ავტორისაგან
ამ წიგნისათვის თავდაპირველად მინდოდა დამერქმია – „ტოტემი და ტაბუ ქართულ ლიტერატურაში“. სათაური, ცხადია, ფროიდს დავესესხე (მაპატიებს-მეთქი!). ვფიქრობდი, რომ აქ წამოჭრილი თემების ერთი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სოციუმსა და ჩვენს ლიტერატურაში მართლაც ტაბუირებულად ითვლება, რადგან საკრალურ ოლიმპს და კერპებს ეხება. მაგრამ ცოტა ხნის მერე, ამ „ტაბუ-ტოტემში“ რაღაც „ონომასტიკური ფანდი“ მომეჩვენა და სათაურის პირვანდელ ვერსიას დავუბრუნდი – „ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ“. ასე აჯობებს, რადგან ყველაფერი, რაც კი აქ ხდება (მცირედი გამონაკლისის გარდა), ან ქართულ ოლიმპზეა, ან – მის მისადგომებთან. ოღონდ, აქვე ვიტყვი: თავში არ მომსვლია „ნომინირება“ დამეწყო – ჩემი ესსების პერსონაჟებს შორის, ვინ უფრო ახლოა „ოლიმპის კალთასთან“ და ვინ შორს. ამას დრო განსჯის...
ამ „ოლიმპიურმა ტოპოლოგიამ“ სრულიად ბუნებრივად განაპირობა წიგნის პირველი ნაწილის ტექსტების მიმდევრობაც: ვიწყებ ნიკოლოზ ბარათაშვილით, მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული პოლემიკური ციკლით (აქედან ყველაზე მძაფრი ესსე – „ვის ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი?!“ დაწერისთანავე არ გამოვაქვეყნე და ამ წიგნისათვის „შემოვინახე!“); ამას მოსდევს „კითხვა „განთიადის“ შუქზე“ (აქ აკაკის პოეტური შედევრის ჩემეულ ინტერპრეტაციას გთავაზობთ); მერეა – „ქართული ოლიმპის ვნებანი“ (ამ „ოლიმპიური ინტრიგის“ ცენტრში ვაჟა-ფშაველაა: აი, აქ კი იხილავთ „ტოტემსა და ტაბუს!“); „ასი წლის წინათ“ – დიდი რეალისტის, ნიკო ნიკოლაძის ერთ, მართლაც საბედისწერო ილუზიაზე მოგვითხრობს, რომლის გამოძახილი ჩვენს სინამდვილეშიც მწარედ ვიწვნიეთ; დაბოლოს, ციკლში – ა„გალაკტიონის გარშემო“ ორი ესსე – „ეგზისტენციალური შიში“ და „დასალიერზე“ – „თვითმკვლელის დღიურის“ ხელახალი გადაკითხვის ცდაა, ხოლო „გალაკტიონის სანთელი“ – პოეტის, როგორც „საკრალურ წვრილმანთა ღმერთის“, წარმოსახვა...
„გალაკტიონის სანთელი“ 2019 წლითაა დათარიღებული. შემდგომი ტექსტების მიმდევრობა, გადავწყვიტე ბოლოდან დამეწყო (ანუ – სწორედ ამ, 2019 წლით დათარიღებული ესსებით). ავტორებს ხშირად ემართებათ ხოლმე – თავისი ბოლო „ქმნილება“ ყველაზე მეტად მოსწონთ. არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა, საბედნიეროდ, ეს „ეიფორია“ ერთ კვირაზე მეტს არ გრძელდება...
ამჯერად, როდესაც გამოსაცემად გამზადებული ჩემივე ბოლო წლების სტატიები გადავიკითხე, ახლა უკვე, როგორც კრიტიკოსმა და არა – სვებედნიერმა ავტორმა, სწორედ 2019 წლის ტექსტებში მენიშნა რამოდენიმე პასაჟი, თვისობრივად განსხვავებული ადრინდელი ესსეისტიკისაგან: დიდი ხნის წინ განცდილი, მაგრამ აქამდე არგამოთქმული ტკივილი. მოკლედ, ისეთი განცდა გამიჩნდა, როგორიც, ალბათ, გასაქცევად გამზადებულ ტუსაღს აქვს, ბორკილის ბოლო მილიმეტრს რომ გადახერხავს.
ასეც ხომ ხდება: შენივე ტექსტში რაღაც ფრაზაზე დაფიქსირდები და სიმწრით გაიფიქრებ, რომ ამ ერთი წინადადების დასაწერად 80 წელი დაგჭირდა! ასე იცის საბჭოთა ბავშვობამ, როცა არც მშობლები არიან დისიდენტები და არც შენ ხარ პასიონარი...
აქ წერტილს დავსვამ. ავტობიოგრაფიულ ჟანრში გადასვლა ნამდვილად არ მიფიქრია. მკითხველის დასაკვალიანებლად კი, ვგონებ, სავსებით საკმარისი იყო ზემოთ მოყვანილი თემატური ჩამონათვალი. უფრო მეტი – ანუ ჩემივე ტექსტების ჩემეული ინტერპრეტაცია აქ ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა. კარგად მახსოვს ერთი დიდი ამერიკელის ბრძნული შეგონება: „...მერწმუნე, შენს ტექსტებში არ მოიძებნება ერთი მცირედი ნიშან-თვისებაც კი, რომელიც შენში არ არსებობდეს... თუ გაუხარელი ან შურიანი ხარ, თუ იმქვეყნიური ცხოვრებისა არ გჯერა, ან ცინიკურად უყურებ ქალებს – ყველაფერი ეს იმითაც გამჟღავნდება, რაც წერისას გამოტოვე, და იმითაც, რაც ჯერ არ დაგიწერია. არ არსებობს ისეთი ოინი, ისეთი ხერხი, ისეთი რეცეპტი, რომ შენს ნაწერში შენივე ნაკლი არ გამჟღავნდეს“. უოლტ უიტმენი.
ზ. ა.