I
ცეზარი დიდების მწვერვალზე
ზამთრის ღამეებში სენტ-ონორეს ქუჩაზე ფუსფუსი ძალიან ცოტა ხნით წყდება. წარმოდგენებისა და მეჯლისების შემდეგ ეტლები როგორც კი წავლენ-წამოვლენ, ცენტრალური ბაზრისკენ ბოსტნეულით მოვაჭრეთა დინება იწყება ხოლმე. დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სწორედ იმ დროს, როცა პარიზის ხმაურის დიდი სიმფონია მინელდა, ვანდომის მოედანზე მდებარე საპარფიუმერიო დუქნის მფლობელ ბატონ ცეზარ ბიროტოს მეუღლე უეცრად საშინელი სიზმრიდან გამოერკვა. პარფიუმერის ცოლმა თავისი თავი ერთბაშად გაორებული ნახა: ჩამოკონკილი, გაძვალტყავებული, დანაოჭებული ხელით ცდილობდა დუქნის კარი გაეღო, სადაც ვითომ კარის ზღურბლზეც იდგა და თავის ჩვეულ ადგილზეც - სალაროს მაგიდასთან. საკუთარ თავს მოწყალებას სთხოვდა, თავისი ხმა ესმოდა კართანაც და სალაროსთანაც. ქალბატონმა ბიროტომ გადაწყვიტა ქმარი გაეღვიძებინა, მაგრამ ხელმა სიცარიელე იგრძნო. უეცრად თავიდან ფეხებამდე შიშის ჟრუანტელმა დაუარა, თავიც ვეღარ მოაბრუნა, კისერი გაუშეშდა, სული შეუგუბდა და ხმა ჩაუწყდა. ქალი გაინაბა, გადაწეულ ფარდებს უკან მილურსმულივით იწვა თვალებგაფართოებული და ერთ წერტილს უძრავად მისჩერებოდა. თმა ყალყზე დაუდგა, ყურებში შხუილი აუტყდა, გული ეკუმშებოდა და ხშირად უცემდა, ერთიანად სიმწრის ოფლში ცურავდა.
შიში ორგანიზმის თითქმის ავადმყოფური მდგომარეობაა და ისე ძლიერ შეარყევს ხოლმე ადამიანს, რომ უმალ ან უკიდურეს დაძაბულობას იწვევს, ან ძალების სრულ დაცემას. ფიზიოლოგებს დიდხანს არ აძლევდა მოსვენებას ეს ფენომენი, ის მათ თეორიებს უარყოფდა და ყოველგვარ ვარაუდს თავდაყირა აყენებდა. თუმცა შიში ორგანიზმის ელექტრული განმუხტვაა მხოლოდ. ის, როგორც ყველა ელექტრული მოვლენა, უცნაურ, ახირებულ ფორმებს იღებს. ასეთი განმარტება საყოველთაოდ მიღებული მაშინ გახდება, როცა მეცნიერები მიხვდებიან, რაოდენ დიდ როლს ასრულებს ელექტრობა ადამიანის ფსიქიკაში.
ქალბატონ ბიროტოს ელდა ეცა. ეს ერთ-ერთი ის სულიერი რყევა იყო, რომელიც რაღაც გაუგებარი ძალით ასუსტებს ან ძაბავს ნებისყოფას და თითქოს გონებას ნათელს ჰფენს. დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, თუ დროს საათებით გავზომავთ, ხოლო თუ წამიერ შთაბეჭდილებათა რიცხვით ვიმსჯელებთ, მაშინ განუზომლად დიდ დროში, საცოდავმა ქალმა საოცარი სისწრაფით მოიკრიბა გონი, იმდენი რამ გაიფიქრა და მოიგონა, რამდენსაც ჩვეულებრივად მთელ დღეშიც ვერ მოასწრებდა. მისი მტანჯველი უსიტყვო მონოლოგის შინაარსი შეიძლება რამდენიმე უაზრო, ერთმანეთის საწინააღმდეგო თავმოუბმელი სიტყვებით გადმოიცეს.
- ნეტავი რატომ ადგა ბიროტო ღამით? ხბოს ხორცი მეტი ხომ არ მოუვიდა? ცუდად ხომ არ გახდა? არა, ცუდად რომ ყოფილიყო, გამაღვიძებდა. ცხრამეტი წელია ამ საწოლში ერთად გვძინავს ამ ჭერქვეშ და ჯერ არ მინახავს ეს საცოდავი ლოგინიდან ისე ამდგარიყო, რომ ჩემთვის არ ეთქვას! ეგ იყო, მაშინ არ ათევდა ღამეს შინ, როცა კორდეგარდიაში მორიგეობდა. ვაითუ, სულაც არ დაწოლილა დასაძინებლად? ოჰ, არა, როგორ არ დაწოლილა, ღმერთო, რა სულელი ვარ!
ქალმა ლოგინს გადახედა და ქმრის ღამის ჩაჩს მოჰკრა თვალი, რომელსაც კონუსის ფორმა შერჩენოდა.
- ესე იგი, აღარ არის! თავი მოიკლა? რისთვის უნდა ჩაედინა ეს? - ეკითხებოდა ქალი თავის თავს. - აგერ, უკვე ორი წელი სრულდება, რაც მერის თანაშემწედ დანიშნეს და მას შემდეგ თავის ჭკუაზე აღარ არის. აბა რა მაგის საქმე იყო, ქალაქის მმართველობაში რომ აირჩიეს! ვაჭრობა, ეტყობა კარგად მიდის, რადგან წამოსასხამი მაჩუქა. მაინც, იქნებ არც ისე კარგად აქვს საქმე? ასე რომ იყოს, აუცილებლად მეცოდინებოდა, თუმცა, თუ ქალი ხარ მიხვდი, რა უდევთ კაცებს გულში! კაცებსაც და თუნდაც ქალებსაც! მაგრამ მთავარი უბედურება ეს არ არის. დღეს ხომ ხუთი ათასი ფრანკის საქონელი გავყიდეთ. ესეც არ იყოს, მერის თანაშემწეს არ შეუძლია თავს რამე აუტეხოს. სხვამ თუ არა, მან შესანიშნავად იცის, რომ ეს კანონით აკრძალულია. მაშ, სად დაიკარგა?
ქალს ძალა აღარ ჰყოფნიდა ან თავი მოებრუნებინა, ან ხელი ზარის ზონარისკენ გაეწია, რომ მზარეული ქალი, სამი ნოქარი და დამტარებელი ბიჭი გაეღვიძებინა. კოშმარი გაღვიძების შემდეგაც არ გამონელებია, მან მეზობელ ოთახში მშვიდად მძინარი ქალიშვილიც კი დაავიწყა: ბოლოს იყვირა: „ბიროტო!“ არავინ უპასუხა, ქალს ეგონა, ქმარს დავუძახეო, სინამდვილეში კი მხოლოდ გონებაში წარმოთქვა მისი სახელი.
- ვაითუ, საყვარელი ჰყავს? არა, - დაიმშვიდა თავი, - მაგდენი ჭკუა ვინ მისცა, ესეც არ იყოს, ძალიან ვუყვარვარ, განა ქალბატონ როგენს არ უთხრა ამას წინათ, ცოლისთვის გუნებაშიც კი არასოდეს მიღალატიაო. ეს კაცი ზეცით მოვლენილი პატიოსნებაა. თუ ამქვეყნად ვინმე სამოთხეს იმსახურებს, პირველ რიგში - ბიროტოა. მაგალითად, რას მოინანიებს თავის აღმსარებელთან? სულ რაღაც აჭია-ბაჭიები უნდა ილაპარაკოს. მართალია, როიალისტია, მაგრამ ღმერთმა უწყის, როგორ გახდა როიალისტი. არც ღვთისმოსაობას ამჟღავნებს მაინცდამაინც. ეს საწყალი ფინია რვა საათზე ისე ჩუმად მიდის წირვაზე, თითქოს გასართობად მიიპარებოდეს სადმე. ღმერთისა