ონორე დე ბალზაკი (1799-1850)
ონორე ბალზაკი ქალაქ ტურში, მერის თანაშემწის ოჯახში დაიბადა. მამამისმა - გლეხური წარმოშობის ბერნარ ფრანსუა ბალსამ გვარი არისტოკრატიულ „ბალზაკად“ გადაიკეთა, წლების შემდეგ კი თავადური წარმოშობის დამადასტურებელი ნაწილაკი „დეც“ იყიდა. შვილს საადვოკატო კარიერისთვის ამზადებდა და 1814 წელს, ოჯახის პარიზში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ - სამართლის სკოლაში მიაბარა. სწავლასთან ერთად, ონორე ნოტარიუსის კანტორაში გადამწერად მუშაობდა, მაგრამ იმთავითვე ლიტერატურისკენ მიუწევდა გული.
1823 წლიდან მოყოლებული, იმდროინდელ ლიტერატურულ მოდას აყოლილმა ბალზაკმა ე.წ. „ბობოქარი რომანტიზმის“ სტილში დაწერილი რამდენიმე რომანი სხვადასხვა ფსევდონიმით გამოაქვეყნა. გარკვეულ ხანს, საგამომცემლო საქმიანობა სცადა, მაგრამ შედეგად მხოლოდ ვალებში ჩაეფლო.
პირველი ნაწარმოები, რომელიც მწერალმა საკუთარი გვარით გამოაქვეყნა, ისტორიული რომანი „შუანები“ (1829) იყო. მას მოჰყვა: „ქორწინების ფიზიოლოგია“ (1830), „გობსეკი“ (1830), „უცხო შედევრი“ (1831), „შაგრენის ტყავი“ (1831), „ოცდაათი წლის ქალი“ (1831). ბალზაკმა, რომელიც სიცოცხლეშივე ერთ-ერთ გამოჩენილ პროზაიკოსად აღიარეს და მთელ ევროპაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, მცირე ხანში მოიხვეჭა საუცხოო მთხრობელის სახელი. საოცარო სამწერლო ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. გამუდმებით ფინანსური პრობლემებით შეწუხებული, დაუღალავად, დღე-ღამეში 15-16 საათი შრომობდა და წელიწადში 4-5, ზოგჯერ 6 წიგნსაც აქვეყნებდა.
1831 წელს გაუჩნდა იდეა, შეექმნა მრავალტომიანი ნაწარმოები, რომელშიც მისი დროის ამსახველ „ზნე-ჩვეულებათა სურათს“ გადმოსცემდა, მოგვიანებით, სახელწოდებად, „ადამიანური კომედია“ (დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ საპირისპიროდ) შეურჩია და მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად იღვწოდა: საგანგებოდ დაწერა ბევრი რომანი და მოთხრობა, ხოლო ზოგი, ადრე დაწერილი, გადაამუშავა. ბალზაკს სურდა, შეექმნა მისი დროის საფრანგეთის „მხატვრული ისტორია და მხატვრული ფილოსოფია“, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს, მოსახლეობის ყველა ფენას მოიცავდა. ციკლის სამი ნაწილიდან - „ზნე-ჩვეულებათა ეტიუდები“, „ფილოსოფიური ეტიუდები“ და „ანალიტიკური ეტიუდები“ - წამყვანი ადგილი უკავია პირველს, რომლის ნაწილების თვით სახელწოდებები თვალსაჩინოდ გადმოგვცემს უდიდესი ლიტერატურული ტილოს არსსა და მიზანს: „პირადი ცხოვრების სცენები“, „პროვინციული ცხოვრების სცენები“, „პარიზული ცხოვრების სცენები“, „პოლიტიკური ცხოვრების სცენები“ და ა.შ.
ბალზაკის ჩანაფიქრით, „ადამიანურ კომედიაში“ სულ 137 ნაწარმოები უნდა შესულიყო. მათ შორის ბევრის დაწერა მოასწრო - 1834 წლიდან მოყოლებული, დღის სინათლეზე გამოვიდა: „გამქრალი ოცნებანი“ (1837-1839), „ნუსინგენის სახლი“ (1838), „კურტიზანების ბრწყინვალება“ (1838), „კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე“ (1839-1847) და სხვ. ბალზაკი ჩქარობდა, განეხორციელებინა თავისი გეგმა და ვალებიც გაესტუმრებინა. ამასთან ერთად, კვლავ სამეწარმეო საქმიანობის ჟინი არ ასვენებდა - სარდინიაში ვერცხლის მადნის მოპოვებისა და პოლონეთ-საფრანგეთს შორის ხეტყით ვაჭრობის პროექტებს უტრიალებდა. თავდაუზოგავმა შრომამ, გამუდმებულმა უძილობამ და ყავის ჭარბმა სმამ მანამდე რკინისებური ჯანმრთელობა შეურყია.
ბალზაკმა 85 დასრულებული რომანი და მოთხრობა და 50-მდე თხზულების მონახაზი დატოვა; თავისი ნაწარმოებების ფურცლებზე 2000 პერსონაჟი გააცოცხლა, რომლებიც ფრანგი საზოგადოების ყველა ფენას წარმოადგენს, და იმდროინდელი პარიზისა თუ ქვეყნის პროვინციის ცხოვრების ამსახველი ცოცხალი სურათები გადმოგვიშალა.
„მე ვადგენ ბიწიერებისა და სათნოების ინვენტარს... ვხატავ ხასიათებს, აღვნუსხავ საზოგადოების ცხოვრების უმთავრეს მოვლენებს. მე, შესაძლოა, დავწერე ისტორია, რომელიც დავიწყებულია ისტორიკოსების მიერ, სახელდობრ, ზნე-ჩვეულებათა ისტორია“, - წერდა ბალზაკი.
„ჩემი რჩეული მსოფლიოს“ სერიით ონორე დე ბალზაკის რვატომეულში მისი საუკეთესო ნაწარმოებებია თავმოყრილი და მკითხველს, რომელსაც ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი კლასიკოსის გმირებთან შეხვედრის სიხარული ჯერ არ განუცდია, წინ დიდი სიამოვნება ელის.