თავი პირველი პილიგრიმობანა*
* პილიგრიმობანა – ამ თამაშს საფუძვლად უდევს ინგლისელი მწერლისა და მქადაგებლის, ჯონ ბანიანის (1628-1688) რელიგიურ-დიდაქტიკური რომანი „პილიგრიმის გზა“, რომელიც აღწერს მთავარი პერსონაჟის, სახელად ქრისტიანის, მძიმე გზას. ქრისტიანი ციური ქალაქისკენ მიემართება, რადგან დარწმუნდა, რომ ის ქალაქი, რომელშიც აქამდე ცხოვრობდა – ნგრევის ქალაქი – დასაღუპად იყო განწირული. შემდგომში ნახსენები „ნაღვლის ჭაობი“, „მშვენიერი სასახლე“, „ამაოების ბაზარი“, „დამცირების ხეობა“ ის ადგილებია, რომელთა გავლაც მოუხდა ქრისტიანს. პილიგრიმი წმინდა ადგილის მოსალოცად მიმავალი მორწმუნე, მოხეტიალე მლოცველია.
-ვის გაუგია უსაჩუქრო შობა! – წაიბუზღუნა ხალიჩაზე გაწოლილმა ჯომ.
– მაინც რა საშინელებაა ეს სიღარიბე! – ამოიოხრა მეგმა და ძველ კაბაზე დაიხედა.
– სად არის სამართალი: ზოგ გოგოს იმდენი მშვენიერი რამერუმე აქვს, აღარ იცის, სად წაიღოს, ზოგს კი არაფერი აბადია, – წყენით დაისრუტუნა პატარა ემიმ.
– მერე რა?! სამაგიეროდ, დედაც გვყავს, მამაც და ერთმანეთიც, – კმაყოფილებით განაცხადა თავის კუთხეში მიმჯდარმა ბეთმა.
ამ იმედიან სიტყვებზე წამით ოთხივე გოგოს გაუბრწყინდა ბუხრის ალით განათებული სახე, მაგრამ იქვე ჩაუქრა, როგორც კი ჯომ სევდიანად თქვა:
– მამა აქ არ გვყავს და კიდევ დიდხანს არ გვეყოლება.
ამ სიტყვებს ყველამ გულში დაუმატა ის, რაც ჯოს არ უთქვამს: მამა შორს არის, ომში(ომი – მოქმედება ხდება აშშ-ის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქში, სამხრეთისა და ჩრდილოეთის შტატებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომის (1861-1865) დროს.) და, ვინ იცის, ვეღარც დაბრუნდესო.
ერთხანს ყველანი ჩუმად იყვნენ, მერე კი მეგს ხმა შეეცვალა:
– ხომ იცით, რატომაც გვითხრა დედამ, მოდი, წელს საშობაოდ ერთმანეთს ნურაფერს ვაჩუქებთო? იმიტომ, რომ მძიმე ზამთარი გველის და დედა ამბობს, როცა კაცები ომობენ და გასაჭირში არიან, ფული ჩვენი სიამოვნებისთვის არ უნდა ვხარჯოთ; მართალია, ბევრი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ცოტა მაინც უნდა გავიჭირვოთ, თანაც სიხარულითო, ოღონდ მე მაინცდამაინც არ მიხარია, – თავი გადააქნია და სინანულით გაიფიქრა, ეჰ, რამდენი ლამაზი რამ მინდაო.
– ჰო, მაგრამ ჩვენგან რა ხეირი უნდა იყოს, განა რის პატრონები ვართ? თითო დოლარი გვაბადია და მაგით არმიას რას ვუშველით! კარგი, თქვენ და დედა ნურაფერს მაჩუქებთ, მაგრამ გულით მინდა, „უნდინი და სინტრამი“(„უნდინი და სინტრამი“ – გერმანელი რომანტიკოსი მწერლის, ფრიდრიხ ჰაინრიხ კარლ დე ლა მოტის, ბარონ ფუკეს (1774-1843) ნაწარმოები )მაინც ვიყიდო. რა ხანია, საოცნებოდ მაქვს, – განაგრძო ჯომ, რომელიც ნამდვილი წიგნის ჭია იყო.
– მე ნოტების ყიდვას ვაპირებდი, – ისე ჩუმად ამოიოხრა ბეთმა, რომ ეს ოხვრა ბუხრის ცოცხისა და ჩაიდნის სადგარის მეტს არავის გაუგონია.
– მე ავდგები და „ფაბერის“ ფერად ფანქრებს ვიყიდი. ძალიან მჭირდება! – გადაჭრით თქვა ემიმ.
– დედას ჩვენი ფული არ უხსენებია და, ალბათ, არც უნდა, რომ ყველაფერზე უარი ვთქვათ. მოდი, ყველამ ვიყიდოთ, რაც გვინდა და ცოტა მაინც გავიხაროთ. ბოლოს და ბოლოს, ეს ფული იოლად ხომ არ გვიშოვნია?! – წამოიძახა ჯომ და ჯენტლმენებმა რომ იციან, ისე შეითვალიერა ფეხსაცმელების ქუსლები.
– მე ნამდვილად არ მიშოვნია იოლად, – დაიჩივლა მეგმა, – ყოველ ცისმარე დღეს იმ გამოშტერებულ ბავშვებს ვამეცადინებ, როცა შინ ყოფნას არაფერი მირჩევნია.
– სად შენი ტანჯვა და სად ჩემი! – შეაგება ჯომ, – ვნახავდი, როგორ მოგეწონებოდა იმ ნერვებაშლილ, წუნია დედაბერთან ჯდომა, წარამარა ხან ამას რომ გავალებს და ხან იმას და მაინც სულ უკმაყოფილოა. ისეთ დღეში გაგდებს, რომ ლამის არის, ფანჯრიდან გადახტე ან ტირილი მორთო!
– რა საწუწუნოა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მაგაზე უარესი მაინც ჭურჭლის რეცხვა და სახლის დალაგებაა. გაღიზიანებით ხომ ვღიზიანდები და ხელებიც ისეთ დღეში მაქვს, დაკვრას ვეღარ ვახერხებ, – ხელებზე დაიხედა ბეთმა და ისე ხმამაღლა ამოიოხრა, რომ ახლა კი ყველამ გაიგონა.
– არა, ყველაზე უფრო მაინც მე ვიტანჯები, – წამოიძახა ემიმ, – თქვენ არც სკოლაში დადიხართ და არც ის თავხედი გოგოები დაგცინიან! გაკვეთილი არ იცი და – გაბეზღებენ, ძველი კაბები გაცვია და – გამასხარავებენ, ფულიანი მამა არ გყავს და – ჭორაობენ. ლამაზი ცხვირი თუ არ გაქვს, იმაზეც კი ცხვირს აგიბუზებენ.
– აგიბუზებენ კი არა, აგიბზუებენ, – გაეცინა ჯოს.
– დიდი ამბავი, თუ შემეშალა, შენი ირონიობებიღა მაკლია. ძალიანაც მოსაწონია, როცა კარგ სიტყვებს ხმარობ და ლიქსიკონს ივსებ, – თავმომწონედ მიუგო ემიმ.
– კარგი, ბავშვებო, რა ამბავში ხართ! რა საკამათო ეგ არის. რომელს არ გაგვიხარდებოდა,