კეთილი ზრახვები, გულქვაობა,
გარეშე გარემოებები .
ბლეზ პასკალი, „აზრები“, 507
ბიჭები ტელეფონის ბოძზე მიხრახნილი ფარის გარშემო კალათბურთს თამაშობენ. ფეხთა სიმრავლე, ცალკეული შეძახილები. ხრეშზე კედების ფრატუნი და შარიშური კატაპულტივით ისვრის ამ ხმებს სადენებს ზემოთ მარტის ცის ტენიან სილაჟვარდეში. პატარა შესახვევში საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი ბაჭია ენგსტრომი მოაბიჯებს. მოთამაშეთა დანახვაზე ჩერდება და მათკენ იყურება, თუმცა ოცდაექვსი წლისაა, სიმაღლით ექვსი ფუტი და სამი დუიმი. ბაჭიის კვალობაზე ის, ცოტა არ იყოს, მაღალია, მაგრამ ფართო თეთრი სახე, მქრქალი ცისფერი თვალების გარსი და მოკლე ცხვირის ქვეშ ზედა ტუჩის ნერვიული ტოკვა პირში სიგარეტის ჩადებისას ნაწილობრივ მაინც ამართლებს ბავშვობაში შერქმეულ ამ მეტსახელს. დგას და ფიქრობს: იზრდებიან ბიჭები, ყოველი მხრიდან გვავიწროებენ.
ბიჭებს ეუცნაურებათ მისი იქ ყოფნა. ისინი ხომ საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობენ და არა ვიღაც ბიძასთვის, კაკაოსფერი ორბორტიანი პიჯაკით ქალაქში რომ დაეხეტება. ისე, საინტერესოა, რატომ დადის ფეხით ქუჩაში ამხელა კაცი. მანქანა სად ჰყავს? კბილებში გაჩრილი სიგარეტი მრისხანე სახეს აძლევს. იქნებ იმათნაირია, სიგარეტის ან ფულის სანაცვლოდ ბიჭებს ხელოვნური ყინულის ფაბრიკისკენ გასეირნებას რომ სთავაზობს? მათ სმენიათ ამგვარი რამ, მაგრამ არცთუ ძალიან ეშინიათ - ისინი ხომ ექვსნი არიან ერთის წინააღმდეგ.
ბურთი რგოლს ხვდება, ექვსივეს თავზე გადაუფრენს და სწორედ იმ ერთის ფეხებთან ეცემა, რომელიც ელვისებურად ეუფლება მას. ადგილზე გაშეშებული ბიჭები გაოცებით შესცქერიან მის მუქ სილუეტს, ქარხნის მილივით მოულოდნელად რომ გამოჩნდა გაზაფხულის ცის ფონზე. თამბაქოს ცისფერი კვამლისგან თვალებმოჭუტული კაცი ფრთხილად გადაადგილდება და ნერვიულად ატრიალებს ბურთს გაფარჩხულ ვეება თითებში. ფრჩხილებზე ფართო, თეთრი ნახევარმთვარეები მოუჩანს. მოულოდნელად ჩაიკუზება, ბურთი პიჯაკის მარჯვენა გადანაკეცზე გასრიალდება, მხარს მოსწყდება და თითქოს ფარისკენ არც კი მიფრინავს - მას ხომ არ დაუმიზნებია. მაგრამ, აი, იგი კალათში თავსდება და მორიდებული შრიალით ბადეში ეშვება.
- ჰეი! - ამაყად იძახის ბაჭია.
- გამართლებაა, - ამბობს რომელიღაც ბიჭი.
- ოსტატობაა, - პასუხობს ბაჭია, - შეიძლება, თქვენთან ერთად ვითამაშო?
პასუხის ნაცვლად ბიჭები ერთმანეთს გაოცებულნი შესცქერიან. ბაჭია პიჯაკს იხდის, აკურატულად კეცავს და სანაგვე ყუთის სუფთა სახურავზე დებს. შემდეგ მის უკან ამოძრავებულ სარჟის კომბინეზონებში შეიჭრება და ერთ-ერთს სუსტი ხელებიდან ბურთს გამოსტაცებს. გადატკეცილი ნაცნობი ზედაპირის შეხება სხეულში უწინდელ მოქნილობას უღვიძებს. ეჩვენება, რომ შორეული წლების გავლით ახალგაზრდობას დაუბრუნდა. ფრთებად გადაქცეული ხელები ზევით თავისით მიილტვის და რეზინის სფერო მისი კინკრიხოდან კალათისკენ მიქრის. ამჯერად ვერ აწვდენს. ისე ზუსტად ჰქონდა დამიზნებული, რომ ძირს ჩამოვარდნილი ბურთის დანახვაზე თვალებს გაოცებით ჭუტავს და ფიქრობს, იქნებ კალათში ისე ჩაეშვა, ბადეს არც კი შეეხოო.
- ეი, ჩემს მხარეს ვინ ითამაშებს? - კითხულობს იგი.
ხანმოკლე უსიტყვო ფუსფუსის შემდეგ მისკენ ორ ბიჭს გზავნიან. სამნი ოთხის წინააღმდეგ. და თუმცა ბაჭიამ თავიდანვე არახელსაყრელი პოზიცია დაიკავა ფარიდან ათიოდე ფუტში, ეს მაინც უსამართლობაა. ანგარიშს არავინ ითვლის, პირქუში დუმილი აღიზიანებს. ბიჭები ერთმანეთისთვის თითო-ოროლა სიტყვას თუ იმეტებენ, მას კი ვერავინ უბედავს რაიმეს თქმას. გაგანია თამაშში ბაჭია გრძნობს, თუ როგორ ირევიან ისინი მის გარშემო, ცხარობენ, ბრაზობენ, ცდილობენ, ფეხი დაუდონ, მაგრამ ხმას არ იღებენ. მას კი სულაც არ სჭირდება ასეთი პატივისცემა. სურს უთხრას, რომ მის ასაკს ყურადღება არ მიაქციონ, რომ ეს არაფერს ნიშნავს. ათიოდე წუთის შემდეგ მისი ერთ-ერთი პარტნიორი მეტოქის მხარეს გადადის და ბაჭია ენგსტრომი მეორე ბიჭთან ერთად ხუთის წინააღმდეგ რჩება. ბიჭი პატარაა, მაგრამ უკვე მორცხვობს, ცოტათი გაუბედავია, თუმცა მსუბუქად მოძრაობს და ექვსეულიდან ნამდვილად საუკეთესოა. წარბებამდე ჩამოფხატულ მწვანეპომპონიან ნაქსოვ ქუდში იდიოტივით გამოიყურება. თანდაყოლილი, ხალასი ნიჭის პატრონია. მისი ცქერა ერთი სიამოვნებაა - თითქოს დაფრინავს, მიწას ფეხს არც კი აკარებს. თუ გაუმართლებს, დროთა განმავლობაში მაღალი კლასის სპორტსმენი გახდება, სკოლის ჩემპიონი. ბაჭიასთვის ეს უცხო არ არის. თითო-თითო საფეხურით თანდათან მაღლა მიიწევ, ყველა „ვაშას“ გაჰყვირის, ოფლი თვალებს გივსებს, ხმაურისა და შეძახილების ტალღას ზევით აჰყავხარ, მერე კი თამაშიდან გადიხარ. თავდაპირველად კვლავაც ახსოვხარ, მაგრამ მაინც თამაშგარე მდგომარეობაში ხარ, და თავს კარგად, გრილად და ლაღად გრძნობ. მაღლა და მაღლა ასული, თითქოს წყალში გაიხსენი, განზავდი და ამ ბიჭებისთვის უფროსების სამყაროს, ცის ნაწილი გახდი, თავის ყოველ აწევაზე თვალში რომ ეჩხირებათ. მათ იგი არ დავიწყებიათ. უფრო უარესი - მის შესახებ არც კი სმენიათ. ბაჭიას კი თავის დროზე მთელ ოლქში ჰქონდა სახელი განთქმული. საშუალო სკოლის ბოლოსწინა კლასში „ბ“ ლიგის რეკორდი დაამყარა შედეგიანობის მხრივ, მომდევნო წელს კი