მთარგმნელის წინათქმა
წინამდებარე კრებული გერმანული ლირიკის ქართულად ამეტყველების მცდელობას წარმოადგენს. მისი სათაური გოეტეს პოეზიიდან წარმოსდგება, ვისაც ლექსები ეკლესიის ვიტრაჟებს მოაგონებდა (Gedichte sind gemalte Fensterscheiben). ის თვალისმომჭრელი ნათელი, რომელიც საზეო ყოფიერების საუფლოდან მიწიერყოფაში შემოანათებს, მათი წყალობით მრავალ ფერსა და ფორმაში საცნაურდება. იგი ხედვის ობერაციას და ადამიანის გაკეთილშობილებას უწყობს ხელს და ამით მისი ამოცანა არა მხოლოდ ესთეტურია, არამედ საკრალურობის ხარისხშიც კი ადის. კრებული მოიცავს გერმანულ პოეზიას მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე.
ამ ფასეულობათა შემოქმედს ამაოდ როდი უწოდებდნენ „მწერალთა და ფილოსოფთა“ ერს. ფილოსოფია, მუსიკა, პოეზია - ეს არის სამი „დარგი სიბრძნისა“, რომლითაც განსაკუთრებით გამოირჩევა გერმანელი ერი უკანასკნელ საუკუნეებში. გერმანული ლირიკა, როგორც ერთ-ერთი სამთაგანი, სრულიად თვითმყოფადი გამოხატულებაა ცენტრალური ევროპის სულისა, მისი განხორციელებაა სიტყვის სამოსელში; მასში საცნაურია იდეალისტური ფილოსოფიის საზეო მისწრაფებანი, გასხივოსნებული გონების აპოლონური სინათლით, აგრეთვე გერმანული მუსიკის სიღრმე, მისი ჰარმონიები და პულსაცია.
მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტურობის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ავტორებისა და ლექსების შერჩევისას მაინც შევეცადე გამეთვალისწინებინა მიმდინარეობათა და სტილთა მრავალფეროვნება. კრებულში ასე თუ ისე წარმოდგენილია: კლასიკა - გოეტე და შილერი, რომანტიკა - ნოვალისი, ბრენტანო და აიხენდორფი, კლასიკასა და რომანტიკას შორის - ჰოლდერლინი, პოსტრომანტიკა - რიუკერტი, რომანტიკასა და რეალიზმს შორის - ჰაინე, ადრეული რეალიზმი - მოერიკე, რეალიზმი და იმანენტური ტრანსცენდენტურობა - ჰებელი, რეალიზმი იმპრესიონიზმის ელემენტებთან ერთად - მაიერი, იმპრესიონიზმი და ავანგარდი - ნიცშე, დემელი, მორგენშტერნი, ექსპრესიონიზმი - თრაკლი, ტრადიცია და კონსერვატიული განახლება - გეორგე, ჰოფმანსტალი, ჰესსე და თანამედროვე პოეზია - რილკე, ბენი, კაშნიცი, აიხი, ბობროვსკი, ბახმანი და ენცენსბერგერი.
არ ვიტყოდი, რომ წინამდებარე კრებული გერმანული პოეზიის თარგმნილი ანთოლოგიაა: ამ შემთხვევაში წიგნი თავისი მოცულობით სულ ცოტა ოთხჯერ ან ხუთჯერ დიდი მაინც გამოვიდოდა. გარდა ამისა, კრებულში არ არის წარმოდგენილი შუასაუკუნეების, რენესანსის, ბაროკოს პერიოდები.
გერმანული ლიტერატურის თარგმნას საქართველოში თითქმის საუკუნენახევრის ტრადიცია აქვს. შესაძლოა ზოგიერთი ლექსი, რომელიც შესულია წინამდებარე კრებულში, უკვე თარგმნილიც იყოს. და მაინც, თვალსაჩინო პოეტური ქმნილების კიდევ ერთი თარგმანი არასგზით არ აწყენს კულტუროსან ერს.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ევროპული პოეზიის გადმოქართულებისას კარგადაა შესაძლებელი წონასწორობის დაცვა აზრისმიერ და მუსიკალურ-ესთეტურ საწყისებს შორის. როგორც ბოლორითმოვანი, ისე ურითმო, შინაგანად რიტმიზებული ლექსების თარგმნას შევეცადე შესაბამისი ფორმის დაცვით. ლექსის სიტყვიერ ჩამოქნას რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით უნდა ითქვას: ქართულ ლიტერატურაში ცნობლი რომელიმე სტილის მარტოოდენ მიბაძვა ვერ გამოდგება ამ საქმეში, თუმცა რუსთაველის, გურამიშვილის, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის ტრადიციებს და პოეტურ მეტყველებასაც გვერდს ვერავინ აუვლის.
დაბოლოს, მინდა ფასეული რჩევებისათვის მადლობა გადავუხადო ნინო ბარდაველიძეს, ჩემს მეუღლესა და მეგობარს, ვინც იყო ამ კრებულის პირველი მკითხველი.
კონსტანტინე ზ. გამსახურდია
შვეიცარია, 19 მაისი, 2000 წელი