დუნაის მოტაცება - ტატა ვარ. აი, უკვე ბევრჯერ დაგირეკე.
- ვიცი, ტატა, ვიცანი შენი ხმა. ტატა, სულ მინდოდა მეკითხა, ჩემი ნომერი ვინ მოგცა ან საიდან გაქვს?
- დიდი ხანია, ვიცი. მეგონა, ჩემზე ნაწყენი იყავი და დიდხანს ვერ ვბედავდი დარეკვას. ნაწყენი ხარ ჩემზე?
- ტატა, ჩვენი დაშორებიდან ძალიან ბევრი დრო გავიდა. მაშინ შეიძლება ნაწყენიც ვიყავი, შეიძლება გაკვირვებულიც, შეიძლება გაბრაზებულიც, ან ყველაფერი ერთად. მაგრამ, ხომ იცი, დროში ყველა ემოცია, განწყობა, გრძნობა, წყენა, სიბრაზე მილევადია. შენ რამ გადაგაწყვეტინა ჩემთან დარეკვა?
- ყველაფერი ერთად გითხრა, თუ ცალ-ცალკე?
- ერთად მითხარი.
- მაშინ გეტყვი: თუ ვინმე და რამე დამაკლდა ამ ხნის განმავლობაში, ეს შენ დამაკლდი და შენი ინტელექტი დამაკლდა. შენი ჩემდამი დამოკიდებულება დამაკლდა, და ეს დანაკლისი ვერავინ შემივსო. ვერც იმან ვერ შემივსო. ისევ მე შევავსე.
- შენ? შენ როგორ შეავსე?
- თუ გახსოვს, მე გეუბნებოდი, რომ ტყუპების ზოდიაქოში ვარ დაბადებული და ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს. შენს გვერდით, ყოველთვის, პირველი ტატა იყო. შენ რომ გიყვარდა, ის ტატა. შენსავით ლაღი, თბილი და მოსიყვარულე. ვერის ბაღში კი სხვა, მეორე ტატა გელაპარაკებოდა: ცივი, მძიმე, უკარება და უხასიათო. ჰოდა, ჩვენი დაშორების შემდეგ ამ მეორემ პირველი სულ გააქრო ჩემი ცხოვრებიდან. აი ასე შევავსე დანაკლისი, ქალი დაითრგუნა ჩემში.
- შენს თავთან ჭიდილში არ დაიღალე მერე?
- კი, ძალიან, ძალიან დავიღალე. როცა კი ჩემში ქალი მომენატრებოდა, შენი ჩემდამი დამოკიდებულება, ყურადღება, სითბო და სიყვარული მახსენდებოდა და სულ შენ მიდგებოდი თვალწინ.
- ტატა, ძალიან სასიამოვნოა თუნდაც წლების შემდეგ შენგან ამის მოსმენა. ჩვენი დაშორების მერე მე აღარ მიძებნიხარ, არც ის ვიცოდი, გათხოვდი თუ არა. ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ მომიკრავს შენთვის თვალი.
- მე სულ მახსოვდი. გავიფიქრებდი, აი ახლა ჩემს გვერდით რომ იყოს, ნეტავ რას მეტყოდა, რას და როგორ გააკეთებდა-მეთქი. ყველას და ყველაფერს შენ გადარებდი და ვხვდებოდი, რომ შენ ყველაზე კარგი იყავი. ვაიმე, შენ ნაჩუქარი წითელი ჩანთა, ბუდაპეშტში რომ მაჩუქე, სულ თან დამქონდა. სანამ სულ არ დაიხა, მანამდე ვატარე. კოსმეტიკაც, სანამ სულ არ გამოილია, მანამდე სხვა არ მიხმარია. შენს მეტს არავის ასე თბილად და სათუთად ჩემთვის არაფერი უჩუქებია. ასე არავის გავუნებივრებივარ. არა, ჩემი პროფესიის გამო, როგორ არ უჩუქებიათ, მაგრამ შენი ნაჩუქარი სულ სხვა იყო, შენს ნაჩუქარს სულ სხვა გრძნობა და სილამაზე ჰქონდა.
- პიკი, შენ ჩემი ბიოგრაფიის ნაწილი ხარ და ვერავინ შენს თავს ჩემი ბიოგრაფიიდან ვერ წაშლის. ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ამიტომ შენც სულ იყავი და იქნები ჩემს ცხოვრებაში... ტირი? ტირი, თუ მეჩვენება?
- ჰო, ვტირი. ვიტირებ, აბა რას ვიზამ! შენ ისევ პიკი დამიძახე, შენი შერქმეული პიკი. ვაიმე, როგორ მომწონდა, პიკის რომ დამიძახებდი, როგორ ბავშვივით დაცულად ვგრძნობდი თავს შენს გვერდით. თუ გახსოვს, პირველად როდის დამიძახე პიკი?
- როგორ არა, მარიონეტების თეატრიდან რომ გამოვედით, მაშინ. პატარა თოჯინები მომეწონა - "კოჯრის ტყის ზღაპრები ვნახეთ" და ტატას მაგივრად შენთვის პიკის დაძახება მომინდა, პატარა თოჯინების პონტში. იტალიურად პიკოლო ანუ პატარა, და პიკიც დაიბადა.
- მე კი, იცი, კიდევ რა მახსოვს? ერთხელ, რომ შევხვდით, შენ უცხოური შოკოლადის კანფეტები მაჩუქე, ლითონის კოლოფში ეწყო. მერე მარჯანიშვილის თეატრში შევედით. სპექტაკლის მერე შენს შთაბეჭდილებას მიყვებოდი და რაღაცას მიხსნიდი. მე ჭკვიანი სახით გიყურებდი, ვითომ გისმენდი, ამ დროს კი გონებით კანფეტებზე ვფიქრობდი. კოლოფის გახსნა და კანფეტების შეჭმა მინდოდა. შენი მერიდებოდა, თორემ იქვე გავხსნიდი, მანქანაში.
- ჰაჰაჰა! ეს არ გითქვამს არასოდეს.
- ჰოდა ახლა გეუბნები. ისევ ის პიკი ვარ შენთვის, ისევ ის. შენც ჩემი ბიოგრაფიის ნაწილი ხარ და მე ძალიან მადლობელი ვარ შენი იმის გამო, რაც მაშინ ჩემი ოჯახისთვის გააკეთე. ასეთი რამის დავიწყება არ ხდება.
- კარგი, გაჩერდი, ტატა, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.
- არა, ძალიან დიდი რამ გამიკეთე.
- კარგი, დაგეთანხმები... ჩვენი დაშორების შემდეგ ჩვენი ურთიერთობიდან ის მაინც დარჩა, რომ ჩემი მონდომებითა და დედაჩემის მსუბუქი ხელით შენმა ძმამ პროფესიული წინსვლა განაგრძო და დღეს ცნობილი და წარმატებული ექიმია.
- ნამდვილად... ვხედავ, ისევ ისეთი კარგი ხარ, ისევ ისეთი ხარ, მაშინ რომ იყავი!.. გახსოვს, ერთხელ ნუშის ლიქიორი "ამარეტო" რომ მაჩუქე? სადღაც ვიყავით. მერე მანქანით სახლში მომიყვანე და წახვედი. სადარბაზოში კიბეზე