პასუხი დადებითი პასუხი უარყოფითი - 1 - ლუკა, შენი დახმარება მჭირდება! - სიარულისგან დაღლილი ძლივს სუნთქავდა. ნებართვა არ უთხოვია, ისე დაეხეთქა სკამზე.
- გაგიმარჯოს! - ზანტად გახედა მეგობარმა.
- გთხოვ, რა, ნუ მახვეწნინებ.
- რა გინდა? - ამოიოხრა ლუკამ.
- გუშინ ღამით კლუბიდან ერთ გოგოსთან ერთად გამოვედი. მისი ვინაობა მაინტერესებს.
- ეხ, ტატო, ტატო, - საზურგეს მიეყრდნო ლუკა, - ამჟამად რა შარში გაყავი თავი?
- არავითარი შარი, უბრალოდ, გაგება მინდა.
- და ისიც გეცოდინება, მე როგორ უნდა დაგეხმარო?
- იმ კლუბის უსაფრთხოების დაცვის უფროსი ხომ ხარ? ნახავ კამერის ჩანაწერებს, მერე კლუბის პერსონალს გამოვკითხავთ და ეგაა. რას მახსნევინებ, შეჩემა.
- ყველაფერი დაგიგეგმავს, ბატონო ტატო, ბარემ ჩაიბარე ჩემი სამსახური, - ხელები სიცილით გაშალა ლუკამ, - და აღარ იტყვი, რატომ ეძებ? რამე მნიშვნელოვანი გააყოლა ხელს?
- ჰო, გააყოლა, მნიშვნელოვანი და თან სახიფათო.
* * *
ჩანაწერების ნახვას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. კადრში ორჯერ გამოჩნდა ტატო - ერთხელ ბარმენთან საუბრისას, მეორედ - ბარიდან გასვლისას... გოგონასთან ერთად, მაგრამ კადრში მისი სახე არ ჩანდა. მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ ჟღალი თმა ჰქონდა და ტატოს მხრებამდე სწვდებოდა. მერე თავიდან ნახეს ჩანაწერები. ახლა მთელი ყურადღება გოგონაზე გადაიტანეს. მარტო მოვიდა. ბარმენს გამოელაპარაკა. ზედიზედ ორი ჭიქა სასმელი დალია. ცოტა იცეკვა. ისევ ბარმენთან დაბრუნდა. ბარმენმა საუბრისას ტატოზე ანიშნა და გოგონაც ბიჭისკენ დაიძრა. ცოტა ხანს ილაპარაკეს და მერე კლუბიდან გავიდნენ. ახლა ერთადერთი ხსნა ბარმენის გამოკითხვა იყო.
* * *
- არ ვიცნობ, ძმაო, რატომ არ გჯერათ? - უმწეოდ დაახამხამა თვალები ბარმენმა.
- რას გვაბოლებ? ჩემზე ანიშნე, თან რაღაცას ელაპარაკებოდი, - ტატოს ოდნავ ჩაეღიმა.
- მკითხა, ხომ არ ვიცნობდი ბიჭს, რომელიც ყოველდღე სხვადასხვა გოგოსთან ერთად დადისო. მიზეზით დავინტერესდი და მითხრა, არ მინდა ვინმე ისეთს გადავეკიდო, ვინც ჩემს მოძებნას შეეცდებაო. შენზე მივანიშნე. შენ ხომ მუდამ ასეთ გოგოებს ეძებ, ერთხელ შეხვდე და მერე აღარასოდეს დაუბრუნდე? ჰოდა, გიშოვე, რა, - გაიკრიჭა ბარმენი.
- რა ჰქვია?
- წარმოდგენა არ მაქვს, იმ დღეს პირველად ვნახე, - მხრები უდარდელად აიჩეჩა.
- ან სახელს გაიხსენებ, ან უსამსახუროდ დარჩები, - საუბარში ჩაერია ლუკა.
- კი, მაგრამ...
- რა ჰქვია?
- მართლა არ ვიცი, ვინაა. მაგრამ ქურთუკის ქვეშ უნიფორმა ეცვა, რომელიღაც დაწესებულების, - თვალები მაგრად დახუჭა ბარმენმა, თითქოს ასე შეძლებდა გახსენებას. მერე კი ღიმილით ასწია თავი, - გამახსენდა, სამრეცხაოა რაღაც, ფორმები აქვთ, ცისფერი პერანგები მუქი ლურჯი საყელოთი. მანდ რაღაცები მიმაქვს ხოლმე გასარეცხად.
- სახელი?
- მგონი ეკა ეწერა ბეიჯზე.
- დაწესებულების სახელზე გეკითხები, - თვალები დაუქაჩა ლუკამ.
- არ მახსოვს, ძმაო. მაგრამ ახლავე მოვძებნი Google Maps-ით. ჩემს უბანშია.
- სწრაფად! - წარბშეკრულმა გასცა ბრძანება, მერე კი ისე, რომ ბარმენს არ დაენახა, ტატოს თვალი ჩაუკრა. საქმე თითქმის გაკეთებული იყო. მართალია, წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ ეძებდა ტატო ასე მონდომებით ერთხელ ნანახ გოგონას, მაგრამ, ალბათ, მიზეზი ექნებოდა, რადგან ის უმიზეზოდ არაფერს აკეთებდა.
* * *
- მგონი თივაში ნემსს ვეძებთ, - ამოიოხრა ტატომ. ხელში სამრეცხაოს სავიზიტო ბარათი ეჭირა. სამრეცხაოს ერქვა „სუფთა გარემო“ და მას თბილისის სხვადასხვა უბანში ცხრა ფილიალი ჰქონდა. აქედან ორში უკვე იყვნენ, მაგრამ უშედეგოდ.
- კარგი რა. კიდევ შვიდი სამრეცხაო გვაქვს სანახავი.
- და ამით რა შეიცვლება? გამარჯობა, თქვენთან ხომ არ მუშაობს ჟღალთმიანი ეკა? საერთოდაც, იქნებ ნათხოვარი ჰქონდა ეგ უნიფორმა?
- მომისმინე, ფოტოები ხომ არ გავაკრათ ქუჩებში? აი, ჩანაწერიდან ამოვიღოთ და გავავრცელოთ.
- არ შეიძლება! ეგღა მაკლია, რამე შარში გავეხვიო, - ხელი აიქნია ტატომ.
- კაცო, ის მაინც მითხარი, რატომ ეძებ?
- მნიშვნელობა არა აქვს, - წარბშეკრული წამოდგა.
- თუ ასეთი უმნიშვნელოა, რატომ დამარბენინებ თავქუდმოგლეჯილს მესამე დღეა? - ახლა ლუკამ გაშალა გაბრაზებით ხელები.
- ლუკა, ძნელი ასახსნელია...
- როდისმე შენი გაგება გამჭირვებია? - ამჯერად წყენით გახედა მეგობარს.
- მასთან დაუცველი სექსი მქონდა, - სახეზე ჩამოისვა ხელი ტატომ, - ხომ იცი, ეს რას ნიშნავს?
- ნუ ღელავ, ქვეყნის ამოტრიალება რომ დაგვჭირდეს, მაინც ვიპოვით, - მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს, - წამო, სამრეცხაოები შემოვიაროთ.
* * *
- ერთი თვეა ვეძებთ მაგ გოგოს, რაღაც კვალს ვიპოვით და მაშინვე ვკარგავთ. შენს გადამკიდეს, შეყვარებული