წინასიტყვაობა
შენ თუ ეს წიგნი გიჭირავს ხელში, ე.ი. საკმარისად მომწიფდი ამისათვის. გილოცავ! იგი დაიწერა სიყვარულით და მოლოდინით, რომ პირადად შენთვის მოიტანდა ისეთ გარღვევას, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერი ძალისთვის. შენ თვითონ ხარ ამოუწურავი ძალა და დიდებულების დაუშრეტელი მარაგი. შენ მდინარე ხარ, რომელიც მუდმივად მოძრაობს და არავის შეუძლია მისი შეჩერება. შენ ვერ დამყაყდები, ამის ნიჭი არ გაქვს; ვერ დაძველდები, არც ამის ნიჭი გაქვს. შენი ფიზიკური ასაკი არაფერს განსაზღვრავს შენთვის. გთხოვ, რომ დაივიწყო სიტყვა: "გვიანია". თუ დროს დაივიწყებ, მიხვდები, რომ სიტყვა "გვიანია" უსარგებლო ხდება. მაგრამ დრო ხომ არსებობს? - მკითხავ შენ. - დრო არსებობს მხოლოდ ფიზიკური სხეულისთვის, როდესაც ის იცვლება და ბერდება, მაგრამ შენი "ნამდვილი მე" ხომ შენი სხეული არ არის! შენ ის ხარ, ვინც შენი სხეულის შიგნით ცხოვრობს და მას სიცოცხლეს აძლევს. ნუ განსაზღვრავ თავს ნაოჭების სიღრმითა და რაოდენობით, ნურც ე.წ. წარსულის გამოცდილებით. შენ ხომ გინდოდა ცვლილებები? ცვლილებები იქ არ მოდიან, სადაც ახლა იმყოფები. ცვლილებებთან შესახვედრად შენ უნდა ამაღლდე ჩვეული აზროვნების წესზე, გამოცდილებებზე, შიშებსა და ურწმუნოებაზე. თუ არ გწამს, რომ შენში საკმარისი ძალაა ნებისმიერი საღი მიზნის მისაღწევად, არაფერი გამოვა. ცვლილებები მოითხოვენ გულისა და გონების გარდაქმნას, რათა შეძლონ სააშკარაოზე გამოსვლა შენთვისაც და სხვებისთვისაც მაშინ, როდესაც მთლიანად გათავისუფლდები ყველა იმ აზრობრივი თუ რწმენითი მარწუხისგან, რომელიც ასე ატყვევებს შენს უზენაეს პოტენციალს. აქვე, პირობას გაძლევ, რომ შენი გონება ძალიან ხშირად შეეწინააღმდეგება ამ წიგნში ამოკითხულ ბევრ აზრს, მაგრამ გევედრები, დარჩი ტალღაზე და დასკვნები მხოლოდ და მხოლოდ წიგნის დასრულების შემდეგ გამოიტანე.
ჭეშმარიტი სიყვარულით, ავტორი: დოდი კუჭუხიძე
...როდესაც ის გავსინჯე... დამავიწყდა. მაგრამ ის კვლავ იწეოდა ჩემკენ. მისი ერთგულება ისეთი მყარი იყო, როგორიც ზეციური იერუსალიმის საძირკველი! მისი სიყვარული - ჰაერივით გამჭვირვალე და ლავასავით ცხელი. მე ვერ ვხვდებოდი მასთან გაერთიანების მნიშვნელობას. ჩემი გონება გაყინული იყო, გული - გაქვავებული. მე მეძინა! მეძინა სიბნელის სარეცელზე, მეცვა სიცრუის პერანგი, ზედ მეფარა შუაზე გაგლეჯილი კრეტსაბმელი და არ ვიცოდი, რომ ის ჩემი ერთადერთი ხსნა იყო. ჩემი ძილი ისეთი ღრმა და რეალური ჩანდა, სინამდვილედ აღვიქვამდი.
ვცხოვრობდი გამუდმებულ სიზმარში და სიზმარი ჩემი რეალობა მეგონა. რეალობა, რომელიც მე თვითონ შევქმენი, ან ჩემმა გარემოცვამ შემიქმნა, ან წინაპრებმა, ან ძილის სამეფომ. ძილში ხდებოდა ყველა მოვლენა. მათ შორის ჩემი შობა, გაზრდა, განვითარება. ტკივილიც კი მეტისმეტად რეალური იყო მაშინ და იქ!
ადამიანები კრავდნენ ოჯახებს და შორდებოდნენ. მიდიოდნენ სამოგზაუროდ, რწყავდნენ მცენარეებს და აკეთებდნენ ყველაფერს, რის წარმოდგენაც მძინარე გონებას შეეძლო.
გაიღვიძე! - არ მესმის. ვაგრძელებ ძილს.
მე მიზიდავს იქაური წესები, რადგან ისინი ჩემს გენში შეჭრილ ვირუსებს ჰგვანან. ისინი აკონტროლებენ ჩემს ნებას, ისინი მკარნახობენ აზრებს და ისინი მიგებენ სამოქმედო ქვაფენილს. ცრუთა ჯოგი! ცრუ ილუზიონისტი ზის მათი სამყაროს ტახტზე და წამლავს მათ აზრებით, სიტყვებით, ემოციებით. ის იყენებს უფაქიზეს სენსორებს მმართველობისთვის, ძალადობს მატერიაზე და მატერიის ნაბუშრები აწვალებენ ადამიანებს. მატერიის ნაბუშრები ხარხარებენ, იკლაკნებიან, ჭყივიან გამოსაღადრავად დამწყვდეული პირუტყვივით. ნაბუშრები კაიფობენ ადამიანებით. მათ არ შეუძლიათ ისეთი რამის შექმნა, რაც სამუდამოდ დარჩება, ამიტომ ისინი ქმნიან მარადიულობის ილუზიას. სიცრუე! მათი იარაღი ტყუილია და მათი წარმომშობელი - მატყუარა ილუზიონისტი.
უეცრად შემომაჩეჩეს სიმართლე და რადგანაც ჩემი ნება შეპყრობილი იყო, სიმართლის ჭერა ვერ შევძელი. ვაგრძელებ ძილს...
შიში
უეცრად შიშს დაადგეს დედოფლის გვირგვინი. გვირგვინი უამრავი მბრწყინავი თვალით იყო მოოჭვილი. ყველას შეუყვარდა ახალი დედოფალი - "შიში", რადგან ეგონათ, რომ მას სამეფო წარმომავლობა ჰქონდა და სამართლიანად მმართველობას შეძლებდა. დურგლებმა მას საკუთარი სახლის კარი გაუღეს. დიდგვაროვნებმაც იგივე გააკეთეს და შვილებსაც აიძულებდნენ დედოფლის სიყვარულს. მათ იმიტომაც უყვარდათ ახალი დედოფალი, რომ მათი ნება მონად იჯდა ცრუ ილუზიონისტის დილეგში. მეცოდებოდა ხალხი, მაგრამ უფრო მეტად ჩემი თავი, რადგანაც ვგრძნობდი მეტს და შემეძლო არაფერი. მეც მათი თანამოძმე და თანამძინარე ვიყავი ძილის სამეფოში. დედოფლის გვირგვინი აჯადოებდა ხალხს. იმდენად დიდი იყო თითოეული თვალის ბრწყინვალება, რომ ნებისმიერის დაბრმავება შეეძლო, ვინც 3 წამზე მეტ ხანს შეხედავდა. ამიტომ დედოფალი "შიში" უწყვეტ ნადიმებს მართავდა ყველა ფენის წარმომადგენელთათვის, რათა საყოველთაო სიბრმავე გამოეწვია. მძინარე ბრმები! მძინარე ბრმები!
გაიღვიძე! - ვაგრძელებ ძილს.
დედოფალმა "შიშმა" ნაბუშრებს ადამიანებისთვის მუზარადების შექმნა უბრძანა. მუზარადი სახელწოდებით - "ეჭვი". ეს მუზარადი ისეთი მძიმე იყო, რომ ადვილად აზიანებდა მხრებს, კისერს და ხერხემალსაც კი. ხალხი მუზარადებით ჭამდა, მუშაობდა და ეძინა კიდეც. ძილში ორმაგად მტანჯველი იყო "ეჭვი". სუნთქვა ძალიან ჭირდა მასში და ადამიანები საშინელ სიზმრებს ხედავდნენ ღამღამობით. მუზარადიანებს სიზმრები ყოველდღიურობაში რეალურ მოვლენებად ექცეოდნენ.
1988 წლის 8 თებერვალს მუზარადმა მოკლა ბავშვი. გლოვა არ გამოუცხადებიათ.