თავი პირველი - სანამ ცოცხალია ცივი, დაუნდობელი წვიმა არემარეს ზეწარივით ჩამოჰფარებოდა. ქარი კი წვეთებს ყველა მიმართულებით აშხეფებდა. ასეთ ამინდში ქოლგა, ლაბადა და ბოტები არაფერში გამოადგებოდა, თუმცა, მაინც არც ერთი არ ჰქონდა. მისი ორასდოლარიანი „ბარბერის“ ქოლგა არ გაიხსნა და ძალა რომ დაატანა, გატყდა კიდეც; ენდის მოკლე, კურდღლისბეწვიან ქურთუკს დიდი ზომის საყელო ამშვენებდა, მაგრამ კაპიუშონი არ ჰქონდა. მართალია, ქურთუკი წელზე მოხდენილად შემოტმასნოდა, მაგრამ სიცივისგან მაინც ვერ იცავდა; და ახალთახალი, „პრადას“ ზამშის იისფერი ფეხსაცმელი მაღალი, სქელი ქუსლით, განწყობას უმაღლებდა, მაგრამ ფეხს ნახევრადაც ვერ უფარავდა. ენდი ვიწრო ლეგინსში თავს ისე გრძნობდა, თითქოს არაფერი ეცვა. ქარში ტყავი ისეთივე უსარგებლო იყო სუსხის წინააღმდეგ, როგორიც - აბრეშუმის წინდები. ნიუ-იორკზე საბანივით გადაკრულ თხუთმეტინჩიან(დაახლოებით 40 სმ. ) თოვლს უკვე დაეწყო დნობა და რუხ ტალახად გადაქცეულიყო. სწორედ ამიტომ, ენდიმ უკვე მეათასედ ინატრა, ნეტა, სხვაგან ვცხოვრობდეო.
ყვითელი შუქის ანთებისთანავე, ტაქსი დაიძრა და თითქოს სურს, ფიქრებიდან გამოარკვიოსო, ენდის დაუსიგნალა, ის ამ დროს შეუნდობლად სცოდავდა - ქუჩის გადაჭრას ცდილობდა. თავი ძლივს შეიკავა, რომ ტაქსისტისთვის შუათითი არ ეჩვენებინა - საშიში იყო, ბოლო დროს ხომ ყველას იარაღი დაჰქონდა; ამის ნაცვლად, კბილები დაკრიჭა და გულში მიაწყევლა. თუ გავითვალისწინებთ, როგორ მაღალ ქუსლებს ატარებდა, წარმატებით წაიწია წინ მესამედი კილომეტრის მანძილზე. ორმოცდათორმეტი, ორმოცდაცამეტი, ორმოცდათოთხმეტი... ცოტაც და, ორიოდე წუთში უკან, ოფისისკენ დაბრუნება მოუწევდა. თავს ცხელი ყავისა და შოკოლადის ორცხობილას მოლოდინით ინუგეშებდა, როცა უეცრად, საიდანღაც, იმ ზარის ხმა შემოესმა.
საიდან მოდიოდა? ენდიმ მიმოიხედა, მაგრამ სხვა გამვლელები აშკარად ვერაფერს ამჩნევდნენ. ხმა კი ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. წკრრრრ! წკრრრრ! ეს ზუმერი. სანამ ცოცხალი იყო, ამ ხმას ყველგან იცნობდა. თუმცა ენდის გაუკვირდა, ჯერაც რომ არსებობდა ტელეფონები ასეთი ზუმერით. იმდენი ხანი არ გაეგონა ეს ხმა... მაგრამ იმწამსვე ყველაფერი გაახსენდა. სანამ ტელეფონს ჩანთიდან ამოიღებდა, უკვე იცოდა, რაც ელოდა, თუმცა მაინც გაოცდა, როცა ეკრანზე ის ორი სიტყვა ამოიკითხა: მირანდა პრისტლი.
არ უპასუხებდა. არ შეეძლო. ენდიმ ღრმად ჩაისუნთქა და „იგნორის“ ღილაკს დააჭირა, მერე კი ტელეფონს კვლავ ჩანთაში ჩაუძახა. თითქმის იმწამსვე, ტელეფონმა ისევ დაიწყო რეკვა. ენდის გული აუჩქარდა, ფილტვებში მგრძნობელობას კარგავდა. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, - საკუთარი თავი გაამხნევა. წვიმანარევი თოვლისგან დასაცავად, სახეზე ხელი მიიფარა და სიარული განაგრძო. რესტორანს ორი შენობაღა აშორებდა. თბილ, ბრჭყვიალა, აციალებულ რესტორანს უკვე ხედავდა, როდესაც ძლიერმა ქარმა წააბორძიკა, ენდიმ წონასწორობა დაკარგა და მანჰეტენური ზამთრის კოშმარში ჩადგა ფეხი - შავ, ტალახიან, წყლიან, მარილიან, ნაგვიან და კიდევ ღმერთმა უწყის, რიან გუბეში. ისეთი ბინძური, გამყინავი და უჩვეულოდ ღრმა იყო, ენდის სხვა არაფერი დარჩენოდა, დანებების გარდა.
ისიც სწორედ ასე მოიქცა, დანებდა ჯოჯოხეთურ გუბეს, რომელიც ქუჩასა და ტროტუარს შორის მოგროვილიყო. ფლამინგოსავით იდგა, ცალი ჩაძირული ფეხით მეორეს, საკმაოდ შთამბეჭდავად, ოცდაათი თუ ორმოცი წამის განმავლობაში, გუბურის ზედაპირზე აკავებდა. გამვლელები გუბეს გარშემო უვლიდნენ, შეტოპვას კი მხოლოდ ისინი ბედავდნენ, რომლებსაც მუხლებამდე რეზინის ბოტები ეცვათ. დახმარება არავის შეუთავაზებია. ენდი მიხვდა, გუბურა იმდენად დიდი იყო, გადახტომასა და თავის დაღწევას ვერ შეძლებდა, ამიტომაც თავი გაიმაგრა და კიდევ ერთი შოკის მომგვრელი შემცივნებისთვის მოემზადა. მარცხენა ფეხი მარჯვენას მიადგა. ყინულივით ცივი წყალი ახლა უკვე ორივე ფეხს უფარავდა და წვივამდე სწვდებოდა. ორივე ფეხსაცმელი და ტყავის შარვლის ხუთი ინჩი(დაახლოებით 13 სმ.) წყალქვეშ მოექცა. ენდი ცრემლებს ძლივს იკავებდა.
ფეხსაცმელი და ლეგინსი გაუფუჭდა; ფეხები ისე გაეყინა, ეგონა წაერთმეოდა; თავის დასაღწევად, გუბურაში გატოპვის გარდა, სხვა არაფერი დარჩენოდა. ენდის ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში, რომ ეს იყო სამაგიერო, რაც მირანდა პრისტლის უპასუხოდ დატოვებისთვის მიეზღო.
თუმცა, ახლა თავის შებრალების დრო არ ჰქონდა, რადგან როგორც კი ტროტუარს მიაღწია და ზიანის შესაფასებლად შეჩერდა, ტელეფონმა კვლავ დარეკა. პირველივე ზარის უპასუხოდ დატოვება დიდი სიმამაცე იყო, უფრო სწორად, თავზეხელაღებულობა. მეორედ ამას ვეღარ იზამდა. გაწუწულმა, აკანკალებულმა და ცრემლებამდე მისულმა ენდიმ ეკრანს თითი დაადო და მირანდას მიესალმა:
- აჰ-ნდრ-ეა? შენ ხარ? უკვე მთელი უსასრულობაა, გელოდები. მხოლოდ ერთხელ გკითხავ. სად. არის. ჩემი. ლანჩი? უბრალოდ აღარ დავიცდი.
რა თქმა უნდა, მე ვარ, — გაიფიქრა ენდიმ, — ჩემს ნომერზე რეკავ, სხვა ვინ გიპასუხებდა?
- ბოდიშს გიხდით, მირანდა. გარეთ საშინელებაა და ყველაფერს ვცდილობ, რათა...
- ახლავე აქ გაჩნდი. სულ ესაა.
და სანამ ენდი რამეს თქმას მოასწრებდა, ზარი გაითიშა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხები ყინულივით ცივ წყალში ედგა,