თავი 2. პენსილვანია (გაგრძელება)
ბაჭიას მთელი ცხოვრება გულის წასვლამდე ეშინოდა უცხო სამედიცინო ხელსაწყოების _ კბილის ბურღების, ენის დამჭერის, ყურიდან გოგირდის გამოსაფხეკი გრძელი, თხელი დანების, სანთლების და ბოლოს, ექიმის თითის, რომელიც წელიწადში ერთხელ სასქესო ჯირკვლის მდგომარეობას უმოწმებდა. ამდენად, იმის გაფიქრებაც კი ზარავს, რომ სადღაც მარჯვენა ფეხის საყრდენში კათეტერი უნდა ჩაუდგან და მაღლა და მაღლა, საჭირო მიმართულებით, ამოძრაონ. ბაჭიას წარმოუდგება ჭიაყელა, რომელმაც ვაშლიდან თავი გამოყო, თან ზუსტად იმ ადგილიდან, რომელიც მან ახლახან ჩაკბიჩა. ამის გაფიქრებაც კი ზარავს. თუმცა, კიდევ უფრო ნაკლებად იზიდავს პერსპექტივა, იწვეს გაყინული და ცოცხალ-მკვდარი, როცა გახერხავენ, მკერდს გადაუშლიან და ეშმაკური დანადგარით სისხლს გადაქაჩავენ, ვიდრე მისი ფეხის ერთ-ერთი ვენიდან აღებულ თბილ და სლიპინა ნაკუწს უბედური, მთრთოლვარე, მომაკვდავი გულის ზედაპირს არ მიაკერებენ.
დელეონის საავადმყოფოში, მოცალეობის ჟამს, რამდენიმე სტატია წააკითხეს და უჩვენეს კიდეც ვიდეომასალა: გულს, როგორც გაარკვია, აცვია დამცავი პერანგი პერიკარდის სახელწოდებით, რომელიც აუცილებლად უნდა გაიხსნას _ გაიფატროს მთელ სიგრძეზე, როგორც ხუმრობით აღნიშნეს ვიდეოფილმში, თითქოს ფირზე ჭრა-კერვის გაკვეთილი ყოფილიყო გადაღებული. მთელი ქირურგიული პროცედურა ეკრანზე ფართო ხედითაა ნაჩვენები: ცივი, ვიწრო სკალპელებით დაეძგერებიან სისხლიან, უფორმო გუნდას, რომელიც შენს გადახსნილ მკერდში წევს, თითქოს ცოცხლადაა ჩაძირული ამაზრზენ ნარევში, ნახარშიან სქელ ქვაბში და რომელიც თრთის კონვულსიებში. პერიოდულად მიწყდება ცახცახი. საცოდავი და გაშიშვლებული გული, რომელსაც დამცავი ფარი მოჰგლიჯეს, ცდილობს დანას დაუსხლტეს. და ეს ხდება უფალი ღმერთის, შესაძლოა, სხვა შემოქმედის ჩანაფიქრის საპირისპიროდ, რომელსაც არ მიუცია ადამიანისთვის ადამიანზე შეხების უფლება. როცა სისხლი მბრწყინავი, შეუსვენებლად მომუშავე დგუშს გაივლის და შემოვლით გადინდება _ მსგავს დანადგარებს აჩვენებდნენ ძველ ფილმში დოქტორ ფრანკენშტეინის შესახებ, რომლის როლსაც ბორის კარლოვი ასრულებს _ გული ჩერდება. უყურებ და ხედავ, ეს როგორ ხდება, ხედავ, როგორ დევს უკვე მკვდარი გული გუბეში. ჩათვალე, რომ შენ, როგორც ბუნებრივი ორგანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, მკვდარი ხარ. შენ ნაცვლად ცოცხლობს მანქანა, ამ დროს კი რეზინისხელთათმანიანი (ყოველ თითზე თითქოს პრეზერვატივია წამოცმული) ქირურგების ხელები იქ რაღაცას აკეთებენ, ჭრიან, უჭერენ. ჰარის უბრალოდ არ შეუძლია წამოიდგინოს, როგორ არის დაკავშირებული სიცოცხლე მთელ ამ მექანიზმთან _ ნუთუ მე ის ვარ, ვისი ხმაც ისმის ყოველ წუთს, სრიალებს, როგორც წყლის ხოჭო იმ გუბის ზედაპირზე, რომელშიც მისი სხეულის ფლუიდები სრიალა გამტარ გზებთანაა შერეული. ნუთუ მისი სიცოცხლის ალი ამ მომჩვარულ ნამჯაზე უნდა გაღვივდეს?
ერთი სიტყვით, ანგიოპლასტიკა, შუნტირებისგან განსხვავებით, ბუნებაში დამანგრეველ ჩარევად არ ეჩვენებოდა. იგი პარასკევისთვის იყო დანიშნული. ბებრული იერის ჭაბუკმა, დოქტორმა ბრეიტმა ავადმყოფური თეთრი კანით, ერთიან გამომეტყველებასთანანა შერწყმული მკრთალი ჭორფლებით, პლასტმასისჩარჩოიანი, მისი ფოლაქა ცხვირისთვის უსაშველოდ დიდი სათვალით, აუხსნა ოპერაციის, ანუ პროცედურის _ როგორც ამჯობინებდა ეწოდებინა _ არსი. ღამის კლუბის მომღერალივით მონოტონური, ქალური, ყურადღების მომადუნებელი ხმა ყოველდღიურად ერთსა და იმავეს იმეორებს და ისეთ ავტომატიზმამდე მივიდა, რომ ფიქრები რეპერტუართან კავშირის გარეშე მიქრიან. თავად კარდიოლოგი გამოკვეთილად უჭერს მხარს შუნტირებას, ჰარიმ ეს მათი პირველი შეხვედრისთანავე გაიგო. ანგიოპლასტიკას ბრეიტი უყურებს, როგორც უმწეო დათმობას, ნახევარზომას _ თუ გსურს, შეგიძლია თავი შეიქციო, მაგრამ ვიდრე დანას არ დაუწვები, შედეგებზე სერიოზული ლაპარაკი შეუძლებელია. სტატისტიკით, პაციენტთა ოცდაათ პროცენტს პროცედურის ჩატარებიდან სამი თვის განმავლობაში ისევ აღენიშნება სტენოკარდიული მოვლენები _ აფრთხილებს ის ჰარის მიღების დროს, საკუთარ კაბინეტში, სადაც მაგიდაზე ჭორფლიანი მინიატიურული ქალის ჩარჩოში ჩასმული სურათებია, ქალი ძალზე ჰგავს მას, როგორც ერთი ზაზუნა _ მეორეს, და კიდევ ერთი ფოტოა მშობლების წინ ჩამწკრივებული ბავშვებისა, ყველანი ღია ფერის კულულებით, ყველანი თვალმოჭუტულები და ყველანი ვარდისფერი ფოლაქისმაგვარი ცხვირებით, _ და ოცი პროცენტი ადამიანებისა, რომლებმაც გაიკეთეს კაბდ-ი, მაინც, ადრე თუ გვიან, იძულებულები არიან დათანხმდნენ აკშ-ს. ოჰ, უკაცრავად, შემოკლებები ნიშნავს: კორონალური არტერიების ბალონურ დილატაციას და აორტოკორონალურ შუნტირებას.
_ ამას მივხვდი, _ უპასუხა მაშინ ჰარიმ, _ მაინც, მოდით, დავიწყოთ ბალონით, დანა კი შემდეგისთვის შემოვინახოთ.
_ რა გაეწყობა, იყოს თქვენი ნება, _ სხაპასხუპით წაიმღერა დოქტორმა ბრეიტმა, ალბათ, ცოტაოდენი სიმკაცრით, მაგრამ წყენისა და გაღიზიანების გარეშე, კლიენტის ნებას შეურიგდა. როგორც გოლფშია: დღეს წააგე, მაგრამ ზუსტად კვირის თავზე იქნება ახალი შეხვედრა და გამარჯების შანსი. _ გულით ავადმყოფთა ოთხმოცდაათი პროცენტი მსჯელობს ზუსტად ისე, როგორც თქვენ. ბალონური დილატაცია მათთვის უფრო მისაღებია და სპეციალისტთა დასკვნა მათზე არ მოქმედებს. აბსურდია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვერაფერს გავაწყობთ: ასეთია ადამიანის ბუნება. აი, რას გეტყვით, ჰაროლდ, _ როგორ უნდა სცოდნოდა