შაგრენის ტყავი
- თავი პირველი
თილისმა
ბატონ სავარის,
მეცნიერებათა აკადემიის წევრს
1829 წლის ოქტომბრის მიწურულს ერთი ახალგაზრდა კაცი პალე როიალში შევიდა სწორედ იმ დროს, როცა სამორინეები იღება, თანახმად კანონისა, რომელიც მფარველობს ამ არსებითად დასაბეგრავ ადამიანურ გატაცებას. მან თითქმის უყოყმანოდ აიარა იმ სამორინის კიბე, რომელიც 36 ნომრით იყო აღნიშნული.
- ბატონო, თქვენი ქუდი მიბოძეთ, - დაუძახა მას მკვახე ხმით ჩია, ფერმკრთალმა ბერიკაცმა, რომელიც იჯდა მოაჯირის იქით, ბნელ კუთხეში, და უცებ წამოდგა, რათა თავისი უჯიშო სახე გამოეჩინა.
როცა სამორინეში შედიხართ, კანონი, უწინარეს ყოვლისა, ქუდს გართმევთ. რა არის ეს? სახარებისა და განგების იგავი? თუ ეს საშუალებაა ჯოჯოხეთური ხელშეკრულების დადებისა, რომელიც თქვენგან ერთგვარ საწინდარს მოითხოვს? ან, შეიძლება, ქუდი იმისათვის უნდა მოიხადოთ, რომ მოკრძალებით მოეპყროთ იმათ, ვინც ფულს მოგიგებთ? ან, შეიძლება, პოლიციას, რომელიც საზოგადოების ყველა ხვრელში ძვრება, სურს თქვენი მექუდის ან საკუთრივ თქვენი სახელი გაიგოს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იგი წააწერეთ სარჩულზე? დაბოლოს, ისიც შეიძლება, რომ ეს თქვენი თავის ქალის გასაზომად ხდებოდეს, რათა საგულისხმო სტატისტიკა შეადგინონ მოთამაშეთა ნიჭსა და ტვინის მოცულობაზე. ამ საგანზე სამორინეთა გამგეობა სრულიად დუმს. მაგრამ იცოდეთ - საკმარისია ერთი ნაბიჯი გადადგათ მწვანე მაუდისაკენ და არათუ თქვენი ქუდი, თქვენი თავიც აღარ გეკუთვნით: თქვენ მთლიანად თამაშში ხართ გადავარდნილი თქვენი ქონებით, თავსაბურავით, ჯოხითა და წამოსასხამით. გარეთ გამოსვლის წინ თამაში ერთგვარი მოქმედი მკაცრი ეპიგრამის შემწეობით გიჩვენებთ, თუ კიდევ რამეს გიტოვებთ თქვენი ავლადიდებიდან. ესეცაა, რომ, თუ თქვენ ახალი თავსაბურავი გაქვთ, იაფი დაგიჯდებათ იმის გაგება, რომ მოთამაშის შესაფერი ტანისამოსი უნდა შეიძინოთ.
როცა ახალგაზრდა კაცმა თავისი, ცოტა არ იყოს, გაცრეცილი ქუდის მაგივრად ნომერი მიიღო, სახეზე გაკვირვება გამოეხატა, რაც მის მიამიტობას მოწმობდა; ხოლო ჩია ბერიკაცმა, რომელსაც, უეჭველია, ახალგაზრდობიდანვე გული გაქვავებოდა მოთამაშეთა მღელვარე ცხოვრების ცქერით, მას მქრქალი და უსიცოცხლო თვალით შეხედა. ამ შეხედვაში ფილოსოფოსი საავადმყოფოს სიდუხჭირესაც დაინახავდა, გაძარცული ადამიანის ხეტიალსაც, ოქმებსაც თავისმკვლელთა შესახებ, სამუდამო კატორღაში გაგზავნილთა მუშაობასაც, გვაზაკოალხოზე გადასახლებასაც. ეს მოგრძო თეთრსახიანი ბერიკაცი, რომელიც, როგორც ეტყობოდა, მხოლოდ დარსეს ჟელატინის წვენით იკვებებოდა, უაღრესად გამარტივებული ვნებათაღელვის მკრთალ გამოხატულებას წარმოადგენდა. მის ნაოჭებში წარსულ ტანჯვათა კვალი დარჩენილიყო. ეტყობოდა, თავის ჯამაგირს მიღების დღესვე მწვანე მაგიდაზე დებდა. თითქოს მათრახს შეჩვეული ჯაგლაგი ცხენი ყოფილიყოს, მას აღარაფერი აღელვებდა: იგი ყოველთვის გულგრილად ხვდებოდა წაგებულთა ყრუ კვნესას, მათ უსიტყვო წყევლა-კრულვას, მათ უაზრო შემოხედვას. იგი თვით ხორცშესხმული თამაში იყო. ახალგაზრდა კაცს რომ კარგად შეეთვალიერებინა ეს ბეჩავი ცერბერი, შეიძლება თავისთვის ჩაელაპარაკა, მას გულში არაფერი აქვს, გარდა ერთი დასტა სათამაშო ქაღალდისაო. მაგრამ უცნობმა ყური არ დაუგდო ცოცხალ რჩევა-დარიგებას, რომელიც, უეჭველია, განგებას დაეყენებინა აქ, როგორც გულისრევასა და ზიზღს აყენებს ყოველი ცუდი ადგილის შესასვლელში. უცნობი უყოყმანოდ შევიდა დარბაზში, სადაც ოქროს წკრიალი ნდომით აცახცახებულ გონებაზე დამათრობელ და მომხიბლავ გავლენას ახდენდა. ალბათ, ამ ახალგაზრდა კაცს წინ უბიძგებდა ჟან-ჟაკ რუსოს ერთი უმჭევრმეტყველესი ფრაზის ლოგიკა, რომლის სევდიანი აზრი, მგონია, ასეთი უნდა იყოს: დიახ, მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა თავის თავსა და სიკვდილს შორის იგი არაფერს ხედავს, გარდა თავისი უკანასკნელი ხუთფრანკიანისა.
საღამოთი სამორინეების პოეზია, ცოტა არ იყოს, მდარე ხარისხისაა, მაგრამ მისი გავლენა უზრუნველყოფილია ისევე, როგორც უზრუნველყოფილია გავლენა სისხლიანი დრამისა. დარბაზები სავსეა მაყურებლებითა და მოთამაშეებით, ბეჩავი ბერიკაცებით, რომელნიც აქ გასართობად მოსულან, აღელვებული სახეებით, ორგიებით, რომელნიც ღვინოში დაწყებულან და მზად არიან, სენაში დამთავრდნენ. მართალია, აქ ვნებათაღელვა ბობოქრობს, მაგრამ მსახიობთა სიმრავლე ხელს გიშლით პირისპირ შეხედოთ თამაშის დემონს. ეს საღამო ნამდვილი ანსამბლია, სადაც მთელი დასი ყვირის, სადაც ორკესტრის ყოველი საკრავი თავის ჰანგს უკრავს. თქვენ იქ შეხვდებით მრავალ პატივსაცემ ადამიანს, რომელნიც გასართობად მოსულან და ამისათვის ფულს იხდიან, როგორც გადაიხდიდნენ თეატრის წარმოდგენისთვის ან პირის გემოს დასაკმაყოფილებლად, ან მანსარდაში ავიდოდნენ, რათა იქ იაფად ეყიდათ სიყვარული და მწველი სინანული, სამიოდე თვის საგზალი. მაგრამ გესმით თუ არა, რა ცახცახითა და ვაჟკაცური სიმტკიცით უნდა იყოს გამსჭვალული ადამიანის სული, რომელიც მოუთმენლად ელის სამორინის გაღებას? დილის მოთამაშესა და საღამოს მოთამაშეს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც დაუდევარ ქმარსა და საყვარელს შორის, რომელიც იბნიდება თავისი მზეთუნახავის ფანჯრის ქვეშ. მხოლოდ დილით მჟღავნდება მთრთოლარე ვნებათაღელვა და შემაძრწუნებლად გაშიშვლებული გაჭირვება. ამ დროს შეგიძლიათ ნამდვილი მოთამაშის ცქერით დატკბეთ. მას