თავი 1.
ფლორიდა ფსამხრეთ-დასავლეთის რეგიონულ აეროპორტში, მასავით გარუჯულ და შობის შემდგომი შეხვედრებით აღელვებულ ხალხში მდგარ ბაჭია ენგსტრომს მოულოდნელად უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ის, რასაც წუთი წუთზე პირისპირ უნდა შეჰყროდა, რის გამოც აქ იმყოფებოდა და რაც, ცასა და მიწას შორის უხილავად მოქცეული შეუჩერებლად უახლოვდებოდა, - არა მისი ვაჟი ნელსონი, რძალი პრუ და მათი ორი შვილი იყო, არამედ - რაღაც გაცილებით ავბედითი, ძალიან პირადი: მისი სიკვდილი, რომელსაც თვითმფრინავის ფორმა მიეღო. ტანში გაცრა. ამგვარ სიცივესთან აეროპორტის კონდენცირება რა მოსატანი იყო.
თუმცა მისთვის ხასიათის გაფუჭება ნელსონთან მოსალოდნელ შეხვედრაზე ფიქრსაც შეეძლო - 30 წელიწადი ასე გრძელდებოდა.
აეროპორტი შედარებით ახალია. იქამდე რომ მიხვიდე, 75-ე ცენტრალური მაგისტრალის 21-ე გასასვლელიდან უნდა გადაუხვიო და დაფარო 3 მილი ავტოსტრადაზე, რომელიც მართალია, მოვლილი პალმების რიგსა და უზადოდ გაკრეჭილ, არაბუნებრივად მწვანე ფერის მოლებს მიუყვება, მაინც იფიქრებ, რომ არსაით მიჰყავხარ. არც ბილბორდები ჩანს, არც - სასაუზმეები, რეკლამით თავს რომ აბეზრებენ მგზავრებს და არც - დაბალი შენობები, სიგრილისთვის თეთრი ფილებით რომ გადაუხურავთ და ფლორიდის გზებს გასდევს. უნებურად დაეჭვდები, გზა ხომ არ აგერია? სარკეში ხედავ, წითელი კაბრიოლეტი „კამარო“ მოქრის, გიახლოვდება.
- სად გეჩქარება, ჰარი? დრო საკმარისად გვაქვს, - უთხრა ბაჭიას აეროპორტისკენ მგზავრობისას ჯენისმა, მისმა მეუღლემ. ბაჭია გაღიზიანდა არა მისი სიტყვების, არამედ შემწყნარებლური, მზრუნველი ტონის გამო, ბოლო დროს რომ ესაუბრებოდა, თითქოს ჰარი ადრეულადდდ დაბერებულიყო. თავი მიატრიალა და შეხედა ჯენისს, რომელიც ცდილობდა, ჯიუტი, შეჭაღარავებული თმის ბუჩქი, მზით გამომშრალი, თხილივით პატარა ყავისფერი სახიდან გადაეწია.
- მანქანა დამედევნა, ძვირფასო! - აუხსნა ცოლს, მარჯვენა რიგში გადავიდა და სპიდომეტრის ისარი ისევ 65-ის ქვეშ ათრთოლდა. კაბრიოლეტმა „კამარომ“ ჩაუქროლა. კაკაოსფერი ჩიტუნია ბორტგამცილებლის ნაცრისფერი ფეტრის ქუდით, გაბზეკილი ტუჩ-ნიკაპით, საჭესთან ამაყად იჯდა. ბაჭიასკენ გულგრილი მზერაც კი არ უსვრია. ჰარის ესეც გულზე მოხვდა. „კამაროს“ უკან თუ მიჰყვები, საბარგულისა და ბამპერის კონსტრუქცია უშველებელი პირივით მოჩანს, თითქოს რკინის ორი დიდი ტუჩი ღვარძლიანი ჩაცინებისთვის იყოს მზად. შესაძლოა, ჰარისაც სწორედ მაშინ შეეპარა შიში.
როცა ბოლოს და ბოლოს გზა დასრულდება, თეთრი ფერის გრძელ, დაბალ შენობას დაინახავთ. სიდიდის მიუხედავად, აეროპორტი იმ კლინიკას წააგავს, რომელშიც სტომატოლოგები, მასაჟისტები, ართრიტის სპეციალისტები, კარდიოლოგები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები მზად არიან, დაეხმარონ მზისგან რეტდასხმულ პაციენტებს. ერთი სიტყვით, აეროპორტი იმგვარ სამედიცინო დაწესებულებას მოგაგონებთ, მოხუცებზე რომ ზრუნავს და ფლორიდის შტატის ბულვარებში რომ მრავლადაა. მანქანას ავტოსადგომზე აჩერებთ, ყავისფრად დაფერილი მინის კარი მისგან ორ ნაბიჯზეა და ავტომატურად იღება - შტატი ჩვილივით ზრუნავს თქვენზე. ზემოთ, სადაც თვითმფრინავებს ხვდებიან, გრძელ, დაბალ უჯრედებად დაყოფილი შიდა სივრცე, თავხედი ბორტგამცილებლის ქუდის მსგავსად, გემოვნებით არის გადაწყვეტილი ხავერდოვან ნაცრისფერში, მუსიკას კი მხოლოდ მაშინ გაიგონებთ, როცა ლიფტი გაჩერდება ან სტომატოლოგი ბურღვას შეწყვეტს. არანაირი ვოკალი, მხოლოდ სიმების დაბალი ხმა. მუსიკა, რომელიც მიეჩვია, არავინ ისმენდეს, ჰაერში გაფენილ ხალიჩასავით ახშობს სიჩუმეს. მან შესაძლოა უნებლიეთ სიკვდილიც გაგახსენოთ. გრძელი, დაბალჭერიანი, გემოვნებით შექმნილი, სივრცეები, ძუნწად განთავსებული რეკლამებით, აეროპორტისკენ მიმავალი გზის მსგავსად, - ბაჭიაში გარკვეულ ფორიაქს იწვევს. თავდაპირველად სავენტილაციო მილები ახსენდება, შემდეგ სამარხები. ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში აჩვენებენ ხოლმე უსასრულო, ერთმანეთში გამავალ კვადრატულ გვირაბებს, რომლის მსგავსი დანაყოფები აეროპორტშიცაა. კადრები ჩქარდება, რათა გვიჩვენოს, რომ ერთი სამყაროდან მეორეში გადავდივართ.
იცოცხლებს კი 2001 წლამდე? იმისთვის, რომ მოულოდნელად შემოჩენილ ბედისწერის განცდას თავი დააღწიოს, ჯენისს წელზე ხვევს ხელს, მის გაოფლილ ბამბის თეთრ სპორტულ კაბას ეხება. ჯენისს განიერი წელი აქვს, ის აღარ არის ძველებურად გამოყვანილი, სხეული ასაკთან ერთად იცვლის ფორმებს; ფეხები ჩამოუხმა, ხელები კი მოხარშული ქათმის ძვლებამოყრილ ფრთებს მიუგავს. გაოფლილ თეთრ კაბაზე უღილებო, ყვითელი, თხელი ჟაკეტი მოუსხამს, აეროპორტის სიგრილეში რომ არ გაცივდეს. ბაჭია გულუბრყვილოდ ამაყობს იმით, რომ თეთრ კაბაში გამოწყობილი, გარუჯული მისი მეუღლე, მზის სათვალისგან დარჩენილი მკრთალი კვალით თვალების გარშემო, ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ტიპური ამერიკელი ბებია, რომელსაც საშუალება აქვს, იცხოვროს მხარეში, სადაც მუდამ ანათებს მზე და მარადიული ახალგაზრდობაა.
- გასასვლელი ა5, - წარმოთქვა ჯენისმა, რომელმაც მეუღლის შეხება შეკითხვად მიიღო, - კლივლენდიდან ნიუარკის გავლით მომავალი რეისი - დამოუკიდებელი, საქმიანი ქალის ტონი აქვს. საქმიანი ქალის ჩვევებმა მასში ასაკის მატებასთან ერთად გაიღვიძა, განსაკუთრებით შვიდი წლის წინ, დედის გარდაცვალების შემდეგ, როცა მემკვიდრეობით ერგო ოჯახური საქმე - მაღაზია „სპრინგერ-მოტორსი“ - ბრუერში, პენსილვანიის შტატსა და მის შემოგარენში,