თეშდიდები და სუქუნები
და როცა ჩემს ამბავს ისმენთ, ცალ ფეხსაცმელზე ქუსლმოტეხილსა და იმავ ცალი ფეხით აგურის კედელზე მიყრდნობილს, თავზე ... თეშდიდები და სუქუნები მაწვიმს.
შევეცდები, მოკლედ მოგითხროთ, როგორ აღმოვჩნდი ამ დღეში.
ჯერ, ოცი წლის წინ, ის ღამე დადგა, პალეონტოლოგი ბებია მარ(გუს)ი რომ დაბრუნდა (სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთიდან თუ ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთიდან), ჩემი დედიკო კი ჩვილით დაუხვდა (თბილისში). მძინარე პატარას (ანუ მე), ფუმფუსა ხელი ლოყის ქვეშ ამო(მ)ედო.
- კინკაჟუ! - აღმოხდა ბებიას და გულში საგანგაშოდუზარმაზარი სიყვარული ჩაეღვარა. ჩემოდანს მივარდა, ამოაპირქვავა, კოხტად ჩალაგებული, შეფუთული საჩუქრები მიყარ-მოყარა, იქექ-იქოთქოთა და მიაგნო იმას, რაც შეკრულ მუშტში ჩაეტა.
- აი, კინკაჟუ! - ხელი გაშალა და ქალიშვილს ერთი ციცქნა, ლოყის ქვეშ ფუმფულაკუდამოდებული არსება დაანახვა, - ხომ ჰგავს, ძვირფასო?
არ ვიცი, რამდენად ესიამოვნა დედას მისი შვილი ენოტების ოჯახის წარმომადგენელს რომ შეადარეს, ღიმილით კი გადმომხედა ჯერ მე, მერე ბებიას და სუვენირი-კინკაჟუ თავის ხელისგულზე გადაიტანა.
ასე ვიქეცი გოგონად ლემურის თვალებით - ბებია მარ(გუს)ის რჩეულ შვილიშვილად, რომლის თავზე ჯერ მსუბუქად წამოჟინჟლა თეშდიდ-სუქუნებმა, მერე კი ნამდვილი სეტყვა დაიწყო, რის გამოც: არასდროს დამიბანია ან შემიკვეცავს თმები ორშაბათსა და ოთხშაბათს; არ დამიჭრია ან გამიქლიბავს ფრჩხილები და დამითვლია ფული ღამით; არ დამიწყია ახალი საქმე, არ დამიხარჯავს ან გამისესხებია ფული ორშაბათს; მუდამ ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს და ველოდი შედეგებს მარჯვენა თუ მარცხენა ხელის ან ფეხის გულის, ცხვირის წვერის ქავილისას; არ ვაძლევდი ან ვართმევდი ხელიდან ხელში არავის: ცოცხს, საპონსა და ნემსს; არ ვდებდი მაგიდაზე გასაღებს, ხოლო პურს უკუღმა; არ ვშლიდი ქოლგას და არ ვუსტვენდი ოთახში; არ ვაბიჯებდი ზღურბლს მარცხენა ფეხით...
ახლა კი გურუს ოთახის შესახებ უნდა გიამბოთ:
და ცამეტი წლის წინ, ზემოხსენებულ ოთახში, რომელსაც მარ(გუს)ი ეშმაკისეულს ეძახდა, ვინაიდან იქ ყველაფერი მარჯვნიდან მარცხნივ ანუ უკუღმა ხდებოდა (ოთახი არაბული წიგნებით გახლდათ სავსე), გურ(უ)ამ ბაბუს მუხლზე დასკუპული, ალტერნატიულად გადაშლილი წიგნის ფურცლებზე ნახატებივით გაბნეულ აღმოსავლურ ასოებს ვაკვირდებოდი:
- რამდენი შეკრული და გახსნილი ბურთულაა არა აქ, გურუ?
- სად, კინკაჟუ?
- აი აქ, აი... და აი, კიდევ... და აქაც, ეს ბუთქუშა შეკრულია, ეს ბურთულა თითქოს გაჭრეს და გაშალესო.
- ამ შეკრულ „ბუთქუშას“ სუქუნი ჰქვია, „თითქოს გახსნილს“ კი თეშდიდი. არაბები, თუ სიტყვაში ორი თანხმოვანია, პირველს სუქუნს აწერენ თავზე, ხოლო როდესაც ორი ერთნაირი თანხმოვანი გამოითქმის, ერთს თეშდიდს ახატავენ და მეორე თანხმოვანს აღარ წერენ საერთოდ.
- დამღლელია წერის დროს ამდენი ფიქრი... ეს ნიშნები მარგუსის დარიგებებს გავს.
- მართლაც!.. როგორ აქამდე ვერ მოვიფიქრე? - აღფრთოვანდა ბაბუ გურ(უ)ამი, - თავს დატეხილი მარგუსისეული თეშდიდ-სუქუნები!
და ბარემ, ფეხსაცმლის ქუსლის მოტეხვის მიზეზიც შეიტყვეთ:
ორი კვირის წინ, ჩემმა უახლოესმა დაქალმა (სტ)ელამ დამირეკა, თავისი ქორწილის თარიღი შემატყობინა. მე კი გემოზე მოვკალათდი სავარძელში, მეჯვარის სტატუსის მისაღებად:
- კინკაჟუ, უშენოდ ვერაფერს გავხდები, უნდა მასწავლო, რა როგორ მოვიმოქმედო, რა ვარგა და რა არა, მოკლედ, გელი - ქორწილის მრჩევლად დაგნიშნე!.. ხო მაგარია?!
- თუ უახლოესი დაქალი საპატარძლოზე ლამაზია, ვერასდროს გახდება მისი მეჯვარე! - მანუგეშა მარ(გუს)იმ, მარჯვნიდან მარცხნისკენ მზირალმა გურ(უ)ამმა მშვიდად დაუკრა კვერი.
ფანჯარას მივანდე ცრემლიანი თვალები: ყვითელი ფოთლები ნაშვილები ბავშვებივით მოსდებოდნენ აგვისტოს ქუჩას - ასე მენიშნა „ქორწილმეისტერის“ კაბა და გავწიე: ქსოვილების გამყიდველს, მეტრ-ნახევრიანი ხის სახაზავი მხარს ზემოთ რომ ვერ სცდებოდა, თავბრუ დავახვიე, რა ფაქტურის ყვითელი და მწვანე ქსოვილი არ გადმოვაღებინე - დარდიანად გასცქეროდა დახლზე გაშლილ გაზეთზე მიტოვებულ ყველს, პურს და გაკბეჩილ პომიდორს.
ქორწილის დილა წვიმიანი გამოდგა. ალბათ (სტ)ელას ქვაბების ლოკვა უყვარდაო, - გამაღვიძა მარგუსის დასკვნამ - ალიონის სუქუნმა და დიადი დღეც გამითენდა: დაქალს კაბის სარჩულზე ქინძისთავი დავუბნიე ავი თვალისგან დასაცავად; საქმროსთან დავარეკვინე, რომ მარჯვენა ფეხსაცმელში ხურდა ფული ჩაედო, რომელსაც მერე რელიკვიასავით შეინახავდნენ ოჯახში; ნათესაობაში ბედნიერი ქალი მოვიძიეთ და მისი ნახმარი ცხვირსახოცი პატარძალს ჩანთაში ჩავუდე. წყლით სავსე ვედრო და იატაკის ტილო მოვამზადეთ, (სტ)ელას სახლიდან წასვლის შემდეგ იატაკი რომ მოერეცხათ.
- როცა ბოლო აქსესუარსაც მოირგებ, სარკეში აღარ ჩაიხედო; ჯვრისწერის ბეჭედი არასდროს არავის გაასინჯო; სახლიდან გასვლის წინ ერთი-ორი ცრემლი გადმოაგდე; შენსა და ბა(ღა)თურს შორის არავინ გაატარო; ჯვრისწერის შემდეგ ეცადეთ, ერთდროულად ჩააქროთ სანთლები და აი, ამ სარკეშიც ერთად ჩაიხედოთ; თაიგული არავის დააჭერინო ქმრის გარდა, მერე სუფრაზე ლარნაკში