი, ხოლო მსახიობს - სტიმული, რწმენა თავისი დანიშნულებისა, როგორც ხელოვანისა. პირანდელოს პიესებში მოქმედება ვითარდება სცენაზე, მაყურებელთა დარბაზში და ზოგჯერ ფოიეშიც, ეს ერთგვარი „კომედია დელ არტეა“, „თეატრი თეატრში“; მსახიობს უშუალო ურთიერთობა აქვს მაყურებელთან, ხედავს თამაშის შედეგს, იღებს ემოციას და საზღაურს აპლოდისმენტების სახით.
დრამატურგიის ამ ახალი შინაარსისა და ფორმის გამო ლუიჯი პირანდელო 1934 წელს ნობელის პრემიის ლაურეტი გახდა.
მერი ტიტვინიძე