მაისის ბოლო იყო. თბილისიდან ბაქოში ვბრუნდებოდი.
მაშინ უფრო ახალგაზრდები ვიყავით მე და ზვიადი. ბაქოში ვმუშაობდით. თბილისი- ბაქოს გზა გატკეპნილი გვქონდა ავტობუსით, მატარებლით თუ მანქანით. მე და ზვიადი მეგობრები ვართ, ბავშვობიდან ვმეგობრობთ.
თბილისში მეტალურგიული ინსტიტუტის ლაბორატორიაში ნიმუშები მქონდა წამოღებული მეტალის ქიმიური ანალიზის დასადგენად. ანალიზის პასუხები რომ მივიღე, ზვიადს ბაქოში დავურეკე:
- ზვიად, საუკეთესო მასალაა, ნიკელი - ოთხმოცი პროცენტი, ქრომი - ოცი პროცენტი. იუსიფს და ელდარს უთხარი, იყიდონ. - იუსიფი და ელდარი ჩვენი ბიზნეს პარტნიორები არიან ბაქოში. - თბილისიდან ორი კვირის დაგროვებული გაზეთები მომაქვს. რამე ხომ არ წამოვიღო კიდევ? შენებთან ხომ არ გავიარო?
- არა, არაფერი არ მინდა. როდის მოდიხარ?
- ხვალ ღამე თერთმეტ-თორმეტ საათზე გამოვალ. დილას ექვს-შვიდ საათზე მანდ ვიქნები. მანდ რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
- კი, მშვიდობაა. აბა, ბედნიერი მგზავრობა!
პოლიციელების მხრიდან ისეთი გამომძალველობა, რაც აზერბაიჯანში იყო, არსად ნანახი არ გექნებათ. მანქანაში სააფთიაქო ყუთს (ე.წ. აპწეჩკა) მოგთხოვდნენ, საბურავის პროტექტორის ზომას გაგისინჯავდნენ, ფარებზე მარკირებას შეგიმოწმებდნენ და სანამ ფულს არ გამოგძალავდნენ, არ გაგიშვებდნენ. ყოველ ხუთ კილომეტრზე პოლიციის საგუშაგო იყო, ზოგი მოძრავი, ზოგიც - სტაციონარული.
ღამით მერჩივნა მგზავრობა, ღამე ნაკლებ გამომძალველს გადაეყრებოდი. თან ზაფხულის საშინელ სიცხესაც თავს აარიდებდი. წითელ ხიდზე სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი გავიარე, საზღვარზე მანქანაც დავარეგისტრირე და ყაზახში შევედი. თოვუზი გავიარე, ტყე მთავრდებოდა. შორი განათების ფარები ჩავრთე. განჯამდე ჯერ შორია. ტრასა თავისუფალია. სიჩქარეს მოვუმატე და ფიქრებში წავედი... უცებ ჩემგან ოცი-ოცდაათი მეტრის დაშორებით რაღაც შევნიშნე გზაზე. ჯერ ირემი მეგონა, მაგრამ ირემს აქ რა უნდა?! წამიც და მივხვდი. არა! ადამიანია! ახალგაზრდა გოგოა, ხელებს აქნევს. გზიდან არ გადადის! ნუთუ ვერ ხედავს, მანქანა რომ უახლოვდება დიდი სიჩქარით? გონზე არ უნდა იყოს! რას აკეთებს? თავს იკლავს?! გაბმულ სიგნალს ვაძლევ. ჩემი ტვინის კომპიუტერი განგაშის რეჟიმში მატყობინებს: სიჩქარე დიდია, დამუხრუჭებას ვერ მოასწრებ, დაარტყამ, სიჩქარე დიდია, სამუხრუჭე მანძილი არ გეყოფა!
მუხრუჭს ფეხი ბოლომდე დავადგი. ვიგრძენი, რომ ოთხივე საბურავმა ერთდროულად დაამუხრუჭა. ახლაც დარწმუნებული ვარ, იმ შიშით გამოწვეული შოკის გამო, რომ შეიძლებოდა ადამიანი მომეკლა, ტვინმა რაღაც კადრები, თავდაცვის ინსტიქტის გამო, არ დაიმახსოვრა.
გავჩერდი. მანქანიდან როგორ გადმოვედი, არ მახსოვს. გზის გასწვრივ დავიწყე ყურება. არავინ ჩანდა. ის იყო, გავიფიქრე, ხომ არ მომეჩვენა ეს ყოველივე-მეთქი, რომ ახალგაზრდა გოგო დავინახე, რომელიც ჩემი მანქანისკენ გამორბოდა. ერთროულად მივირბინეთ მანქანასთან. უკანა კარის გაღებას ცდილობდა და თან აქოშინებული მეუბნებოდა: "თეზ გელ, თეზ გელ!" - სწრაფად წადიო.
ჩავსვი. დავიძარით. მდევარი არავინაა. ღამის ორი საათია. ხუთი-ათი კილომეტრი გავიარე. ცოტა დავწყნარდი. უკანა ხედვის სარკეში გავიხედე. ტუჩიდან და ცხვირიდან სისხლი მოსდის. ხელით იწმენდს. ბლუზა სულ სისხლით დაესვარა. არც ჩანთა აქვს, არც ცხვირსახოცი. აშკარად ნაცემია. თან შოკშია. რაღაცას მეუბნება, ერთსა და იმავეს იმეორებს. "ბებეკ" - ამ სიტყვას ვარჩევ. არ ვიცი, რას მეუბნება. ვერ ხვდება, რომ მე უცხოელი ვარ და მისი ნათქვამი არ მესმის. რუსულად ვერ ვაგებინებ. ევლახამდე შორია. საავადმყოფოში მიყვანას ვფიქრობ. მაგრამ ეს დასისხლიანებული გოგო მეც პრობლემას შემიქმნის. კითხვებს დამაყრიან, ვინ არის, სად ნახე, სისხლი საიდან, ვინ სცემა...