თავი პირველი - ამბები ხელმეორედ რომ დავიწყოთ თხრობა და ნება-ნება მეგის ქორწილამდეც მივიდეთ, უპრიანი იქნება, ჯერ მარჩების ოჯახის ამბები ვთქვათ. აქ, ნება მიბოძეთ, შევნიშნო, რომ თუკი ძველი ყაიდის ხალხი უკმაყოფილო დარჩება, ამ წიგნში მეტისმეტი „სიყვარულობანა“ მოგსვლიათო (ახალგაზრდებისგან ამ საყვედურის შიში არა მაქვს), მისის მარჩთან ერთად გავცემ პასუხს:
– მაშ, სხვა რის მოლოდინი უნდა გქონდეთ, როცა სახლში სიცოცხლით სავსე ოთხი გოგო გყავთ, მეზობლად კი – დაუდეგარი ყმაწვილკაცი?
განვლილმა სამმა წელმა ცოტა რამ თუ შეცვალა ოჯახის მშვიდ ცხოვრებაში. ომი დამთავრდა და შინ მშვიდობით მოსული მისტერ მარჩი კვლავ დაუბრუნდა თავის წიგნებსა და თავის პატარა მრევლს, რომელმაც მისი სახით იპოვა მღვდელი – ამ საქმისთვის დაბადებული და ღვთის მადლით მოსილი, თავმდაბალი, მშრომელი კაცი; სავსე სიბრძნით, რაც სწავლა-განათლებაზე უმჯობესია; სავსე გულშემატკივრობით, რის წყალობითაც ადამიანი მთელ კაცობრიობას ძმებს უწოდებს, და ღვთისმოსაობით, რაც ხასიათის თავიდათავი თვისება ხდება და კეთილშობილ, სანაქებო ადამიანად ხდის ამ ხასიათის პატრონს.
ეს თვისებები, მიუხედავად სიღარიბისა და განუხრელი პატიოსნებისა, რამაც გზა გადაუკეტა მიწიერი წარმატებისკენ, ისევე ბუნებრივად იზიდავდა მისკენ ბევრ ჩინებულ ადამიანს, როგორც სურნელოვანი ყვავილები იზიდავს ფუტკარს, და ისიც ბუნებრივადვე აძლევდა თაფლს, რომელშიც ორმოცდაათი წლის მძიმე გამოცდილებას იოტისოდენი ღვარძლიც კი არ გაერია. გონებადამჯდარი ახალგაზრდები ხედავდნენ, რომ თმაჭაღარა სწავლული გულით მათებრ ჭაბუკი იყო; დარდიანი ქალები თავიანთ ეჭვებს უზიარებდნენ დარწმუნებულნი, რომ უღრმეს თანაგრძნობას იპოვიდნენ და უბრძნეს რჩევას მიიღებდნენ; ცოდვილნი თავიანთ ცოდვებს უმხელდნენ სპეტაკი გულის პატრონ ბერიკაცს და საყვედურსაც იღებდნენ და შენდობასაც; ნიჭიერნი საინტერესო თანამოსაუბრეს პოულობდნენ მასში, პატივმოყვარენი კი ხედავდნენ, რომ თურმე მათ მისწრაფებებზე ბევრად კეთილშობილური მისწრაფებებიც არსებობდა, და ყველაზე მიწიერნიც კი აღიარებდნენ, რომ მისი რწმენა მშვენიერი იყო და ჭეშმარიტი, თუმცა „ხეირს არ მოუტანდათ“.
უცხო თვალისთვის ოჯახს ხუთი ყოჩაღი ქალი უძღვებოდა და ბევრ რამეში მართლაც ასე იყო, თუმცა წიგნებში ჩამჯდარი მოკრძალებული სწავლული კვლავაც ოჯახის უფროსად, სინდისად, ღუზად და ნუგეშისმცემლად რჩებოდა; სწორედ მას მიმართავდნენ მძიმე წუთებში ეს ფუსფუსა, მოუსვენარი ქალები და მასში პოულობდნენ, ამ წმინდა სიტყვების ჭეშმარიტი აზრით, მეუღლესა და მამას.
გოგონების გული დედას ეკუთვნოდა, სული – მამას, ხოლო სიყვარული – ორივე მშობელს, რომლებიც მათთვის ცოცხლობდნენ და თავდადებით იღვწოდნენ; ეს სიყვარული მათთან ერთად იზრდებოდა და მთელ ოჯახს ადუღაბებდა იმ უტკბესი კავშირით, რომელიც სიცოცხლეს ბედნიერს ხდის და რომელსაც სიკვდილიც კი ვერ გაწყვეტს.
მისის მარჩი კვლავაც მხნეა და ხალისიანი, თუმცა იმაზე უფრო ჭაღარა, ვიდრე მაშინ, ბოლოს რომ ვნახეთ და ამჟამად ისეა ჩაფლული მეგის საქმეებში, რომ დაჭრილი „ბიჭებით“ ჯერაც სავსე ჰოსპიტლებსა და ჯარისკაცთა ქვრივებს აშკარად აკლიათ მისი დედობრივი ზრუნვა და მადლიანი სტუმრობა.
ჯონ ბრუკი მთელ წელიწადს ვაჟკაცურად იხდიდა ვალს, დაიჭრა, დაითხოვეს და ფრონტზე დაბრუნება აუკრძალეს. არც წოდება არგუნეს და არც – ჯილდო, თუმცა კი ეკუთვნოდა, რადგან იოლად რისკავდა ყველაფერს, რაც კი გააჩნდა, ხოლო სიცოცხლე და სიყვარული დიახაც, რომ ძვირად ფასობს, როცა ერთიც გაფურჩქვნის ხანაშია და მეორეც. ჯონი შეეგუა არმიიდან დათხოვნას და მთელი ძალ-ღონე იქით მიმართა, რომ გამოკეთებულიყო, მუშაობისთვის მომზადებულიყო და მეგისთვის სახლის საყიდელი ფული დაეგროვებინა. რაკი არც წინდახედულობა აკლდა და არც დამოუკიდებლობისკენ შეუპოვარი სწრაფვა, უარი თქვა მისტერ ლორენსის გულუხვ წინადადებებზე და მისსავე კომპანიაში ბუღალტრად შეუდგა მუშაობას – დიდად კმაყოფილი იმით, რომ პატიოსნად გამომუშავებული ჯამაგირით იწყებდა კარიერას და ნასესხებ ფულს არ აბანდებდა რომელიმე სარისკო საქმეში.
მეგს მოლოდინსა და შრომაში გაჰყავდა დრო, ქალური ხასიათი უყალიბდებოდა, დიასახლისობის ხელოვნებაში ოსტატდებოდა და დღითიდღე ლამაზდებოდა, რადგან აბა, რა გვალამაზებს იმაზე მეტად, ვიდრე სიყვარული?! მასაც ჰქონდა ქალიშვილური სურვილები და იმედები და, ამიტომაც, ცოტა არ იყოს, სწყინდა, რომ მოკრძალებულად უნდა შესდგომოდა ახალ ცხოვრებას. ცოტა ხნის წინ ნედ მოფატმა სალი გარდინერი შეირთო და მეგი ძალაუნებურად ადარებდა თავის ავლადიდებას იმათ მშვენიერ სახლსა თუ ეტლს, აუარება საჩუქარსა თუ ბრწყინვალე ჩაცმულობას და ჩუმ-ჩუმად ნატრობდა, ნეტავი, მეც მქონდესო. თუმცა, შური და უკმაყოფილება მაშინვე გაუქრებოდა ხოლმე, როგორც კი გაახსენდებოდა, რა მოთმინება, სიყვარული და შრომა ჩააქსოვა ჯონმა იმ პატარა სახლში, მას რომ ელოდა, და როცა შებინდებულზე ერთად დასხდებოდნენ და თავიანთ პატარ-პატარა გეგმებზე ალაპარაკდებოდნენ, მუდამ ისეთი ნათელი და მშვენიერი წარმოუდგებოდა მომავალი, რომ სალის ფუფუნება იქვე ავიწყდებოდა და მთელ საქრისტიანოში უმდიდრესი და უბედნიერესი ქალიშვილი ეგონა თავი.
ჯო აღარ მიბრუნებულა პაპიდა მარჩთან, რადგან მოხუც