ვინ იყო მამა გორიო?
„სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა. იგი სწრაფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი“ - წერს ბალზაკი თავის უდავოდ რეალისტურ შედევრში - „მამა გორიო“, რომელსაც ზოგი „ადამიანურ კომედიას“, ზოგი კი „ადამიანურ ტრაგედიას“ უწოდებს.
მამა გორიო არ არის უბრალოდ მამა, არამედ - მამა-მოწამე, რომელიც მოწყდა თავის საქმეს, უარი თქვა ყოველგვარ პირადულზე და თავი საკუთარ ქალიშვილებს მიუძღვნა. არაამქვეყნიერი სიყვარული შვილებისადმი ბევრ სისულელეს ჩაადენინებს ბერიკაცს. ბალზაკი ზოგჯერ დასცინის, ზოგჯერ ცრემლებს ღვრის გორიოს გამო. და მაინც, რა იყო მამა გორიოს მთავარი შეცდომა? ადამიანის ფსიქოლოგიის გზამკვლევი მწერალი გვიბიძგებს ამ კითხვაზე პასუხი თავად მოვძებნოთ, როგორც ამ ნაწარმოებში, ასევე ჩვენი თუ სხვათა ცხოვრების გაანალიზების შედეგად.
თითქმის ორი საუკუნე გავიდა მამა გორიოს ცხოვრებიდან, მაგრამ იგი კვლავ აქტუალურია, ხოლო ნაწარმოებიდან გამომდინარე კითხვები და მასზე პასუხები მრავალგვარი, ამოუწურავი და მარადიული.
მამა გორიოს გარდა, ამ ნაწარმოებში არანაკლებ მნიშვნელოვანია კატორღიდან გამოქცეული ვოტრენის, პროვინციიდან პარიზში ჩასული ეჟენ დე რასტინიაკის, მდიდარი არისტოკრატიისა თუ ვოკეს საოჯახო პანსიონის მცხოვრებთა ხვედრიც, რომელთაც მწერალი ერთი საზომით უდგება: - „ადამიანი სრულყოფილი არ არის. იგი ხან მეტად, ხან ნაკლებად პირმოთნეა, სულელები კი გაიძახიან, რომ ერთი ზნეობითაა აღსავსე, ხოლო მეორე უზნეოა. „მე მდიდრებს არ ვკიცხავ და უბრალო ხალხსაც არ ვადიდებ: ადამიანი ყველგან ერთნაირია, მაღლაც, დაბლაც, შუაშიც“... (მთარგმნელი )