ნაწილი მესამე
მოლიპულ გზაზე მეორე დღეს, დილის ექვს საათზე, „ფორსიდან“ გამოვიდა ორი ფორანი, რომელსაც ხალხი ხატოვნად „სალათის გოდორს“ უწოდებს, და სწრაფად გაემართა მართლმსაჯულების სასახლის „კონსიერჟერისკენ“.
შეუძლებელია, უქმად მოყიალეებს ამ მოძრავი ციხისთვის თვალი არ მოეკრათ. თუმცა წიგნები უმეტესად პარიზელებისთვის იწერება, უცხოელები, უეჭველია, მაინც კმაყოფილნი დარჩებიან ჩვენი სისხლის სამართლის დამნაშავეთათვის განკუთვნილი შემზარავი ფორნის აღწერით. ვინ იცის, რუსეთის, გერმანიის ან ავსტრიის პოლიციამ, ან იმ ქვეყნის მართლმსაჯულების ორგანოებმა, რომელთაც ამგვარი „სალათის გოდორი“ არ გააჩნიათ, იქნებ მოგვბაძონ და აღიჭურვონ ტრანსპორტის ამ დიდებული სახეობით, რაც მრავალ უცხო ქვეყანაში პატიმრებს უთუოდ გააბედნიერებს.
ეს ყვითელძარიანი, ყოვლად ამაზრზენი კარეტა ორთვალაა. შიგნით თუნუქი აქვს გამოკრული და ორად არის გაყოფილი. წინა მხარეს ტყავის სკამია, ტყავისავე წინსაფრით. ეს „სალათის გოდრის“ ღია ნაწილი გახლავთ. შიგ ბოქაულები და ჟანდარმები სხდებიან. ამ თავისებურ კაბრიოლეტს ჩატანებული აქვს რკინის ცხაური, რომლის იქით, ძარაში, მეორე განყოფილებაა. როგორც ომნიბუსში, ძარის ორივე მხარეს ხის თითო მერხი დგას და ზედ პატიმრები სხდებიან. ისინი შემოჰყავთ ძარის ზურგში ჩატანებული ყრუ კარიდან, რომელიც შიგნით იღება. თავდაპირველად, ფორანს კედლები არ ჰქონდა და რკინის ცხაურის ზემოთ პატიმართა თავები მოჩანდა, ფორნის ჯაყჯაყში სალათივით აქეთიქით რომ ყანყალებდნენ. სწორედ ამიტომ შეარქვეს „სალათის გოდორი“. როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ფორანს ცხენზე ამხედრებული ჟანდარმიც მოსდევდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სიკვდილმისჯილი სასჯელის მოსახდელად მიჰყავდათ. ასე და ამგვარად, გაქცევაზე ფიქრიც შეუძლებელი იყო. თუნუქგამოკრულ ფორანს არავითარი იარაღი არ მიუდგება. დაპატიმრებისას და ციხეში შეყვანისას პატიმარს გულმოდგინედ ჩხრეკენ და მას, ბევრიბევრი, ხელში საათის ზამბარა შერჩეს, რითაც ფანჯრის მესრის გადახერხვას იქნებ კიდეც შეძლებს, მაგრამ გლუვ ზედაპირს ვერაფერს დააკლებს. ჰოდა, პარიზის პოლიციის გენიოსის მიერ გაუმჯობესებული ნიმუში, ბოლოს და ბოლოს, ციხემაც გადაიღო და ის შეიქნა წინამორბედი იმ კარეტისა, რომლითაც ახლა კატორღელები გადაჰყავთ და რომელმაც შეცვალა წინა საუკუნეების ცივილიზაციის შემარცხვენელი შემაძრწუნებელი ფორანი, თუმცა კი მას მანონ ლესკომ სახელი გაუთქვა.
დედაქალაქის სხვადასხვა საპატიმროდან გამოძიებაში მყოფნი მართლმსაჯულების სასახლეში დასაკითხად „სალათის გოდრით“ გადაჰყავთ. დაკითხვას სასამართლოს გამომძიებელი აწარმოებს. ციხის ჟარგონით ამ პროცესს „ჭკუის სასწავლებლად გამგზავრებას“ უწოდებენ. ასევე მიჰყავთ ბრალდებულნი ციხიდან მართლმსაჯულების სასახლეში, სასამართლოზე, თუ საქმე უბრალოდ გამასწორებელ სასჯელს ეხება; ხოლო თუ საქმე ეხება, ამ სასახლის ენით რომ ვთქვათ, დიდ ბოროტმოქმედებს, ისინი რაიონული საპატიმროებიდან სენის დეპარტამენტის საპყრობილეში, „კონსიერჟერიში“ გადაჰყავთ. დაბოლოს, სიკვდილმისჯილნი ასევე „სალათის გოდრით“ „ბისეტრიდან“ სენჟაკის კარიბჭესთან მიჰყავთ, რაც ივლისის რევოლუციის შემდეგ სიკვდილით დასასჯელ ადგილად დარჩა. კაცთმოყვარეობის კარნახით ამ უბედურ დღეზე გაჩენილთ უწინდებურად აღარ აწამებენ და „კონსიერჟერიდან“ გრევის მოედნამდე აღარ გადაჰყავთ შეშის ურმის მსგავსი ფორნით, რასაც დღეს მხოლოდ ეშაფოტის გადასატანად ხმარობენ. ამ ახსნაგანმარტების გარეშე ვერ გავიგებდით, თუ რას ნიშნავდა სიტყვა, რაც ერთმა სახელოვანმა სიკვდილმისჯილმა თავის თანამზრახველს „სალათის გოდორში“ ასვლისას უთხრა: „ახლა ყველაფერი ცხენებზეა დამოკიდებული!“ არსად ისე კომფორტულად არავინ მიდის უკანასკნელი სასჯელის მოსახდელად, როგორც თანამედროვე პარიზში.
ახლა კი სისხამ დილას გამოსული ორი „სალათის გოდორი“ „ფორსის“ საპყრობილიდან „კონსიერჟერიში“ მიემართებოდა მხოლოდ და მხოლოდ ორი ბრალდებულის გადასაყვანად და თითოეული მათგანისთვის თითო „სალათის გოდორი“ გამოეყოთ.
მკითხველთა ცხრა მეათედი და უკანასკნელი მეათედის ცხრა მეათედი, ცხადზე უცხადესია, არ იცნობს იმ უდიდეს განსხვავებას, რაც არსებობს ქვემოჩამოთვლილ სიტყვებს შორის: პასუხისგებაში მიცემული, ძიებაში მყოფი, ბრალდებული, პატიმარი, საპატიმრო სახლი. ყველა მათგანს უეჭველად გაუკვირდება, როცა მოვახსენებთ, რომ საქმე ეხება ჩვენს სისხლის სამართლის კანონმდებლობას და შევეცდებით მოკლედ და ნათლად გავაცნოთ ეს საკითხი, რაც წინამდებარე ისტორიის კვანძის გახსნასაც შუქს მოჰფენს. ესეც არ იყოს, როცა მკითხველი შეიტყობს, რომ პირველ გოდორში იჯდა ჟაკ კოლენი, მეორეში კი ლუსიენი, რომელიც რამდენიმე საათში სოციალური მდგომარეობის მწვერვალებიდან საპატიმროს ჯურღმულში ჩაეშვა, დიდი ცნობისმოყვარეობა აღეძვრება. ორი თანამზრახველის თავდაჭერა მათ ხასიათს შეესაბამებოდა. ლუსიენ დე რუბამპრე ემალებოდა გამვლელთა თვალს, ხარბად რომ უჭვრეტდნენ პირქუშსა და საბედისწერო კარეტას, რომელიც სანაპიროებისკენ მიემართებოდა სენტანტუანისა და მარტრუას ქუჩების მხრიდან და „ოტელ დე ვილის“ მოედანი რომ გადაეკვეთა, სენჟანის თაღის ქვეშაც უნდა გაევლო. დღეს ეს თაღი გახლავთ შესასვლელი სენის პრეფექტურაში, რომელიც მუნიციპალიტეტის ვეებერთელა სასახლეშია განთავსებული. უშიშარ კატორღელს კი ფორნის ცხაურზე მიედო ცხვირი და ქუჩას თვალს არ აცილებდა. იჯდა ბოქაულსა და ჟანდარმს შორის, რომლებიც არხეინად მასლაათობდნენ და გული საგულეს ჰქონდათ, იცოდნენ, რომ „სალათის გოდრიდან“ ვერავინ დაიძვრენდა თავს.
1830 წლის ბობოქარმა დღეებმა თავისი გრუხუნით ისე გააყრუა ყველა, რომ ვისღა