ეროსიდან ეროტიზმამდე
დღევანდელობის კონტექსტში ეროტიზმის თემა თითქოს საყოველთაო და უმტკივნეულოა. არადა XX საუკუნის ევროპული ფილოსოფიური აზრის ჭრილში იგი უმნიშვნელოვანესი კვლევის საგანია. თავის მხრივ, ეს გარემოება კიდევ ერთხელ გვახედებს ბუნებასა და კულტურას შორის მოქცეული ადამიანის არსში და, სხვა თუ არაფერი, ამ ორ წინააღმდეგობას შორის იმავე ადამიანის მუდმივი წონასწორობისა და საბოლოო არჩევნის საკითხებსაც წვდება. დავიწყოთ ცოტა შორიდან.
თუ ეროსი, ეროტი (იგივე ამური, კუპიდონი) – სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტეს, მუდმივი თანამგზავრი (სხვა ვერსიით, მისი ვაჟიშვილი), კარგად მოისარი, ონავარი ყმაწვილი ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში იჩენს თავს, ეროტიზმი, მოსურვილება, მაგრამ ამასთან საწადელის მიუწვდომლობის ტკბილ-მწარე განცდა, ასე ვთქვათ, „სურვილთა თმობანი“ და მისი შესაბამის სიტყვიერ სამოსელში გახვევა, ალბათ, ისეთივე ძველია და უასაკო, როგორც თვით სამყარო. ამიტომაც ემოციურად ჩვენზე დღემდე ახდენს ზემოქმედებას სამი ათას სამასი წლის წინ ეგვიპტელი ფარაონის, ეხნატონის, ქება მიმართული მისი ულამაზესი მეუღლის, დედოფალ ნეფერტიტისადმი, ან მცხეთაში, არმაზისხევში, ქართლის მეფეთა რეზიდენციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი წარწერა: „ზევახ, სიცოცხლეო, ჩემო“ ან სულაც ხალხური მელექსის, ხვარამზეს „ვერცხლის თასადამც მაქცია...“
ეროს-ეროტისადმი, როგორც ღვთაების, როგორც ადამიანთა ქცევაზე პასუხისმგებელი მითოლოგიური პერსონაჟისა და იმავდროულად რთული და წინააღმდეგობრივი ფილოსოფიური კატეგორიისადმი ბერძენთა ინტერესს ადასტურებს თუნდაც ე. წ. მილეთური მოთხრობები, ანაკრეონტისა და საფოს პოეზია (მაგ.: საფო ეროსს უმაღლეს კოსმიურ ძალად მიიჩნევს, რომლითაც ადამიანს შეუძლია განიცადოს სიცოცხლის სრულყოფილება); ემპედოკლეს პოემა „ბუნების შესახებ“, რომელშიც სიყვარული (ფილეა) და სიძულვილი (ნეიკოსი) სამყაროს მამოძრავებელ დიალექტიკურ, ერთმანეთთან მუდმივად დაპირისპირებულ ძალებადაა წარმოდგენილი; პლატონის „ნადიმი“ (მასში მიზნად დასახულია იმ უსამართლობის დაძლევაც, რაც ქება-დიდებით არა ძლევამოსილი ეროსის, არამედ თუნდაც მარილის აპოლოგიაში გამოიხატებოდა); ოვიდიუსის „ტრფობანი“, რომელშიც ეროსის ზემოქმედების ძალა უმაღლეს რეგისტრშია აყვანილი და სიკვდილთან მიახლების სურვილში გარდაისახება („კუპიდონ, აღარ ღირს ტრფობა, გამშორდი მაგ შენი მშვილდით, სიკვდილის მეტი უკვე აღარაფერი მინდა!“) და ა. შ.
მოგვიანებით ეს ინტერესი სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ვრცელდება (ბოკაჩიოს „დეკამერონი“, აპულეუსის „მეტამორფოზები ანუ ოქროს ვირი“, ლოპე დე ვეგას „სულელი ქალი“, ფრიდრიხ შილერის „ლუცინდე“, გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, სტენდალის „სიყვარულის შესახებ“ და სხვ.), სადაც ჰუმანიზმის ტოპიკის გაფართოებასთან ერთად (შუასაუკუნეობრივი ასკეტიზმის დაძლევა, რენესანსული იდეების დამკვიდრება), მწიფდება უფრო ღრმა და დახვეწილი დეტერმინირების აუცილებლობა, რომლის რეალიზება უკვე XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე, ცხადია, ფროიდიზმის ზემოქმედებით მიმდინარეობს და საინტერესოდ აისახება, ვთქვათ, ფრანგი ფილოსოფოსის, ჟორჟ ბატაის ნაშრომში „ეროტიზმი“ (1957 წ.), მისი გავლენით კი თანამედროვე მკვლევრებთან, უცხოელთაგან როლან ბარტთან, მიშელ ფუკოსთან, რუსულენოვანთაგან მიხეილ ეპშტეინთან, ალექსანდრ ეტკინდთან (აშშ), მიხეილ ვაისკოპფთან (ისრაელი), ს. ზენკინთან (რუსეთი) და სხვ.
XX საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსი ჟორჟ ბატაი, როგორც მოაზროვნე, უპირველესად ყურადღებას იპყრობს იმით, რომ საკმაოდ ორიგინალურად უმკლავდება ფროიდის ყოვლისმომცველ ზეგავლენას: იგი თითქოს სტრიქონებშუა კითხულობს დიდი მეცნიერის იმ აზრებს, რომელთა ღიად დეკლარირებას ფროიდს ადამიანური ფსიქიკის შესახებ შექმნილი თავისივე სქემა უზღუდავდა. ამიტომაც უწოდებენ ბატაის ფროიდის „თვალთმაქც ინტერპრეტატორს“, ფროიდისტულ ინტუიციებში ღრმად ჩახედულ ფილოსოფოსს. თუ ფროიდთან ადამიანური ბუნება, ადამიანური კულტურის არაერთი პროცესი დაიყვანება სექსუალურ ენერგიამდე, ბატაისთან გარკვევით წერია: „ეროტიზმი სექსუალურობის სინონიმი არ არის (სექსუალური ცხოვრება აქვთ როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებს, ეროტიკული ცხოვრება კი – მხოლოდ ადამიანს)... ეროტიზმი – ესაა ფორმა, რომელსაც იღებს სექსუალური აქტივობა, თუკი ის თამაშდება ადამიანის ცნობიერებაში, ადამიანისა, რომელიც საუბრობს, მსჯელობს, შეიგრძნობს ცხოველისგან განსხვავებული გრძნობების საშუალებით“ (ჟ. ბატაი, ეროტიზმი).
ეროტიზმის ისტორიას (სხვათა შორის, დაუსრულებელს) ბატაი იმ მიზნით წერს, რომ გვაჩვენოს ეროსის განუყოფლობა ადამიანური არსისგან, გამოკვეთოს ახლა უკვე ქრისტიანობასთან დაკავშირებული მისი წარმოშობის წინაპირობა. ამისთვის იგი მიმართავს ძველაღთქმისეულ ცოდვისქმნადობის, ცოდვითდაცემის მითოლოგემას და მასთან დაკავშირებულ სირცხვილის გრძნობას, რომელიც ადამსა და ევას სამოთხის ვაშლის მირთმევის შემდეგ უჩნდებათ. მისი აზრით, სწორედ ესაა ეროტიკული ლტოლვის სერიოზული იმპულსი. სხვა სიტყვებით, ბატაისთვის „ბიბლიური სიუჟეტი აქ ეროტიკულის მექანიზმის წარმოქმნის ილუსტრირებას ემსახურება“. თუმცა არანაკლებ საინტერესოა ის მდგომარეობაც, რომელიც იწვევს სირცხვილის ამ განცდას. ესაა სიშიშვლე, როგორც ადამისა და ევას ბუნებრივი მდგომარეობა „ცოდვით დაცემამდე“, როგორც პირველქმნილი ჰარმონიისა და სრულყოფილების, შეურყვნელობისა და უმანკოების ნიშანი. „თუმცა სამოთხიდან გამოძევების შემდეგ ადამიანი იფარავს სიშიშვლეს, სიშიშვლის ახდილობა ადამიანის დამცირებული, შეურაცხყოფილი მდგომარეობაა“ (ზურაბ კიკნაძე). ქართულ ენასა და მეტყველებაში სათანადოდ აისახა სიშიშვლისადმი ორაზროვანი დამოკიდებულება, რომელზედაც საგანგებო ყურადღებას ამახვილებს „სიმბოლოთა ილუსტრირებული ლექსიკონი“ (შემდგ. ზაზა აბზიანიძე, ქეთევან ელაშვილი, 2016): ერთი მხრივ, „შიშველ-ტიტველი“ სრული უბადრუკობისა და დაკნინების გამომსახველია, მეორე მხრივ, „დედიშობილა“ – უმანკოებისა და სიწმინდის ელემენტის გათვალისწინებით, დაუცველობისა და