მიჰყევი ფიფქებს ცისკენ - ლალი, შვილო, ამაღამ თქვენ ჩემს სახლში მოისვენეთ. მანქანა კი, შენს ქმარს უთხარი, აქვე, გვერდზე ეზოში შემოაყენოს - ჩემს სახლამდე ცოტა აღმართია და ასეთ თოვლში არ გაგიჭირდეთ მანქანით ასვლა. ფეხით ადით, თან ბიჭიც ნასვამია. აქედან პირველივე შესახვევია მარჯვნივ და მერე მეხუთე სახლია. მტრედებიანი დიდი ცისფერი ჭიშკარი აქვს. არ გაგიჭირდებათ მიგნება. თან შენ ხომ ნამყოფიც ხარ, შვილო. ჩემი მამამთილი სახლშია და ჭიშკარს ის გაგიღებთ, თუ არადა, ხელი შეყავით და ურდული გაწიეთ. მეორე სართულზე ადით, ზალაში, ტახტზე ლოგინია თქვენთვის გაშლილი.
- მადლობა, ციური ბიცოლა. მახსოვს თქვენი სახლი, წავალთ აბა.
- ლალი, ბიძაშენის სახლში მივდივართ? იფ, რას თოვს! არა, კი არ თოვს, ბარდნის! მერე რამხელა ფანტელებია, შეხედე! გეგონება, ბამბის ფთილები ცვივა ციდანო! ასეთი თოვლი საუკუნეა არ მინახავს! უუუ, გლიჯავს! ნათია, ჩემო ნათიააა, რა უსაშველოდ მენატრეეები, შენს მეტი ვინ მაბადიააა... ლალი, დამაწყდა ყელის ძარღვები, გოგო! მომეხმარე, რას მაყეფებ ამ შუა კორბოულში, სოფლის ძაღლები არ დაგვესიონ! მოდი, მე და შენ რომ ვიცით, ორ ხმაში...
- წამოდი დროზე! მცივა, გავიყინე.
- მაინც ჩემი გოგონა ხააარ, ჩემი დარდი ხარ, ახლოს აღარ მეკარეეები, შორ-შორს დადიხარ... ლალი, აღარ ხარ ჩემი გოგონა თუ რა ხდება, ტო, სად მირბიხარ, რომ არ მეკარები! გამოტყდი, მითხარი მწარე სიმართლე!
- შენი ვარ, აბა ვისი ვარ! წამოდი ახლა.
- ლალი, სად მიმათრევ და რას ჩალიჩობ? გგონია, მე ძილისპირულით დამაძინებ ბიცოლაშენის სახლში, შენ კი ისევ ქორწილში დაბრუნდები და იმ ტიპთან იცეკვებ? გავიგონე, ციურიმ რომ გითხრა, ნასვამია შენი ქმარი, თვალი ბიჭია, აქაურებისთვის უცხოა, წაიყვანე და მოასვენე, ცუდი არაფერი მოხდესო. ეს "თვალი" რას ნიშნავს? აჩკარიკაა და გალახავენო, თუ რა ხდება?
- ჩემი ჩურჩუტი! რას ამბობ, გიხდება სათვალე და სხვანაირი ვერც კი წარმომიდგენიხარ. არსად არ წავალ. შენთან ვიქნები, ნანატულიებს გიმღერებ და დაგაძინებ. ხომ გიყვარს შენი ლალიკოს სიმღერები. ისე, რას დაეტაკე იმ სიძის მეჯვარეს? გავიგონე, რომ უთხარი, ამ გრაფინს თავზე გადაგაფშვნიო. შუაში რომ არ ჩაგვარდნოდით და არ გამომეყვანე, იქნებ გექნა კიდეც.
- ლალი, ნუ მიწვევ, თორემ მივუვარდები ახლა იმ ტიპს და სახეს გავუნგრევ.
- რა მოგივიდა, ეჭვიანობ?
- არა! ის ტიპი უზრდელია. მშვენივრად იცოდა, ქმართან ერთად რომ იყავი. ყოველ შემთხვევაში, აქ ზაგსის რეგისტრაციის საბუთს არავინ გვთხოვს. ეს ჩვენ ვიცით, ვინ ვართ ერთმანეთის, მაგრამ იმისთვის შენ ჩემი ცოლი ხარ და, ცოლიც რომ არ იყო, ჩემთან ერთად ხარ. ჰოდა, ერთხელ გეცეკვა, როგორც მეჯვარე მეჯვარეს, აბეზალოვკის პონტში, მეორეჯერაც. მე ხმა არ ამომიღია. მესამედაც წაგიყვანა საცეკვაოდ, მერე ხელზე გაკოცა, რაღაც გამომწვევად და თავხედურად იგრიხებოდა შენს წინ! რა საქციელია ეს? დალია და აუჩუჩუნდა? ასეთ დროს სხვის ცოლთან, თუნდაც სხვის გოგოსთან ზახოდები მკაცრად დასჯადი საქციელია, მით უფრო, თუ გოგო აქეთ არ გიწვევს და საბაბს არ გაძლევს. იმ ტიპისთვის ცუდი არაფერი მითქვამს: იცოდე, ვისთან როგორ მოიქცე და შენს ძმაკაცს ქორწილი არ ჩაამწარო-მეთქი. თუ ეგებ იფიქრა, ლალის ქმარი ერთი პროფესორა-აჩკარიკია, ხმას არ ამოიღებს და მის ცოლს, სადაც მინდა, იქ მოვუსვამ ხელებსო? შენც ასე ხომ არ ფიქრობ, ლალი, ჰა? თუ შენც რაღაც საბაბი მიეცი?
- ჩემი ბრაზიანი ბიჭი! რას ამბობ, ბიჭო, რა საბაბი უნდა მიმეცა, გაგიჟდი?! სათვალეც ძალიან გიხდება. მაშინ, სანდროსთან პირველად რომ გნახე, გიყურებდი და ჩემთვის ვფიქრობდი, რა კარგი ვიღაც არის-მეთქი.
- ლალი, იმ ტიპს რომ დაესწრო ჩემთვის და დაერტყა, რას იზამდი?
- ვაიმეეე, რას ვიზამდი?! აუ, კატასავით რომ მივახტებოდი, ამოვწიწკნიდი თვალებს! სახეს ხომ სულ ფრჩხილებით დავუპორჭყნიდი! ვერავინ გამომგლეჯდა ხელიდან.
- ჩემი კატუნია, ჩემი. მოდი, ჩამეხუტე. ლალი, ახლა ფისუნია ხარ.
- ჰო, ზოგჯერ კატუნია, ზოგჯერ ფისუნია, გააჩნია, სად და როგორ.
- ლალი, თავი აღარ გტკივა, ჩემო ფისუნია-კატუნიავ? როგორ გამომიტყუე სუფრიდან, ტო? როგორ მოიმკვდარუნე თავი, შე მელაკუდავ, შენა! არანარი ფისუნია არა ხარ, მელაკუდა ხარ! წავიდეთ აქედანო, რომ მეუბნებოდი, თავი მტკივა, თან მცივა და სახლში დასვენება მინდაო.
- ჰაერზე რომ გამოვედით, გამიარა ტკივილმა.
- ოჰ, ლალი, მელია კუდიგრძელია ხარ შენ! მერე რა სახით მეუბნებოდი! ცხვრის ქურქში გახვეული მელაკუდა ხარ. მე კი ვიფიქრე, თავი თუ სტკივა, ცოდოა-მეთქი და როგორც ბატკანი, ისე გამოგყევი. გოიმი ვარ.
- ოჰ, ოჰ, ოჰ, დედა, დედა,