პრერაფაელიტიზმი დიდ ბრიტანეთში
1. მოკლე ისტორია
1848 წელს ევროპაში მომხდარი რევოლუციების მახლობლად ინგლისში ადგილი ჰქონდა სრულიად სხვა ტიპის რევოლუციას კულტურისა და ესთეტიკის სფეროში, რომელიც დღემდე განაპირობებს წარმოდგენებს ხელოვნებაზე და ფასეულობების მასშტაბებს. ამ წელს ვიქტორიანულ ბრიტანეთში 7 ახალგაზრდა ხელოვანი გაერთიანდა შემოქმედებით წრეში, რომელსაც ეწოდა „პრერაფაელიტური ძმობა“, (შემოკლებით პღბ) ესენი იყვნენ: დანტე გაბრიელ როსეტი, უილიამ ჰოლმან ჰანტი, ჯონ ევერეტ მილე, თომას ვულნერი, ჯეიმზ კოლინზონი, კრიტიკოსი ფრედერიკ ჯორჯ სტეფენსი და ქრონისტი უილიამ მაიკლ როსეტი.
სახელით „პრერაფაელიტური ძმობა“ ამ წრეს სურდა პროტესტი გამოეხატა იმდროინდელი აკადემიური ხელოვნების სტერილური კონვენციონალურობის მიმართ, რომელიც სჭვიოდა როგორც ლანდშაფტების, ისე ჟანრობრივ სცენების ამსახველ ნამუშევრებში. პრერაფაელიტ ხელოვანთა მამოძრავებელი იყო რომანტიკული მედიევალიზმი, წარმართული ჰედონიზმი და რაფაელამდელი ხელოვნება.
2. ხელოვნების ისტორიის ხედვა
პრერაფაელიტები ხელოვნებას რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული განიხილავდნენ, როგორც მუდმივი უკუსვლის პროცესში მყოფს, რისი შედეგიცაა მათი თვალსაზრისით სახვითი ხელოვნების გაქვავება შინაგანად უძრავ ფორმებში. ეპოქა იტალიურ რენესანსამდე და რაფაელამდე მათი შეხედულებით ჯერ კიდევ ფლობდა იმ უშუალობას, რომელსაც შემოქმედთა ეს ჯგუფი ყოველთვის მიელტვოდა და განიხილავდა როგორც ჭეშმარიტი ხელოვნების არსს. მათზე უღრმეს შთაბეჭდილებას ახდენდა რენესანსამდელი ხელოვნება, თუნდაც იტალიური კამპო - სანტოს ფრესკები. მათი თქმით, ამ ფრესკებში ჩანდა „ამოუწურავი ბუნების ყურადღებით აღსავსე დაკვირვება“. ამრიგად ადრეული იტალიური ხელოვნება აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს, რომელიც გამოიხატებოდა ძირეულ დებულებაში „მიეცე ბუნებას ბავშვურად და მთელი არსებით.“ ამადაც გააიდეალეს მათ ჯოტო, ფრა ანჟელიკო და ჩიმაბუე, რომელთა პირველყოფილი სიწრფელე და სიხალასეც მათ განსაკუთრებით ხიბლავდა. ეს დაბრუნება ბუნებასთან ნიშნავდა იმ დროს ევროპაში გავრცელებული ხელოვნების ფორმების უარყოფას და ერთადერთ მოძღვრად საკუთარი სულიერი უნარებისა და ბუნების უშუალო დაკვირვების (ინგლ. ფირსტ - ჰანდყ - სტუდყ) აღიარებას, როგორც აღნიშნავს ამ გაერთიანების ქრონისტი უილიამ მაიკლ როსეტი.
3. თეორიული სისტემა და სახისმეტყველება
თეორიულ პლანში პრერაფაელიტების მსოფლმხედველობაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კულტურფილოსოფოს ჯონ რასკინის ნააზრევმა, რომელიც მან ჩამოაყალიბა წიგნში „თანამედროვე მხატვრები.“ ბუნებასთან მსგავსი მიმართება კავშირშია ჯონ რასკინისეულ ჭეშმარიტების ცნებასთან, რაც გულისხმობს ბუნების საგანთა მეცნიერული სიზუსტით გამოკვლევასა და გადმოცემას. პრერაფაელიტურ ხელოვნებას აღბეჭდავს ორი ძირითადი ელემენტი, ესენია დეტალების ზუსტი გამოსახვა და ამა თუ იმ თემის უფრო ღრმა საზრისის გადმოცემა. ეს ყოველივე საფუძვლად დაედო თანამედროვე ესთეტიკას და გულისხმობს მასალის სწორად შერჩევის, ფუნქციონალურობის, ნამდვილობის და ხელოსნობის ფასეულობით ცნებებს.
1849 წელს გამოდის პრერაფაელიტური წრის პირველი ჟურნალი ტჰე გერმ (ჩანასახი) რომელიც ჩავარდა 4 ნომრის გამოცემის შემდგომ და დაიხურა. იმავე წელს შედგა მათი პირველი გამოფენა, რომელსაც დიდად არ მიუქცევია საზოგადოების ყურადღება. ხოლო 1850 და 1851 წლების გამოფენებს, რომლებიც შედგა სამეფო აკადემიაში და რომელთა გახსნასაც უამრავი ადამიანი დაესწრო, მოწონებასთან ერთად აღშფოთების დიდი ტალღებიც მოჰყვა. გაღიზიანებას იწვევდა მეტადრე მილეს ნახატი „ქრისტე თავისი მშობლების სახლში“ ასევე დანტე გაბრიელ როსეტის ნამუშევარი ხარების თემაზე. პრერაფაელიტებს ბრალს სდებენ სილამაზის ნორმების უგულებელყოფასა და ცუდ გემოვნებაში. რელიგიური თემებისა და ვიქტორიანული ეპოქის რეალისტურობით ასახული ყოველდღიური სცენების ურთიერთდაკავშირებას კრიტიკოსები უწოდებენ „მხატვრულ მკრეხელობას.“ კრიტიკოსთათვის ასევე მიუღებელია ე.წ. „რივაივილიზმი“, ანუ ძველი ეპოქების ხელოვნებისა და კულტურის მიბაძვა. სხვაგვარად ფიქრობდა ჯონ რასკინი, რომელიც თვლიდა, რომ ამ ჯგუფის სამუშაო პრინციპები არც პრერაფაელიტურია, არც პოსტრაფაელიტური, არამედ ყოველთვის აქტუალურია.
აანალიზებს რა ჰანტის ნახატს, რასკინი მიიჩნევს, რომ აქ განხორციელებულია როგორც რეალობის ზუსტი ასახვა, ისე გადმოცემულია უფრო ღრმა აზრი. რასკინის ამ ინტერპეტაციიდან გამომდინარე სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს პრერაფაელიტების შემოქმედების კიდევ ერთ დამახასიათებელ ნიშანზე: ესაა ტიპოლოგია, რაც გვხვდება სიმბოლური მიმართებების შუასაუკუნეებისეულ სისტემებში. მათში ესა თუ ის საგანი როგორც ღვთაებრივი შესაქმის ნაწილი შესაძლოა მიანიშნებდეს სხვა საგანზე და სისტემურად იყოს დაკავშირებული მასთან. პრერაფაელიტების შემოქმედებაში რასკინი ხედავს თავისი იმედების განხორციელების შესაძლებლობას, რომ „ტიპების, იგივე სახეების ენა“ ანუ ძველქართულად თუ ვიტყვით, სახისმეტყველება, ამიერიდან უფრო მეტად იქნება ამოცნობილი, წაკითხული და უწინდელზე უკეთ გაგებული. რასკინის თქმით ეს ენა უკეთესია თვით ბერძნულსა და ლათინურზე, რისი საშუალებითაც ღვთაებრივი ჭეშმარიტება უკეთესად შეიმეცნება ყველა ამქვეყნიურ მშვენიერებაში.
ხშირად კრიტიკას უჭირდა რეალისტური გამოსახვის მეთოდის და ტიპოლოგიური საზრისის ერთმანეთთან დაკავშირება. ასეთი იყო თუნდაც პოლემიკა ჰანტის ნამუშევრის „განტევების ვაცის“ გარშემო. ჰანტი ცდილობს, მსხვერპლშეწირვისთვის გადადებული ცხოველი უდაბნოში რელიგიური საზრისის მქონე სურათ-ხატად აქციოს, როდესაც სხვადასხვა ნიშანდობლივი დეტალები შემოაქვს. ამრიგად წარმოიქმნება რეალიზმისა და სიმბოლურობის დაპირისპირების ველი. ხოლო ჟურნალ „ათენეუმის“ ფურცლებზე ერთ-ერთი კრიტიკოსი წერდა: „ვაცი არის მხოლოდდამხოლოდ ვაცი და არაფერი გვაძლევს იმის უფლებას, მივიჩნიოთ იგი ალეგორიულ