I. მამა/დედა/მთვარე „პოდპოლკოვნიკი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე შატალოვი: მივდივარ დასაპირისპირებლად.
პოდპოლკოვნიკი ბორის ვალენტინის ძე ვოლინოვი, „სოიუზ-5“-ის მეთაური: ფრთხილად, უფრო მსუბუქად.
პოდპოლკოვნიკი შატალოვი: თავიდან ვერ მოგაგენით, ახლა ყველაფერი რიგზეა“.
მამაკაცები პატარა სტამბიდან ზუსტად ოთხ საათზე გამოდიან. მოჩვენებებს ჰგვანან. შენობის მკრთალ განათებას მიჩვეულნი, უნებურად თვალებს ჭუტავენ. ზამთარში, ამ დროს, ფაინ-სტრიტზე უკვე ბნელა, სიცოცხლეჩამკვდარ ქალაქ ბრუერის თავზე გადმოკიდებული მთებიდან სიბნელე ადრე ეშვება ძირს. მაგრამ ახლა, ზაფხულში, გრანიტის ფიქლებიდან ქარსის წინწკლები ბზინავს და ერთ რიგად ჩამწკრივებული სახლები (რომელთაც ერთმანეთისგან მხოლოდ შემოფიცვრა და უბადრუკი პარმაღები განასხვავებს), რძის ბოთლებისთვის განკუთვნილი ნაცრისფერი ყუთები, შემურული გინკოს ხეები, ტროტუარების კიდეებთან მდგარი, მზისგან გაფიცხებული მანქანები, - ყოველივე თითქოს დამაბრმავებელ აფეთქებას შეუძრავს და გაუშეშებია. როგორც ჩანს, მომაკვდავი ცენტრის გამოცოცხლება ქალაქს ავტოსადგომების შექმნით უცდია და რიგი კვარტალებისა აუღია კიდეც, რის გამოც ოდესღაც გაშენებული ქუჩები სარეველებითა და ნაგვით სავსე ტრამალებად ქცეულა. სამაგიეროდ, ეკლესიებს გამოუხედავთ თვალში და თავიანთი ფასადები მზის სინათლეზე გამოუტანიათ. ზოგიერთი მივარდნილი ეზო და ჩიხიც გამოჩენილა აქ და ამ დაღვრემილ სივრცეს მართლაც რომ დაუფლებია უღვთოდ კაშკაშა შუქი. ცა უღრუბლოა, მაგრამ მას ნესტის სქელი ფენა აუფერულებს. ასე იცის პენსილვანიაში ზაფხულობით. და ამით მხოლოდ მწვანე საფარი ხარობს, რომელიც ძალზე სწრაფად იზრდება. აქ ადამიანები მზეზე ვერ ირუჯებიან, მათ მხოლოდ ოფლით დაფარული კანი უყვითლდებათ.
სტამბის მუშებს შორის, მამა-შვილი - ერლ ენგსტრომი და ჰარიც არიან. მამას მალე პენსიაზე გასვლა უწევს. იგი გამხდარია, ლოყებჩაცვენილი, ათასგვარი საზრუნავისგან სახე მოჰქანცვია, უხეიროდ ჩასმული ხელოვნური კბილები წინ წამოსწევია. შვილი უფრო ჩასკვნილია და ხუთი დუიმით მაღალი. როგორც იტყვიან, გაფურჩქვნის ხანაშია, მაგრამ თითქოს მისი სახე ხალისს მოკლებული და მოღუშულია. პატარა ცხვირი და ოდნავ აწეული ზედა ტუჩი (რის გამოც ოდესღაც ბაჭია შეარქვეს), ქონმოდებულ წელსა და ათი წლის განმავლობაში ლინოტიპთან დგომის გამო მოხრილ მხრებთან ერთად, სისუსტეზე მიანიშნებს, სისუსტეზე, რომლის იქითაც მხოლოდ სრული გაუპიროვნებობაა. თუმცა სიმაღლის, ზორბა ტანისა და ადრინდელი სიმკვირცხლის წყალობით (თავის მობრუნებისას რომ ეტყობა) ბრბოში მაინც გამოირჩევა და ბაჭიასაც, კარგა ხანია, აღარავინ ეძახის.
- რას იტყვი, ჰარი, ცოტა ხომ არ გადაგვეკრა? - ეკითხება მამა.
გზაჯვარედინთან, სადაც მათი ქუჩა უაიზერ-სტრიტს კვეთს, ავტობუსის გაჩერებაა, იქვე კი - ბარი, სახელწოდებით „ფენიქსი“, რომელსაც გარედან კოვბოურ ჩექმაში გამოწყობილი ნეონის შიშველი ქალიშვილის ფიგურა ამშვენებს, შიგნიდან კი შელახული კედლები კაქტუსებითაა მოხატული. გაჩერებიდან მამა და შვილი სხვადასხვა მხარეს მიემგზავრებიან ხოლმე: მოხუცი 16ა ნომერ ავტობუსში ჯდება (რომელიც მთის შემოვლით ჯაჯმაუნთის დასახლებაში მიდის, სადაც მან მთელი ცხოვრება გაატარა), ჰარი კი 12 ნომრით საპირისპირო მხარეს მიემართება, პენ-ვილასში, ქალაქის დასავლეთ გარეუბანში, ახალაშენებული სახლების რაიონში - იქ რანჩოებია მეოთხედი აკრის ტოლი მდელობებით, რომლებიც ბულდოზერებითაა მონიშნული. მიწაში ჩასობილ პალოებზე მიმაგრებული ნეკერჩხლის ახალგაზრდა ხეებს კი თითქოსდა სადმე გაფრენა შეეძლოთ. ჰარი ჯენისთან და ნელსონთან ერთად აქ სამი წლის წინ გადმობარგდა. მამამისი ახლაც თვლის, რომ ჰარიმ ჯაჯმაუნთი იმიტომ დატოვა, რომ ცალკე ყოფნა უნდოდა, ამიტომ ისინი ყოველთვის გადაყლურწავენ ხოლმე ცოტას დღის ბოლოს, განშორების დარდის შემსუბუქების მიზნით. ათი წლის განმავლობაში ერთად მუშაობამ კვლავ წარმოშვა სიყვარული, რომელიც მათ შორის ადრეც იქნებოდა, რომ არა დედა.
- ერთი „შლიცი“, - მიუბრუნდა ერლი ბარმენს.
- მე კი „დაიკირი“, - ამბობს ჰარი.
კონდიციონერი მთელ სიმძლავრეზეა ჩართული, ამიტომ ჰარი აკაპიწებულ სახელოებს ძირს უშვებს და მანჟეტებს იკრავს. სამუშაოზე იგი ყოველთვის თეთრ პერანგში გამოწყობილი ცხადდება, უკანაც ასე ბრუნდება - აბა, სტამბის საღებავების ჭკუაზე ხომ არ ივლის?! ჩვეულებისამებრ, მამას ეკითხება, დედა როგორ არისო.
მაგრამ ამჯერად მამა განსხვავებულად პასუხობს. როგორც წესი, ის ყოველთვის ასე ამბობს: „ყველაფერი კარგადაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, დღეს კი ვაჟს მიუჩოჩდება და იტყვის:
- არც ისე კარგად, ჰარი, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო.
დედა, კარგა ხანია, პარკინსონის დაავადებით იტანჯება. ჰარი ცდილობს, გონებაში წარმოიდგინოს მისი კორძიანი მოცახცახე ხელები, ფრატუნით სიარული, გაოცებული, უაზრო გამოხედვა. მოხუცს პირი თავისით ეღება და მხოლოდ მაშინ ხურავს, როცა ნერწყვი გადმოსდის. თუმცა, ექიმის თქმით, გონება წესრიგში აქვს.
- ღამღამობით? ამას გულისხმობ? - ამ კითხვით ჰარი ცდილობს, რომ ბოლომდე არ ჩაეძიოს.
- არა, ღამით მშვიდადაა. ახალი აბები გამოუწერეს და ამბობს, უკეთ მძინავსო. მაგრამ თავთან დაკავშირებით ვერ აქვს საქმე კარგად, - არ აძლევს მოხუცი ბაჭიას ხელიდან დასხლტომის საშუალებას.
- ეს როგორ, მამა?
- ჩვენ ამის