ნაწილი პირველი: საფარი _ კარი I
VIII წლის პირველ დღეებში, ვანდემიერის დამდეგს, ან ჩვეულებრივი კალენდრით 1799 წლის სექტემბრის ბოლოს, ასიოდე გლეხი და უამრავი ქალაქელი დილით ფუჟერიდან გამოვიდა, მაიენისკენ გაეშურა და ფუჟერიდან ერნემდე, შუა გზაზე, სადაც, ჩვეულებრივ, მგზავრები ისვენებდნენ ხოლმე, პელერინის მთის ფერდობს აუყვა.
სხვადასხვა რაოდენობის ჯგუფებად დაყოფილი ეს რაზმი იმდენნაირი საოცარი სამოსის, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლის, სხვადასხვა ხელობის ადამიანის ისეთ ჯგროს წარმოადგენდა, რომ ზედმეტი არ იქნება, აღვნიშნოთ სხვადასხვა ნიშანი, რათა ჩვენს თხრობას შევძინოთ ის სიკაშკაშე ფერებისა, ახლა ასე რომ ფასობს, თუმცა, ამა თუ იმ კრიტიკოსის აზრით, გრძნობათა აღწერას ვნებს კიდევაც. ზოგიერთი გლეხი, და უმრავლესობა ასეთი იყო, ფეხშიშველი მიაბოტებდა. მათი ერთადერთი სამოსი თხის ტყავი იყო, კისრიდან მუხლამდე რომ უფარავდათ სხეულს და შარვალი, ცუდად დაძახული თეთრი ხამი ტილოსი, იმ მხარეში რეწვის ჩამორჩენილობაზე რომ ღაღადებდა. გრძელი, გაფშეკილი ბუწუწები ისე ჰქონდათ გახლართული თხის ტყავის მატყლში და ისე უფარავდათ მიწისკენ წახრილ სახეებს, იფიქრებდით, ტყავი თხისა კი არა, მათიაო და, ერთი შეხედვით, ეს საცოდავები ის ცხოველები გეგონებოდათ, ვისი ტყავიც მათ სხეულს ფარავდა. მაგრამ თუ დააკვირდებოდით, თმის ბღუჯებს შორის, სქელ სიმწვანეში მობრჭყვიალე ცვარივით თვალებს დაინახავდით, რომელთა გამოხედვა, მართალია, ადამიანის გონიერებას ამჟღავნებდა, მაგრამ უფრო გაფრთხობდათ, ვიდრე გიზიდავდათ. თავზე ყველას წითელი შალის ჭუჭყიანი ქუდები ეფხატა, რაღაცით რესპუბლიკის მიერ იმხანად თავისუფლების ემბლემად შერჩეულ ფრიგიულ ჩაჩს რომ წააგავდა, მხარზე ყველას ნუჟრიანი კომბალი გაედო, რომელზეც ტილოს გძელი, თითქმის ცარიელი აბგა კონწიალობდა. ზოგიერთს ჩაჩზე ნაბდის ფართოფარფლებიანი, შალის ფერადი ძაფის ყაითანმოვლებული ქუდი ეხურა. ყველაფერი ხამისა ეცვათ, მათი თანამგზავრების შარვლებისა და აბგების მსგავსი და ახალ ცივილიზაციასთან შეხების მხოლოდ შეუმჩნეველ კვალს თუ დაინახავდით. მომრგვალებულკალთებიან, გვერდებზე კვადრატულ ჯიბეებიან ძლივს თეძოებამდე რომ სწვდებოდათ, ქურთუკების საყელოს გრძელი თმა ეფინა. ასეთი სამოსი დასავლეთის გლეხებისთვის იყო დამახასიათებელი. გულზე გადაღეღილი ქურთუკების ქვეშ იმავე ტილოს, დიდღილებიანი ჟილეტები მოუჩანდათ. ზოგიერთ მათგანს ფეხზე საბოები ეცვა, ზოგს კი, რომ არ გაჰფუჭებოდა, ხელში ეჭირა ტყავის ფეხსაცმელი. დიდი ხნის ხმარებისგან გაჭუჭყიანებული, ოფლისა და მტვრისაგან გაშავებული ეს კოსტიუმი ზემოთ აღწერილზე ნაკლებორიგინალური იყო, მაგრამ საკუთარი ისტორიული ღირებულება ჰქონდა, გარდამავალი საფეხურივით იყო ბრბოში აქა-იქ გაფანტული და ყვავილებივით მოელვარე რამდენიმე კაცის თითქმის მდიდრული სამოსისკენ. მართლაც, მა-თი ლურჯი შარვლები, წითელი ან ყვითელი ჟილეტები, სპილენძის ორ რიგად ჩამწკრივებული ღილებით კვადრატულ ფარს რომ მოგაგონებდათ, პურის ყანაში გაფანტული ღიღილოებისა და ყაყაჩოების მსგავსად ხვდებოდა თვალს, თეთრ და ბეწვის ტანსაცმელს შორის. ზოგიერთს ფეხზე თვითნაკეთი საბოები ეცვა, ბრეტანელი გლეხები თვითონ რომ ჩორკნიან, მაგრამ უმრავლესობა უხეშ, ნალებდაკრულ ფეხსაცმელს და ძველ ყაიდაზე შეკერილ, ასეთი სასოებით რომ შემოინახეს ჩვენმა გლეხებმა, უხეში მაუდის ხიფთანივით სამოსს ატარებდა. პერანგის საყელო გულის ან ღუზის ფორმის ვერცხლის საკინძით იკვრებოდა. აბგებშიც მეტი რამ ელაგათ, ვიდრე მათ თანამგზავრებს. ამას გარდა, ბევრის სამგზავრო აღჭურვილობაში კისერზე კანაფით ჩამოკიდებული, ალბათ არყით სავსე მათარაც შედიოდა. რამდენიმე ქალაქელი ამ ნახევრად ველურებში უკანასკნელი მოდის ამა თუ იმ ნიშნით გამოირჩეოდა. ეხურათ ქვაბქუდა, დასაკეცი ქუდი-ცილინდრი ან კეპი. ეცვათ გადაკეცილი ჩექმა ან ფეხსაცმელი და გეტრები, მათაც, გლეხებისა არ იყოს, დიდად განსხვავებულად ეცვათ. მათ შორის ასე ათ კაცს ეცვა კარმანიოლის სახელით ცნობილი რესპუბლიკელთა ქურთუკი. სხვებს, უეჭველად მდიდარ ხელოსნებს, თავიდან ფეხებამდე ერთი ფერის მაუდის ტანსაცმელი ემოსათ. ყველაზე დახვეწილები გამოირჩეოდნენ მეტ-ნაკლებად გაქუცული, ლურჯი ან მწვანე მაუდის ფრაკებითა და რედინგოტებით. ეს უკანასკნელნი, სხვადასხვა ფორმის ჩექმებიანი, გამორჩეული პიროვნებები, სქელი ხელჯოხების ქნევით, ბედს შეგუებულებივით მიაბიჯებდნენ. ზოგნი, საგულდაგულოდ დაპუდრული თავებითა და გულმოდგინედ დაწნული ნაწნავით, ერთგვარ დახვეწილობასაც კი ამჟღავნებდნენ, რასაც ახალგამდიდრებულები ან განათლების გზას დამდგარნი იძენენ ხოლმე.
ყველანი, თითქოს გაკვირვებულები იმით, რომ შემთხვევით ასე ერთად აღმოჩნდნენ, შეიძლებოდა საკუთარი კერებიდან ხანძარს გამორიდებულებად ჩაგეთვალათ. მაგრამ დრო და ასეთი თავყრილობის ადგილი სულ სხვა მნიშვნელობას ანიჭებდა ამ დუნდგოს. რაზმი თითქმის მთლიანად იმ ხალხისაგან შედგებოდა, ოთხი წლის წინ რესპუბლიკას რომ ებრძოდა და იმხანად საფრანგეთს რომ აღელვებდა, იმ სამოქალაქო დავებში გარკვეული დამკვირვებელი მაშინვე ამოიცნობდა მოქალაქეთა პატარა ჯგუფს, რომ-ლის ერთგულების იმედიც შეიძლებოდა ქვეყანას ჰქონოდა. საკმაოდ შესამჩნევი უკანასკნელი ნიშანი ააშკარავებდა იმას, რომ ამ ერთად შეყრილ ხალხს განსხვავებული მრწამსი ჰქონდა. მხო-ლოდ რესპუბლიკელები მიაბიჯებდნენ ხალისიანად. დანარჩენები, თუმცა სამოსით დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, გამომეტყველებასა და მოძრაობაში საერთო რაღაცას ინარჩუნებდნენ, რაც, უთუოდ, უბედურების კვალი იყო. ქალაქელებიცა და გლეხებიც, ყველა ერთნაირად მოეცვა ჭმუნვას. მათ მდუმარებაში შეურიგებლობა