დაუმთავრებელი ამბავი 1
პარტიზანები ყველანი ერთნაირები არიან - სულ იმას ცდილობენ, როგორმე გაგრძნობინონ, რომ ცხოვრება ფეხებზე ჰკიდიათ. იქნებ ასეც არის, მაგრამ ამის დემონსტრირება რაღაცნაირად პოზიორული გამოუდით. პარტიზანი ვარო, ისეთი ტონით გეტყვიან, თითქოს კამიკაძეები იყვნენ და თვითმფრინავში სხდებოდნენ, საწვავი კი მხოლოდ ასაფეთქებელ გემამდე მისაფრენად ჰყოფნიდეთ.
კონჭიც პარტიზანი იყო ცოტა ხნით. ის რომ მეტყოდა, პარტიზანი ვარო, სულ მოსკოველი ქალები მახსენდებოდა, ომამდე ოხრად რომ ეყარნენ სოხუმში. „დიოსკურიასთან“ ბულგარულ წიწილებს რომ წვავდნენ შამფურებზე, იმათ თუ აჭმევდი, დაუმადლებლად და დაუყვედრებლად იძლეოდნენ და შენც, თუ პირველად წვებოდი იმ ქალთან, სანამ ბოლომდე გახდიდი, აუცილებლად ჰკითხავდი, სუფთა თუ ხარო. „Я же москвичка!“-ო, ისეთი ტონით გიპასუხებდნენ, თითქოს მოსკოველებს ბიოლოგიური იმუნიტეტი ჰქონოდეთ ვენერული დაავადებების მიმართ. კონჭი იყო იმათი მტერი, მაგრამ კონჭი მონოგამი იყო და შეეძლო, ერთ სეზონზე ერთი ქალის მეტი არც ჰყოლოდა. სხვა არც მოუნდებოდა, ოღონდ ქალი აუცილებლად მოსკოველი ინტელიგენტი უნდა ყოფილიყო, ლომონოსოვგამოვლილი, მეტროსა და ტრამვაიშიც რომ კითხულობს წიგნებს, ისეთი. ზედმეტად განათლებული მოსკოველი ქალების აღგზნებას არაფერი უნდაო, იტყოდა კონჭი, ერთი მაგიური ფრაზა იცოდა, „სიმ-სიმ ატკროისა“ და ხშირად იმეორებდა თავის ქალებთან. „Зарежу, падла!“, ეტყოდა ქალს და საქმე გაკეთებული იყო. ძალიან სიამოვნებთ მოსკოველ ინტელიგენტ ქალებს უხეში მოპყრობა, ამაში განსაკუთრებულ რომანტიკას ხედავენო. მე კონჭის თითქმის ყველა მოსკოველი ქალი მახსოვს. კონჭი ჩემი უმცროსი ბიძა იყო, უფრო სწორად, რეზოს, ჩემი მამინაცვლის, უმცროსი ძმა, ჩემზე მხოლოდ რვა წლით უფროსი. ჰოდა, კონჭი რომ იტყოდა, სხვა ვინმეში ხომ არ გეშლები, პარტიზანი ვარო, მე სულ მისი მოსკოველი ქალები მახსენდებოდა, „Я же москвичка!“-ო, რომ გაიძახოდნენ. მერე კონჭი პარტიზანობას შეეშვა, მოსკოვში დაახვია და იქ დაასრულა თავისი ხანმოკლე, მაგრამ ბობოქარი სიცოცხლე. მის ცხედარს ერთი რუსის ქალიც ჩამოჰყვა, მუცელი ცხვირამდე სწვდებოდა, კონჭის ცოლი ვარ და მისგან ვარ ორსულადო, ოღონდ ქმარს „კოჩის“ ეძახდა, „ლომონოსოვიც“ უკან ჰქონდა მოტოვებული და ყველაფერი იმდაგვარიც, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, მოსკოველი არ აღმოჩნდა. ციმბირელი იყო. რეზო და ბოჩო სულ ეჭვის თვალით უყურებდნენ, რატომღაც არ სჯეროდათ, რომ ის კონჭის ცოლად ჰყავდა შეგულებული. ქალი კონჭის დაკრძალვის შემდეგ მალევე წავიდა, ბავშვს გავაჩენ და დავბრუნდებიო, დაგვიბარა, მაგრამ არ დაბრუნებულა, არც დაურეკავს. ბოჩომ ტელეფონით მთელი ოთხი წელი ეძება მოსკოვშიც და მთელ რუსეთშიც, მაგრამ ვერ მიაგნო. ბიჭები მოსკოვიდან უდასტურებდნენ, ნამდვილად ცოლად უნდოდა კონჭის ის რუსის გოგო, მაგრამ კონჭის სიკვდილის შემდეგ თვალითაც არ გვინახავსო. ალბათ, ბიჭია კონჭის შვილი, მოსკოვში დადის ახლა ან კიდევ სხვა რომელიმე ქალაქში. იქნებ არც იცის, რომ ქართველია, იქნებ დედამისმა უთხრას ეს ამბავი, როცა გაიზრდება და ისიც ჩამოვიდეს მამის საფლავის სანახავად. კონჭი ახლა მარმარილოს ქვაზეა - ასე ვუთხარი ანას, ჩემს ცხრა წლის შვილს. მართლა ცოცხალივითაა დახატული მარმარილოზე კონჭი, ანგელოზის ღიმილით და მის შემხედვარეს სულ ის მაგონდება, როგორ იტყოდა ხოლმე: „Нет, Вася, бля буду, мы далеко не ангелы!“.
მართლა აღარა ვართ ანგელოზები. კარგა ხანია, აღარა ვართ...
ბოჩოც პარტიზანი იყო, ახლა „ბივშია“. ოთხი წელი პარტიზანობდა. მაგარი ტიპია, ცხენები უყვარს ძალიან. რეზო ამბობს, ვისაც ცხენები უყვარს, არ შეიძლება, ცუდი კაცი იყოსო. თვითონ რეზოს კი ძაღლები უყვარს. რაც მახსოვს, სულ ძაღლი ჰყავდა და სულ ფინიები. ციალა - დედაჩემი და ჩემი ნახევარდა, ლალი, ყოველთვის საყვედურობდნენ, ერთხელ მაინც იყოლიე ჯიშიანი ძაღლიო. რეზო უმტკიცებდა, ჯიშიანი ძაღლის ყოლა თქვენზე მეტად მინდაო. მოიყვანდა ლეკვს, ჯიშიანი ძაღლის შთამომავლად რომ შეასაღებდნენ, ისეთს, გაიზრდებოდა და ფინია გამოდიოდა. რეზო იფიცებოდა, განგებ არ გამიკეთებიაო - ციალასაც, მეც და ლალისაც გვჯეროდა რეზოსი და არც გვჯეროდა. ბოლოს კონჭიმ მოუყვანა ციალას გერმანული ნაგაზის ლეკვი, მაგრამ სანამ გაიზრდებოდა, ციალა მოგვიკვდა. ციალას სიკვდილის შემდეგ ლეკვი მთელი დღეები ყმუოდა.
ბოჩო, იგივე „ზოსიმიჩი“, რეზოსა და კონჭის უბერებელი ბიძაშვილი გახლავთ, ბავშვობაში დაობლებული და რეზოსა და კონჭისთან ერთად ძმასავით გაზრდილი, პანამისქუდიანი, ორწყებაცოლშვილიანი და მაინც უცოლშვილოსავით თავისუფალი, ნიკოტინით გაყვითლებული თითებითა და ულვაშით, სიგარეტის კონტრაბანდისტი, მაინც მამაპაპურ თუთუნს რომ ეწევა. მეც ვეწევი სიგარეტს, მაგრამ მისი თუთუნის კვამლი ეგრევე ცხვირის ნესტოებს მიწვავს და პირველივე ნაფაზის შემდეგ თავბრუს მახვევს ხოლმე. პირველი ცოლისაგან ორი სტუდენტი ქალიშვილი ჰყავს, მეორე ცოლისაგან - ბიჭი. ჩემი ანას ტოლია. პირველი ცოლი გვიან შეირთო, მერე მთელი თხუთმეტი წელი აშლევინა იმ ქალს ნერვები (ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს), ბოლოს გაშორდა და