კონკურენცია
საფრანგეთში ზაფხული ოფიციალურად 21 ივნისს იწყება. ეს დღე პარიზმა დიდი წვიმით აღნიშნა. მთელი დღე წვიმდა, თითქოს გაზაფხულის გეგმა აქვს შესასრულებელი, რაც ვერ მოასწრო, ერთ დღეში უნდა რომ ჩასტიოსო. პარიზელებისთვის სულაც არ არის გასაკვირი. „O, là, là! ზაფხული იწყება და წვიმებიც იწყება“ - გაიფიქრა ფიმ და კაფეს შეაფარა თავი.
კაფე „ფლორის“ ღია ტერასაზე Art Déco-ს თანამედროვე ვერსიის პლასტმასის ფარდის ქვეშ, შუქნიშნის მარცხნივ, ველიბის, ამ უკანასკნელი მოდის პარიზული ატრაქციონის, მაყურებელი და მიმსალმებელი აღმოჩნდა ფი, ისევე როგორც ღია ტერასების ყველა დანარჩენი კლიენტი.
თუკი ტერასაზე ზიხარ, აუცილებლად ტკბები ძირითადად ასაკიანი ქალებით მოფრიალე ნაცრისფერი, 22-კილოიანი ველიბებით.
პარიზის მერი ბერნარ დელანოე ყველა დეტალზე ზრუნავს. ამ შემთხვევაშიც არ უმტყუნა ფარულმა ესთეტიზმმა. ქუჩების სამანქანო გზის ნაწილი გაბმული თეთრი ხაზით გამოყო და დაუთმო ველოსიპედის მოყვარულებს. მარცხენა სპეცხაზი ველიბებს იცავს ავარიებისგან, თან ტერასებზე მჯდომარე ყავის და ლუდის მსმელებს უფასო სანახაობას სთავაზობს.
ეს ეფექტი პარიზელმა ქალებმა სიამოვნებით დააფიქსირეს. იშვიათია ქალი შარვლით ველიბზე, ან ძალიან მოკლე კაბა უნდა ეცვას, ან ძალიან ფრიალა, რომ სატერფულების ტრიალისას, ვითომ შემთხვევით, კარგად გამოჩნდეს ქვედა საცვალი „ო?!“ ხომ ცნობილია, ყველა ქალი, სანამ საზოგადოებაში გავა, ან სხვა ინდივიდის წინ წარსდგება, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას. შინიდან ან ტუალეტიდან გამოსვლისას ერთხელ კიდევ სარკისკენ თვალის გაპარება, მაღაზიის ვიტრინის სარკედ გამოყენება, ვითომ მანეკენის კაბით არის მოხიბლული... და უცებ ასეთი საცვლის „შემთხვევითი” ჩვენება?.. არავინ ჭამს, რომ შემთხვევითია, ესეც ფრანგული სიკეკლუცეა, როგორც ვითომ შემთხვევით ჩამოვარდნილი კულონი, როგორც ვითომ ქმრის ერთგულება... ეს ველიბი პირდაპირ ხსნა არის, თორემ პარიზელების ფანტაზიას კრიზისის ნიშნები გაუჩნდებოდა.
ფიმ გარშემო მიმოიხედა, არავინ წუხს. პირიქით, აღნიშნა კიდეც, რომ მამაკაცები რაც უფრო უყურებენ ასეთ დემონსტრაციას, მით უფრო გარბწყინებული და კარგი მოსაუბრენი არიან... უფრო მეტ ხანს ყოვნდებიან ტერასაზე, „ერთი ლუდი და კიდევ ერთი“...
„ჩემი კონკურენცია მიდის. ასაკი ხომ მთავარი კონკურენციაა, ახლა ამას ფარული ეგზიბიზიონიზმი ემატება“. დროა, რაღაც მოიფიქროს. უნდა ჩართოს თავისი ექსტრავაგნტული ფანტაზია, უნდა დაუმტკიცოს თავის თავს და ზოგიერთებსაც, რომ ისევ წინა რიგებშია.
რამდენიმე დღე და L.B.-ს ვერნისაჟია. ფი, როგორც ჟურნალისტი და მეგობარი დაპატიჟებულია, თან ახალ ასისტენტს წაიყოლებს. კარგი კუნთები აქვს, პროტეინებით გამოკვებილი ყმაწვილებისგან გამოირჩევა პაულო კოელიოს სიყვარულით, შეუძლია მისი ზეპირი ციტირება ყავის დასალევი შესვენების დროს.
ფი ორმოცდახუთ წელს უახლოვდება. ციფრი ციფრად, ხასიათი ხასიათად, სექსი სექსად... განსხვავებას გრძნობს, უფრო თამამია, უფრო ავანტიურისტია. ვერნისაჟის საღამოს შინ დაპატიჟა კუნთმაგარი, თხუთმეტი წლით მასზე ახალგაზრდა ასისტენტი. ფი მას გამჭვირვალე ხალათით შეხვდა, მთელი მისი შიშველი სხეული მოჩანდა. ჯანმრთელი ასისტენტი გულგრილი ვერ დარჩა ასეთი სანახაობით, მაგრამ დადგმულ სპექტაკლში მხოლოდ მაყურებელი აღმოჩნდა. ფიმ ჯერ კარგად დაანახა თავისი სხეულის სექსუალური მომხიბლველობა, რაშიც არავითარი ვულგარულობა არ იგრძნობოდა, შემდეგ კი შენელებული მოძრაობით შიშველ სხეულზე შავი კაბა გადაიცვა. არავითარი სექსი, არავითარი ფლირტი, უბრალოდ სავიზიტო ბარათი მიაწოდა და შეიგრძნო მხოლოდ საშინელი აღტაცება და პატივისცემა თავისი ერთგული ასისტენტისგან, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მათი თანამშრომლობისთვის.
ამ საღამოს, ეს იყო წყვილი, რომელიც სიშიშვლის საიდუმლოებას ინაწილებდა. ფიმ ცივი შამპანური კმაყოფილი ღიმილით მოსვა: „ველიბისტ ეგზიბიზიონისტ ქალებზე რევანში აღებულია“ და გახედა ახალგაზრდა ასისტენტს.
ფარული ფლირტი ნაადრევად შეწყდა. როგორც ყველა ისტორიას აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, ესეც მალე დასრულდა. ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, ბუნებამ იძალა.
როგორც ყოველდღე, ფიმ გაბრწყინებულმა, კმაყოფილმა შემოანათა თავისი ოფისის სართულზე. ყველანი ჩვეულებრივად ხვდებიან, „როგორ არ იცვლება არაფერი“ - გაფიქრება ვერ დაასრულა, რომ თავისი კაბინეტის წინ კატალოგის გაფითრებული მოდელი დახვდა. იგი, ალბათ, ორმოციოდე კილოს იწონიდა. ჯერ არ შეიმჩნია, გვერდით ჩაუარა, ხელჩანთა თავის სამუშაო მაგიდაზე დააგდო, მაინც ინტერესმა დასძლია და თავი თითქმის შეუმჩნევლად მოატრიალა, რომ კარგად შეეთვალიერებინა. სად წავიდა მისი კუნთმაგარი ასისტენტი? სად გაქრა? „თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება ასისტენტების გამოცვლა, შემდეგი საბავშვო ბაღიდან უნდა მოვიდეს“ - თქვა თავისთვის ხმამაღლა. აიღო წვრილად გათლილი შავი ფანქარი, კითხვის გამომხატველი თვალებითა და ხელოვნური ღიმილით მიადგა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ძალიან სერიოზულად ალაგებდა თავის მაგიდას. ფიმ ფანქარი კბილებს შუა მოიქცია, შემდეგ მარცხენა ხელის თითებში გაათამაშა, მარჯვენა ხელი გაუწოდა კითხვის გამომეტყველებით:
- ეი! თქვენ?
- ა, - წამოხტა ქალი, ხელი ჩამოართვა, - გამარჯობა, მე თქვენი ახალი ასისტენტი ვარ, გუშინ დამირეკეს, გამახარეს. დროებით მაგრამ... აი, ასეთი სამსახური შემომთავაზეს.